ახალი ამბები

დავით ჭიჭინაძის თქმით, “პატრიოტთა ალიანსს” დროებით შეუერთდა

9 ოქტომბერი, 2018 • 1313
დავით ჭიჭინაძის თქმით, “პატრიოტთა ალიანსს” დროებით შეუერთდა

“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე, აცხადებს, რომ პატრიოტთა ალიანსის ფრაქციას მხოლოდ დროებით უერთდება. ჭიჭინაძე განმარტავს, რომ ფრაქციას მისი ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ინაშვილის თხოვნით შეუერთდა და საშემოდგომო სესიის დასრულებისთანავე “საქართველოს პატრიოტებს” დატოვებს.

“დამოუკიდებელ დეპუტატის სტატუსით შევედი ამ ფრაქციაში. პოლიტიკური კუთხით “პატრიოტთა ალიანსთან” არ ვთანამშრომლობ, ეს არის მხოლოდ ტექნიკური მხარდაჭერა, რათა ფრაქცია არ დაშლილიყო. მე ჩემი ქვეყნის ვექტორზე ჩემი აზრი მაქვს, რაც “პატრიოტთა ალიანსთან” მაერთიანებს, არის “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ შეუპოვარი ბრძოლა, ეს ვერ დავინახე “ქართულ ოცნებაში”. შესაძლოა გარკვეულ საკითხზე ფრაქციისგან განსხვავებული შეხედულება მქონდეს და მხარი არ დავუჭირო მათ მიერ მხარდაჭერილ ინიციატივებს. ჩვენ ამ საკითხზე უკვე შევთანხმდით”,- აცხადებს ჭიჭინაძე.

რაც შეეხება “პატრიოტთა ალიანსის” სკეპტიკურ დამოკიდებულებას ნატოსთან დაკავშირებით, დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ ალიანსში გაწევრიანების მომხრეა. პარლამენტის წევრის თქმით, რაც მეტ ორგანიზაციაში გაერთიანდება ქვეყანა,  მით უკეთესია.

ფრაქციაში, სულ ცოტა, 6 პარლამენტარი მაინც უნდა ირიცხებოდეს, “პატრიოტთა ალიანსს” კი ახლა 5 წევრიღა დარჩა საკანონმდებლო ორგანოში.

პარლამენტში ამჟამად სულ 13 ფრაქციაა: საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობაში შემავალი “ქართული ოცნების” და “ევროპული საქართველოს”, შესაბამისად, 8 და 3, და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთი ფრაქცია.

“პატრიოტები” ფრაქციის დაშლის საფრთხის წინაშე მას შემდეგ დადგნენ, რაც ისინი პარლამენტარმა ნატო ჩხეიძემ დატოვა “ომეგა ჯგუფის” გარშემო განვითარებული მოვლენების გამო. ჩხეიძე დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით აგრძელებს მუშაობას.

ფრაქცია პარლამენტის წევრების გაერთიანებას ჰქვია. ფრაქციას ჰყავს თანამდებობის პირები, რომლებსაც რიგით დეპუტატებზე მაღალი ხელფასები აქვთ, ფრაქციას აქვს საბიუჯეტო დაფინანსება, ჰყავს თავისი აპარატი, ემსახურება პარლამენტის ავტომანქანა, აქვს თავისი სამივლინებო ფონდი და ა.შ. ფრაქციის დაშლის შემთხვევაში, “პატრიოტები” ამ და სხვა ბენეფიტებს დაკარგავდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი