ახალი ამბები

ხელისუფლებისთვის არასამთავრობოების მიმართ აგრესიის ტალღას სიკეთე არ მოაქვს – ლომჯარია

10 ოქტომბერი, 2018 • 1391
ხელისუფლებისთვის არასამთავრობოების მიმართ აგრესიის ტალღას სიკეთე არ მოაქვს – ლომჯარია

“მინდა ვთქვა, რომ არცერთი ხელისუფლებისთვის მსგავსი ტიპის კამპანიასა და აგრესიის ტალღას არასამთავროებების მიმართ ნამდვიალდ არ მოუტანია სიკეთე. პირიქით, ვიტყოდი, რომ რაც უნდა აკრიტიკონ ეს სექტორი, რომელიც ხმამაღლა და გაბედულად საუბრობს პრობლემებზე, ეს პრობლემები არ იკარგება და ნამდვილად არ ქრება,” – ასე ეხმაურება სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მთავრობის წარმომადგენლების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკას.

აღნიშნული ნინო ლომჯარიამ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა და დასძინა, რომ არასამთავრობო ოგანიზაციების დანიშნულება სწორედ ის არის, რომ პრობლემებზე პირველად და ხმამაღლა ისაუბრონ.

ბოლო პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციებს ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი, მათ შორის ირაკლი კობახიძე, აკრიტიკებს. სწორედ პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დირექტორს, ნიკა გვარამიას “ხემოცარული ფაშისტი” უწოდა და გააკრიტიკა არასამთავრობო ორგანიზაციები იმის გამო, რომ “მკვეთრი პოზიცია ნიკა გვარამიას ფაშისტურ განცხადებასთან დაკავშირებით” ვერ მოისმინა.

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა და განმარტა, რომ მათ წინააღმდეგ აგრესიული რიტორიკა გრძელდება.

“ამ განცხადებების მთავარი სამიზნე არასამთავრობო სექტორი იყო და ძალიან ვწუხვარ, რომ მოვლენების ასე განვითარებას ვადევნებთ თვალს. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ პოლიტიკური პარტიები ერთმანეთთან არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით იბრძვიან. სამიზნედ ირჩევენ არა ერთმანეთს, არამედ ცდილობენ, რომ ან ჩაითრიონ არასამთავრობოები, ან მათი დისკრედიტაცია ეცადონ.

ნამდვილად ვიტყოდი, რომ საქართველოში განსაკუთრებულად ძლიერი და გამორჩეული არასამთავრობო სექტორი არის. ის სამაგალითო და მისაბაძია ევროპისთვისაც. მე არ ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის თავდასხმები დააკნინებს ან დაასუსტებს ორგანიზაციებს, პირიქით, ვფიქრობ, რომ უფრო გააძლიერებს. პირველ რიგში კი  ზიანდება ჩვენი ქვეყანა და განცხადების ავტორები. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემს ყოფილ კოლეგებს ასეთი აგრესიის ატანა უწევთ. ეს არიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ იმიტომ აკეთებენ თავიანთ საქმეს, რომ ქვეყნის მომავლისთვის უკეთესი სურთ,” – ამბობს სახალხო დამცველი.

მთავრობის წევრებისა და მათ შორის კობახიძის კრიტიკა 13 არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ მას შემდეგ დაიწყო, რაც არასამთავრობოებმა “ომეგა ჯგუფზე” განცხადება გაავრცელეს.  ამ განცხადებაში NGO-ები წერენ, რომ “ომეგა ჯგუფის” გარშემო განვითარებული მოვლენები მიუთითებს არაფორმალური მეთოდებითა და კრიმინალების დახმარებით მმართველობაზე.

“ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ძალიან მწვავედ დააყენეს კორუფციული საკითხები დღის წესრიგში. განგაშის საფუძველი ნამდვილად არსებობს იმიტომ, რომ ნებსიმიერ გამოვლინებას ან ვარაუდს, რაც კორუფციას უკავშირდება, სერიოზული რეაგირება სჭირდება. კორუფცია ის საკითხია, რომელიც ნეგატიურ ასახვას ჰპოვებს ყველა სხვა სფეროზე,” – ამბობს ლომჯარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი