აუდიოჩანაწერების ექსპერტიზა: ჩხარტიშვილს რ2-ისთვის სრული ჩანაწერი არ მოუთხოვია

ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატის, ზაზა ხატიაშვილის თქმით,  ბრიტანეთში ჩატარებული ექსპეტიზით დადგინდა, რომ ომეგა ჯგუფთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ჩანაწერები დამონტაჟებულია. ხატიაშვილი ამბობს, რომ ჩანაწერებში გვხვდება სიტყვების გადაადგილების შემთხვევებიც.

მისი თქმით, სამ ჩანაწერს ექსპერტიზა ჩაუტარდა ლონდონში, კომპანია “დილიჯენსში”. ამ კომპანიას მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში აქვს ფილიალი, მათ შორის რუსეთის ფედერაციაშიც.

ზაზა ხატიაშვილის თქმით, ამ კომპანიაში მხოლოდ ის ჩანაწერები გაიგზავნა, სადაც ვანო ჩხარტიშვილზე იყო საუბარი. ექსპერტიზაზე გაგზავნეს ტელეკომპანია იბერიისა და რუსთავი 2-ის მიერ ეთერში გაშვებული აუდიოჩანაწერები და ჩხარტიშვილის მხარეს ტელევიზიებისთვის არ მოუთხოვია წყაროსგან მოპოვებული სრული ჩანაწერები.

ვანო ჩხარტიშვილი მიიჩნევს, რომ ამ ჩანაწერების ეთერში გასვლით მისი ღირსება და პატივი შეილახა და შესაძლოა იბერიასა და რუსთავი 2 -ს სასამართლოში უჩივლოს.

ზაზა ხატიაშვილის მტკიცებით, სარჩელით ამ ორი ტელეკომპანიისგან ვანო ჩხარტიშვილი საკმაოდ სოლიდურ თანხას მოითხოვს. ხატიაშვილი ამბობს, რომ ამ ტელევიზიების წარმომადგენლებმა იცოდნენ,  ჩანაწერებში აზრი დამახინჯებული რომ იყო, თუმცა ეთერში მაინც გაუშვეს.

“რაც ეთერში აჩვენა რუსთავი 2-მა და იბერიამ, ამ სიუჟეტებმა მიაყენა ვანო ჩხარტიშვილს ზიანი.  რატომ გაუშვეს ეს ჩანაწერები, სასამართლოში უნდა ახსნან. ჩვენ არ გვინდა, ვანო ჩხარტიშვილის პატივის შელახვით მიყენებული ზიანი თავად დავადგინოთ, ამიტომ ვაპირებთ აუდიტორულ კომპანიას მივმართოთ. როგორც მე ვიცი, ბრიტანელი ადვოკატი რამდენიმე დღეში ერთ-ერთ აუდიტორულ კომპანიასთან უკვე აფორმებს ხელშეკრულებას. სარჩელი ორივე ქვეყნის სასამართლოში (დიდ ბრიტანეთსა და საქართველოში) შევა, რადგან გარკვეულ ეტაპზე ჩვენ საქართველოში, რაღაც ეტაპზე კი ლონდონში დავზარალდით”,- უთხრა ნეტგაზეთს ზაზა ხატიაშვილმა.

რა წერია ბრიტანეთში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნაში

ექსპერტის ინფორმაციით, ვანო ჩხარტიშვილი ამტკიცებდა, რომ მედიით გასული აუდიოჩანაწერები 3 წლის წინ სხვადასხვა ადგილზე იყო ჩაწერილი. როგორც ექსპერტი წერს, ბიზნესმენის თქმით, სხვადახვა დროსა და ადგილზე ჩაწერილი აუდიოჩანაწერები დაამონტაჟეს. ჩანაწერებში არსებული დიალოგების მანიპულაციური მონტაჟის შედეგებს კი ახლა მის წინააღმდეგ იყენებენ.

ჩხარტიშვილმა “დილიჯენს” 23 სექტემბერს მიმართა და შესასწავლად 3 აუდიოჩანაწერი მიაწოდა. როგორც ექსპერტის დასკვნაში წერია, ბრიტანული კომპანია ჩხარტიშვილის მხარემ გააფრთხილა, რომ მათი დასკვნა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლოზე იქნებოდა გამოყენებული.

“დილიჯენის” დასკვნის თანახმად, რომელიც ჩხარტიშვილის მხარემ გასააჯაროა, ჩანაწერში უწყვეტობა დარღვეულია, რის გამოც ექსპერტი ამბობს, რომ აუდიოფაილის ვალიდურობა ეჭქვეშ დგება. ექსპერტი მეთიუ ჯეიმს სტეფჰენსი წერს, რომ აუდიოჩანაწერები, რომლებიც ჩხარტიშვილმა მათ გადასცა, ტელევიზიების მიერ დამონტაჯებულია, რადგან მას აქვს სურათები, სუბტიტრები და სხვა მახასიათებლები, რაც სატელევიზიო მონტაჟს ახლავს თან.

