ახალი ამბები

ენმ უცხოელებისთვის ბინადრობის ნებართვის და არალეგალური იმიგრაციის გამკაცრებას ითხოვს

9 ოქტომბერი, 2018 • 2320
ენმ უცხოელებისთვის ბინადრობის ნებართვის და არალეგალური იმიგრაციის გამკაცრებას ითხოვს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შრომითი და მუდმივი ცხოვრების ნებართვების, ასევე, არალეგალური იმიგრაციის გამკაცრებას ითხოვს.

“ნაციონალური მოძრაობის” მიერ მომზადებულია “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტი. კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ “ქვეყნის იმიგრაციის არსებული პოლიტიკის შენარჩუნება უახლოეს მომავალში საფრთხეს შეუქმნის სოციალურ სტაბილურობას და გამოიწვევს საქართველოს პოლიტიკური სივრცის რადიკალიზაციას”.

“დღეს არსებული პოლიტიკის შედეგად ძირითადად ხდება უცხო ქვეყნის სიდუხჭირეში მყოფი მოქალაქეების მიგრირება და ის ნაკლებად ემსახურება ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური გარემოს გაუმჯობესებას. საქართველოში იმიგრაციის ტემპები საკმაოდ მაღალია. არსებული კანონი საკმაოდ დაბალ თანხობრივ მოთხოვნებს უწესებს ბინადრობის მოწმობის მიმღებ უცხო ქვენის მოქალაქეებს, რაც ვერ ჰპოვებს დადებით ასახვას საქართველოს ეკონომიკაზე”, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის თანახმად:

  • დარეგულირდება უცხოელებისთვის შესათავაზებელი სპეციალობების/პროფესიების ნუსხა დასაქმების მიზნით. აღნიშნულ ნუსხას დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტი და მისი შეთავაზება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი შრომითი კონტრაქტის მიღების სურვილს არ გამოთქვამს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე საქართველოს მოქალაქე;
  • მკაცრდება მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის წესი. კერძოდ, მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა აღარ მოხდება მხოლოდ 6 წლის განმავლობაში არსებული ცხოვრების დროებითი ნებართვის საფუძველზე. დამატებითი მოთხოვნის სახით ემატება სახელმწიფო ენის ცოდნა ელემენტარულ დონეზე, საქართველოში განხორციელებული ინვესტიცია ან საკუთრება მინიმუმ 200 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში;
  • მკაცრდება საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემა. კერძოდ, საინვესტიციო ვიზის მიღება შესაძლებელი გახდება შემდეგ ორ შემთხვევებში: თუ ინვესტორი შეიძენს საქართველოს სახელმწიფოს მიერ გამოცემულ არანაკლებ 400 000 აშშ დოლარის ღირებულების ეკვივალენტ ლარში ხუთწლიანი ვადის მქონე სახაზინო ფასიან ქაღალდს და განახორციელებს 100 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარში ინვესტიციას, ან თუ ინვესტორი განახორციელებს არანაკლებ 300 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარში ინვესტიციას (ეს არ უნდა იყოს საცხოვრებელი სახლის შეძენა) და მუდმივ სამუშაოზე დაასაქმებს საქართველოს არანაკლებ 8 მოქალაქეს;
  • კანონპროექტი ითვალისწინებს მოკლევადიანი ბინადრობის უფლების ინსტიტუტის გაუქმებას.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ ინიცირებულ კანონპროექტს პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა, კენჭისყრა კი მომდევნო სხდომაზე ჩატარდება.

აღსანიშნავია, რომ უცხოელებისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესის გართულებას ითვალისწინებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრების – გოჩა ენუქიძისა და ილია წულაიას მიერ ინიცირებული კანონპროექტიც. კანონპროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტს მეორე მოსმენით 11 ოქტომბრამდე უნდა განეხილა, თუმცა კომიტეტმა განხილვის ვადის ერთი თვით გახანგრძლივება ითხოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი