ახალი ამბები

ენმ-ის წევრი ბაღის დირექტორს პოლიტიკურად მოტივირებულ ძალადობაში ადანაშაულებს

9 ოქტომბერი, 2018 • 2175
ენმ-ის წევრი ბაღის დირექტორს პოლიტიკურად მოტივირებულ ძალადობაში ადანაშაულებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი თამარ ზერეკიძე მე-15 ბაგა-ბაღის დირექტორს, მარიამ კაპანაძეს პოლიტიკურად მოტივირებულ ძალადობაში ადანაშაულებს. შსს-მ უკვე დაიწყო გამოძიება ზერეკიძის განცხადების საფუძველზე.

რაც შეეხება თბილისის ბაღების მართვის სააგენტოს, მისი ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის თქმით, გადაწყვეტილებას მას შემდგ მიიღებენ, რაც გამოძიება დასრულდება.

როგორც ნეტგაზეთს თამარ ზერეკიძემ უთხრა, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც წერეთელზე, ერთ-ერთ სკვერში, პარტია საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრას ატარებდა. მისი სიტყვებით, შეხვედრას “ქართული ოცნების” რამდენიმე მხარდამჭერი, მათ შორის, მარიამ კაპანაძე ესწრებოდა და მათ ღონისძიების ჩაშლა სცადეს.

თამარ ზერეკიძის განმარტებით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მოთხოვნის შემდეგ “ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა ტერიტორია არ დატოვეს.

“ჩვენ ვუთხარით, რომ თუ მათ შეხვედრა არ მოსწონდათ, შეეძლოთ ტერიტორია დაეტოვებინათ. ამაზე იმ ქალმა, რომელმაც შეურაცხყოფა მომაყენა, დაიწყო ყვირილი. როგორც გაირკვა, ეს ადამიანი ყოფილა მარიამ კაპანაძე, მე-15 ბაგა-ბაღის დირექტორი. ამის შემდეგ, მე დავიწყე ჩემი ტელეფონით ჩანაწერის გაკეთება და ვეკითხებოდი, ნამდვილად იყო თუ არა ის ბაგა-ბაღის დირექტორი.

ამაზე მან მითხრა, რომ მე მისი გადაღების უფლება არ მქონდა, რაზეც ვუპასუხე, რომ ვინაიდან საჯარო პირია, ეს უფლება მე მაქვს.

მან სახეზე აიფარა ჩანთა და მალავდა სახეს. როდესაც ახლოს მივედი, ჩანთა მომიქნია და სახეში ჩამარტყა. შემდეგ კი დატოვა ტერიტორია”, – ამბობს თამარ ზერეკიძე და დასძენს, რომ მარიამ კაპანაძე ასევე მუშაობს “ქართული ოცნების” დიდუბის ოფისში.

ზერეკიძემ განცხადებით მიმართა პოლიციას. როგორც ნეტგაზეთს შსს-ში უთხრეს, გამოძიება 126-ე (ძალადობა) მუხლით მიმდინარეობს.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა მე-15 ბაგა-ბაღს, სადაც აღნიშნულზე კომენტარი არ გააკეთეს. ჩვენი თხოვნის შემდეგ, მოეცათ დირექტორის საკონტაქტო ინფორმაცია, უარი გვითხრეს და დასძინეს, რომ დირექტორი ახლა შვებულებაშია.

ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ ნეტგაზეთს დაუდასტურა, რომ მარიამ კაპანაძე მართლაც არის მე-15 ბაგა-ბაღის დირექტორი. მისივე თქმით, სააგენტო გადაწყვეტილებას მიიღებს გამოძიების დასრულების შემდეგ.

ენმ-ის მხარდამჭერები დღეს, 9 ოქტომბერს სააგენტოში მივიდნენ და მარიამ კაპანაძის გათავისუფლება მოითხოვეს. როგორც სააგენტოში გვითხრეს, სააგენტოს ხელმძღვანელსა და საპროტესტო აქციის წევრებს შორის პროტესტის შემდეგ “მშვიდობიანი შეხვედრა” შედგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი