ცესკომ საიას საჩივარი ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენებაზე არ დააკმაყოფილა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) არ დააკმაყოფილა “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” განცხადება, რომელიც ეხება სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ თბილისის მერიისა და საქართველოს პარლამენტის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენებას.

რაზე დავობდა საია

27 სექტემბერს თბილისის მერი კახა კალაძე და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილთან ერთად მივიდნენ გმირთა მოედანზე მდებარე მემორიალთან. ამ ვიზიტის შესახებ იმავე დღეს გაავრცელეს ინფორმაცია თბილისის მერიისა და საქართველოს პარლამენტის ვებგსაიტებმა, ასევე, უწყებების ფეისბუკგვერდებმა.

გარდა ამისა, საიას განცხადებით, 27 სექტემბერს საქართველო პარლამენტის ოფიციალურ ვებსაიტსა და ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე განთავსდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის საწინააღმდეგო და პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი განცხადებები.

როდესაც კაცი [გრიგოლ ვაშაძე] გამოდის და ლაპარაკობს იმაზე, რომ მნიშვნელობა არ აქვს, მას რუსეთის პასპორტი ედება თუ არა ჯიბეში, მთავარია, რომ მის გულში მუდმივად რჩება რუსეთი და მას აქვს პრეტენზია საქართველოს პრეზიდენტობაზე, იმ ქვეყნის პრეზიდენტობაზე, რომელსაც ასეთი დამოკიდებულება აქვს რუსეთთან. უფრო სწორად, რუსეთს აქვს ასეთი გამოკიდებულება, მტრული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ”, – ეწერა კობახიძის განცხადებაში.

კობახიძის მეორე  განცხადება კი პარლამენტის საიტზე გამოქვეყნდა სათაურით “ჩვენი შიდა კვლევით, სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებს”.

როგორც საია განმარტავს, საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაცია არის ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო სუბიექტის კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის მის არჩევას ან/და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის  ნიშნებს, მათ შორის, წინასაარჩევნო ღონისძიების ორგანიზებაში/ჩატარებაში მონაწილეობა.

ორგანიზაციის განმარტებით, ამავე კოდექსით, იკრძალება სახელმწიფო ხელისუფლების დაწესებულებებისათვის, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან (გარდა პოლიტიკური პარტიებისა), განკუთვნილი საკომუნიკაციო საშუალებების,საინფორმაციო მომსახურების და სხვადასხვა სახის ტექნიკის გამოყენება.

საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის გაფორმებული “ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ” მემორანდუმის მე-3 პუნქტის თანახმად,, წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნების შემცველი ინფორმაციის გავრცელება იკრძალება ბიუჯეტიდან დაფინანსებული სახელმწიფო ორგანიზაციების საკომუნიკაციო არხებით. 

საიას განცხადებით, აგრეთვე, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, აკრძალულია სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებაზე ორგანიზატორის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა და აღნიშნული ქმედება შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად.

მოცემულ შემთხვევაში საია ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ნიშნებს ხედავდა და ცესკოს სთხოვდა საკითხის შესწავლას და მასზე შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას.

რას პასუხობს ცესკო

მოცემულ შემთხვევებში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ნიშნები ვერ დაინახეს ცესკოში. ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული ღონისძიება გაიმართა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, კონკრეტული მიზნებიდან გამომდინარე, კერძოდ, გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად. შესაბამისად, ცესკოში აცხადებენ, რომ აღნიშნული ღონისძიება ვერ იქნება განხილული, როგორც წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი:

“ამასთან, არ შეინიშნება ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინაარმდეგოდ. აგრეთვე, ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის მის არჩევას. მნიშვნელოვანია, რომ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად გამართული ღონისძიება იყო საჯარო და ნებისმიერ მსურველს ჰქონდა შესაძლებლობა გამოცხადებულიყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან”, – განმარტავს ცესკო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით,  საინფორმაციო მომსახურების გამოყენების კუთხით, მართლაც აკრძალულია შესაბამისი საბიუჯეტო დაწესებულების ოფიციალური ვებგვერდისა ან/და ბიუჯეტის სახსრებით ადმინისტრირებული სოციალური მედიის გამოყენებით წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნების შემცველი ინფორმაციის განთავსება.

თუმცა ცესკოში მიიჩნიეს, რომ განცხადებაში მითითებულ შემთხვევებში სააგიტაციო შინაარსის შემცველი ინფორმაცია არ განთავსებულა. აღნიშნული ინფორმაცია გამოქვეყნდა პარლამენტის წევრებისა და თბილისის მერის ვებგვერდებზე, როგორც საჯარო პირების საქმიანობის გაშუქების და არა – სააგიტაციო მიზნებიდან გამომდინარე:

“გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს პარლამენტის კუთვნილი ვებგვერდისა და სოციალური მედიის საშუალებით შუქდება საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ინფორმაცია, მათ შორის, ცალკეული საპარლამენტო ფრაქციის, უმრავლესობა/უმცირესობის თუ გამოუკიდებელი პარლამენტარის საჯარო აქტივობები. დანართში არსებული ფოტოსურათებიდან ირკვევა, რომ ზემოაღნიშნულ ღონისძიებაზე სხვა პირებთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის ტეპუტატები, მათ შორის, პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელიც ამავე დროს საქართველოს პარლამენტის წევრია. ხოლო, როგორც აღინიშნა, საქართველოს პარლამენტის საინფორმაციო საშუალებების ერთ-ერთი დანიშნულება დეპუტატების საქმიანობის გაშუქებაა”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებას, ცესკოში აცხადებენ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე წარმოადგენს პოლიტიკური თანამდებობის პირს, რომლის მიმართ არ ვრცელდება საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის გ ქვეპუნქტით დადგენილი შეზღუდვა, ხოლო ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია, ცესკოს შეფასებით, წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირის საჯარო აქტივობის გაშუქებას, რაც  ცენტრალური საარჩევნო კომისიის აზრით, არ შეიძლება შეფასდეს, როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად:

“ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე , საქმის მასალების შესწავლის შედეგად არ დასტურდება საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და 48-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა. შესაბამისად, არ არსებობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის სამართლებრივი საფუძველი”, – წერია ცესკოს განცხადებაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.