ახალი ამბები

რუკაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით გამოსახვა დაისჯება – კანონპროექტი

9 ოქტომბერი, 2018 • 17414
რუკაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით გამოსახვა დაისჯება – კანონპროექტი

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი გეგმავს, პარლამენტს კანონპროექტი წარუდგინოს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით მომზადებული რუკების დამზადება, დაბეჭდვა, გავრცელება, ექსპორტი/იმპორტი და რეკლამირება, სისხლის სამართლის დანაშაული გახდება.

როგორც სესიაშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრა, მსგავსი რუკების მომზადება რუსული პროპაგანდის ნაწილია, მსგავსი შემთხვევები ადრეც მომხდარა და მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მსგავსი ფაქტების თავიდან ასაცილებლად საკანონმდებლო ჩარჩო უნდა შეიქმნას:

“სამწუხაროდ, რუსეთი ცდილობს, რომ თავისი პროპაგანდის ნაწილად გამოიყენოს რუკების დამახინჯება და ამით გარკვეული ფსიქოლოგიური თუ მორალური ზემოქმედება მოახდინოს ადამიანებზე. რამდენიმე სამწუხარო ფაქტი დაფიქსირდა, როცა ქვეყნის ტერიტორიაზე აღმოჩნდა ასეთი რუკები. უნდა ვიფიქროთ, რომ მსგავსი პროპაგანდისტული მანქანა სამომავლოდ, შესაძლოა, კვლავაც ამოქმედდეს. მით უმეტეს, ტურისტებისთვის მიმზიდველი ქვეყანა ვართ და შეიძლება, ეს ფაქტორი გამოიყენონ. ეს კანონპროექტი სწორედ ამიტომ მოვიფიქრე”, – ამბობს დეპუტატი.

სესიაშვილის თქმით, რუკაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით გამოსახვა ჯარიმას ან 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას უნდა ითვალისწინებდეს, თუმცა, როგორც ის ამბობს, მას შემდეგ, რაც კანონპროექტს პარლამენტს წარუდგენს და დეპუტატების აზრს მოისმენს, შეიძლება, სასჯელის ზომა შეიცვალოს.

როგორც დეპუტატი “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, სანქციებს უცხოური კომპანიებიც დაექვემდებარებიან:

“ამიტომ მაქვს მუხლის დეფინიციაში, რომ მისი იმპორტი ან ექსპორტი აკრძალულია, გავრცელება აკრძალულია. ასევე, ის კომპანიები, რომლებიც ასეთ რუკებს დაბეჭდავენ და გაფრთხილების მიუხედავად გააგრძელებენ მსგავს საქმიანობას, ვისარგებლებთ ოკუპაციის შესახებ კანონით და ასეთ კომპანიებს შევუზღუდავთ ჩვენს ქვეყანაში ბიზნესსაქმიანობას”, – ამბობს სესიაშვილი.

დეპუტატის თქმით, კანონპროექტს პარლამენტს განსახილველად ერთი კვირის ვადაში წარუდგენს.

საქართველოს რუკა ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე, ბათუმში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი