strasbourg

PACE-ში რუსეთისთვის სანქციების მოხსნაზე მსჯელობენ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) მწვავე დებატების ფონზე წარიმართა იმ რეზოლუციის პროექტის განხილვა, რომელიც რუსეთის დელეგაციისთვის ხმის უფლების აღდგენას უზრუნველყოფდა.

“საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაძლიერების” შესახებ სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეების ჯგუფის წარმომადგენლის, დეპუტატ პეტრა დე სუტერის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტში, მართალია, რუსეთი ერთი სიტყვითაც არ არის ნახსენები, თუმცა რეზოლუციის მიღების შემთხვევაში, სანქციების იმპლემენტაციის და გაგრძელების მექანიზმი რთულდება, რაც რუსეთის დელეგაციას საშუალებას მისცემს, 2019 წლის იანვრის სესიიდან უკვე სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს PACE-ს სხდომებში.

სტრასბურგში მიმდინარე საშემოდგომო სესიის ფარგლებში დებატები სწორედ იმის თაობაზე წარიმართა, უნდა დაუშვას თუ არა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მოხსნა მაშინ, როდესაც მოსკოვს ნაკისრი ვალდებულებები არ შეუსრულებელია.

სხდომაზე ხმაური მოჰყვა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ტორბიორნ იანგლანდის გამოსვლას, რომელმაც დეპუტატებს კონსენსუსისკენ მოუწოდა. დეპუტატების ნაწილი გენერალურ მდივანს რუსეთის ლობირებაში ადანაშაულებს და მას სიტყვა რამდენჯერმე გააწყვეტინეს.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაში მონაწილეობს საქართველოს დელეგაციაც, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით. ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთისთვის სანქციების მოხსნაზე და არა ზოგადად სანქციების მექანიზმის გაუქმებაზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, რაც მოსკოვი უკრაინისა და საქართველოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკიც და დეპუტატებს მოუწოდა, არ დაუშვან შეცდომა რეზოლუციის მხარდაჭერით.

რუსეთის დელეგაციას PACE-ში ხმის მიცემის უფლება 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შედეგად შეუჩერდა. ამის შემდეგ რუსეთმა საერთოდ უარი თქვა საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობაზე და ევროპის საბჭოს დაფინანსებაზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი