ძარცვასა და გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებულს 8 წლით პატიმრობა მიესაჯა

დღეს, 9 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ძარცვასა და გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებულ კაცს სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. დანაშაული ახალი წლის დღეებში თბილისში მოხდა.

სასამართლოში პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით, 2018 წლის 2 იანვარს, ღამის საათებში, განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევმა ე.კ-მ თბილისში თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით თ.ხ. წააქცია და მისი გაუპატიურება სცადა. მტკიცებულებების მიხედვით, დაზარალებული ქალის მიერ წინააღმდეგობის გაწევის შედეგად ე.კ-მ განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა, რის შემდეგაც თ.ხ-ს ჩანთა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ე.კ 4 იანვარს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, მე-3 ნაწილის “ბ” და “დ” ქვეპუნქტებით (ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით, არაერთგზის), 19-137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გაუპატიურების მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.