ამასთან, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება, რომ ეს სამი ჩანაწერი ერთ დროს არის გაკეთებული. სამივე ჩანაწერში ბრიტანულუმა კომპანიამ 12 ანომალია დააფიქსირა, რაც გულისხმობს სიტყვებს შორის არაბუნებრივ ბმებს. ბრიტანელი ექსპერტი ამბობს, რომ შესაძლოა დასკვნის მოცემულობა შეიცვალოს იმ შემთხვევაში, თუ ექსპერტი ჩანაწერის ორიგინალურ ვერსიას გამოიკვლევს.

რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის თქმით, ზაზა ხატიაშვილს ან ვანო ჩხარტიშვილს ჩანაწერების გატანის თხოვნით ტელევიზიისთვის არ მიუმართვს. მისივე ინფორმაციით, მომართვის შემდეგ ჩანაწერები პროკურატურასა და “ომეგა ჯგუფს” გაუგზავნეს. მონტაჟთან დაკავშირებით მელაძე ამბობს, რომ ეთერში გასვლის წინ ტელევიზიაში ყველაფერი მონტაჟდება.

აუდიოჩანაწერი, რაზეც ხატიაშვილი მიუთითებს, შუა სექტემბერში გავრცელდა. რუსთავი2-ის თანახმად, ერთ-ერთი საუბარი სამ პირს შორისაა — ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ოქუაშვილს ესაუბრება “თბილისის თამბაქოს“ აქციონერ ირაკლი ჩუბინაშვილთან ერთად. ტელევიზიის თანახმადვე, საუბრის თემა თამბაქოს ფასების დარეგულირება, ბაზრის კონტროლი და “ომეგა ჯგუფის” წილების გაყოფაა. ჩანაწერში ფიგურირებს ივანიშვილის სახელიც.

“საუბარია სქემაზე, რომლის მიხედვითაც თანხების განკარგვა მოხდება. სქემის მიხედვით, უნდა შეიქმნას ახალი სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც წარმოებული სიგარეტის რეალიზებაზე იზრუნებს. შემოსული თანხის 50% უნდა ჩაირიცხოს ფონდში, რომელსაც პირობითად პარტიას უწოდებენ და ეს სავარაუდოდ „ქართული ოცნებაა“, 25%-25% უნდა განაწილდეს „ომეგა ჯგუფსა“ და „თბილისის თამბაქოს“ შორის”,- წერს რუსთავი2.

რას პასუხობს “ომეგა ჯგუფი” ჩხარტიშვილს

“ომეგა ჯგუფის” გენერალური მენეჯერის, ლევან აღდგომელაშვილის ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში ორ ჩანაწერზე ექსპერტიზა მათაც ჩაატარეს და ამ ექსპერტიზით ჩანაწერების ავთენტურობა დადასტურდა. ომეგა ჯგუფის წარმომადგენლის თქმით, ექსპერტიზა ჩაუტარდა მედიით გავრცელებულ ორ ჩანაწერს და ექსპერტიზამ ორივე ჩანაწერის შემთხვევაში მათი ავთენტურობა დაადასტურა.

ლევან აღდგომელაშვილი განმარტავს, რომ ორივე ჩანაწერში ირაკლი ჩუბინიშვილი და ზაზა ოქუაშვილი საუბრობდნენ. ომეგა ჯგუფმა ჩანაწერების ექსპერტიზა ბრიტანულ კომპანია “სინფორში” ჩაატარა. ომეგას მენეჯერის თქმით, უშუალოდ აუდიოჩანაწერზე, სადაც ვანო ჩხარტიშვილის ხმა ისმის, ექსპერტიზის დასკვნას რამდენიმე დღეში ელოდებიან.

“მეორე ჩანაწერში ირაკლი ჩუბინიშვილი ზაზა ოქუაშვილს უყვება, რომ ბიძინა ივანიშვილთან ვანო ჩხარტიშვილის მისვლის შემდეგ “თბილისის თამბაქოს” 26 მლნ ლარის საგადასახადო ვალდებულება მოეხსნა. ექპერტიზის დასკვნით, ეს ჩანაწერი ეკუთვნის მხოლოდ ერთ საუბარს, რომლის ჩაწერაც ერთ მოწყობილობაზე უწყვეტად მიმდინარეობდა. შესაბამისად, საკვლევი აუდიოჩანაწერი ავთენტურია,”-ამბობს ლევან აღდგომელაშვილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.