პარლამენტთან სარალიძის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

პარლამენტთან, სადაც ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძისა და პანკისის ხეობაში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, დაპირისპირება მოხდა.

როგორც თვითმხილველები და თავად ზაზა სარალიძე ფეისბუკის ლაივ ვიდეოში ყვებიან, მათ პარლამენტის წინ არსებულ კარავთან ბანერების მიდგმა უნდოდათ, რისი უფლებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.

სარალიძისა და მაჩალიკაშვილის მხარდამჭერები ყვებიან, რომ პოლიციის წარმომადგენლებმა მათზე იძალადეს და ბანერები დაუხიეს, თუმცა აღნიშნულს ამავე ვიდეოში პოლიცია უარყოფს.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა ერთ-ერთი თვითმხილველს, რომელმაც ვრცელ კომენტარზე უარი განაცხადა, თუმცა გვითხრა, რომ 23.00 საათისთვის ადგილზე პოლიცია მობილიზებული არ არის. მათივე თქმით, შეხლა-შემოხლის დროს ერთი პირი დაშავდა. ნეტგაზეთმა აღნიშნულთან დაკავშირებით მიმართა შსს-ს , მათი პასუხის მიღებისთანავე ინფორმაცია განახლდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან