ახალი ამბები

PACE-ს მომხსენებელმა სადავო რეზოლუცია გაიწვია

9 ოქტომბერი, 2018 • 1650
PACE-ს მომხსენებელმა სადავო რეზოლუცია გაიწვია

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პლენარულ სხდომაზე არ შედგა სადავო რეზოლუციის კენჭისყრა, რომელიც რუსეთის დელეგაციისთვის ხმის უფლების აღდგენას უზრუნველყოფდა.

მომხსენებელმა სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეების ჯგუფიდან პეტრა დე სუტერმა აღნიშნა, რომ საკითხის პოლიტიზების გამო დღევანდელ პლენარულ სხდომაზე რეზოლუციის პროექტის ობიექტურად განხილვა შეუძლებელი გახდა. მან გამოიყენა მომხსენებლის უფლებამოსილება და რეზოლუციის პროექტის განხილვა საკომიტეტო მოსმენის ეტაპზე დააბრუნა.

შესაბამისად, ამ საკითხს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა სავარაუდოდ 2019 წლის იანვრის პლენარულ სესიაზე დაუბრუნდება.

“საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაძლიერების” შესახებ რეზოლუციის პროექტი საკამათო გახდა იქიდან გამომდინარე, რომ ის სანქციების იმპლემენტაციის და გაგრძელების მექანიზმს ართულებდა, რაც თავის მხრივ, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მოხსნის შესაძლებლობას იძლეოდა. სტრასბურგში მიმდინარე საშემოდგომო სესიის ფარგლებში დებატები სწორედ იმის თაობაზე წარიმართა, უნდა დაუშვას თუ არა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მოხსნა მაშინ, როდესაც მოსკოვს ნაკისრი ვალდებულებები არ შეუსრულებელია.

სხდომაზე ხმაური მოჰყვა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ტორბიორნ იანგლანდის გამოსვლას, რომელმაც დეპუტატებს კონსენსუსისკენ მოუწოდა. დეპუტატების ნაწილი გენერალურ მდივანს რუსეთის ლობირებაში ადანაშაულებს და მას სიტყვა რამდენჯერმე გააწყვეტინეს.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაში მონაწილეობს საქართველოს დელეგაციაც, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით. ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთისთვის სანქციების მოხსნაზე და არა ზოგადად სანქციების მექანიზმის გაუქმებაზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, რაც მოსკოვი უკრაინისა და საქართველოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკიც და დეპუტატებს მოუწოდა, არ დაუშვან შეცდომა რეზოლუციის მხარდაჭერით.

რუსეთის დელეგაციას PACE-ში ხმის მიცემის უფლება 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შედეგად შეუჩერდა. ამის შემდეგ რუსეთმა საერთოდ უარი თქვა საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობაზე და ევროპის საბჭოს დაფინანსებაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი