პატიმრებს მაცივრით სარგებლობის უფლება მიეცათ

იუსტიციის მინისტრის ბრძანებით სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში პატიმრებს მაცივრით სარგებლობის უფლება მიეცათ.

უწყების ცნობით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ 2018 წლის 5 ოქტომბერს გამოცემული ბრძანებების შედეგად ცვლილებები იქნა შეტანილი საქართველოს თხუთმეტივე სასჯელაღსრულების დაწესებულების დებულებაში და ყველა ბრალდებულსა და ყველა მსჯავრდებულს საპატიმროში მაცივრით სარგებლობის უფლება მიეცა.

ცვლილებების შედეგად, ყველა პატიმარს ყველა დაწესებულებაში უფლება ექნება, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეიძინოს და საკანში შეიტანოს მაცივარი, რომლის მაქსიმალური მოცულობა შეიძლება იყოს 100სმX60სმX60სმ.

აქამდე, სამინისტროს ინფორმაციით, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში მაცივრის შეძენის უფლება მხოლოდ დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებასა და ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებს ჰქონდათ. შესაბამისად, ამ უფლებით ვერ სარგებლობდნენ ბრალდებულები, საქართველოს 9 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულები და 5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთა ნაწილი.

“ახალი ცვლილებების თანახმად, მაცივრით სარგებლობას ყველა პატიმარი შეძლებს, თუკი საკნის ინფრასტრუქტურა ამის საშუალებას იძლევა (საკანში არსებული ფართი, ელექტროსადენების მდგომარეობა). ასევე, წინასწარი ნებართვის გაცემისას დაწესებულების დირექტორი შეაფასებს, აქვს თუ არა ბრალდებულს/მსჯავრდებულს თვითდაზიანებისაკენ მიდრეკილება, ან ჰქონია თუ არა სუიციდის მცდელობა და მხედველობაში მიიღებს სხვა ობიექტურ გარემოებებს პატიმრის ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად”, – ნათქვამია განცხადებაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com