ახალი ამბები

აუდიტის სამსახური საპრეზიდენტო კანდიდატებისთვის შეწირული თანხების წარმომავლობას შეისწავლის

9 ოქტომბერი, 2018 • 1405
აუდიტის სამსახური საპრეზიდენტო კანდიდატებისთვის შეწირული თანხების წარმომავლობას შეისწავლის

აუდიტის სამსახური მსხვილი შემოწირულობების, მათ შორის, ექიმების მიერ სალომე ზურაბიშვილისთვის შეწირული თანხების წარმომავლობის კანონიერებას შეისწავლოს.

როგორც აუდიტის სამსახურში აცხადებენ, პროცედურის თანახმად, ისინი ჯერ მიმართავენ სასამართლოს, რათა შემომწირველების შემოსავლებისა და საბანკო ტრანზაქციების შესწავლის საშუალება ჰქონდეთ. ხოლო თუ ამის შემდეგ დამატებითი კითხვები ექნებათ, შემომწირველებს გამოკითხვაზე დაიბარებენ.

კითხვაზე, რა ითვლება მსხვილ შემოწირულობად, აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ შეისწავლიან 5 000 ლარის ზევით შემოწირულობებს, ასევე, ისეთ შემთხვევებს, როდესაც შემომწირველის მიერ გაღებული თანხები მის შემოსავლათან შესაბამისობაში არ მოდის.

ექიმების მიერ საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებით ეჭვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ჩაჩავას კლინიკის გინეკოლოგიური სექტორის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ კინტრაიამ, რომელმაც “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს 20 000 ლარი შესწირა, Facebook-ზე პოსტი დაწერა, სადაც განმარტა, რომ სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველი არ არის.

“ბოლო ორი დღის განმავლობაში ძალიან ბევრი მეგობარი და ჩემთვის ძვირფასი ადამიანი დამიკავშირდა, ისინი, ვისაც ჩემზე გული შესტკივა და მაფასებს .მათ შორის ისეთებიც, ძალიან დიდი ხანი რომ არ მინახავს. მათ მიერ დასმული კთხვები გავაერთიანე და მინდა ყველას ერთად გავცე პასუხი:

  1. პრეზიდენტის არჩევნებზე ვაპირებ მისვლას? – ვაპირებ;
  2. ხმას სალომე ზურაბიშვილს ვაძლევ? – არა;
  3. ვის მივცემ ხმას? – დაველოდები საარჩევნო კომპანიის დამთავრებას და მერე გადავწყვეტ. ჯერ დრო ბევრია;
  4. ამას გულწრფელად ვამბობ? – დიახ,” – წერდა კინტრაია.

აღნიშნული პოსტი, რომელიც ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნდა, საჯარო იყო, ანუ მისი ნახვა ნებისმიერ მსურველს შეეძლო. თუმცა მოგვიანებით პოსტი გაქრა. “ნეტგაზეთმა” სცადა ექიმთან დაკავშირება, თუმცა მან ჩვენს კითხვებს არ უპასუხა.

აუდიტის სამსახურისგან აღნიშნული ფინანსების წარმომავლობის შესწავლა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმაც მოითხოვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი