ახალი ამბები

სავარაუდოდ, ამოიცნეს სკრიპალებზე თავდასხმაში მეორე ბრალდებულიც

9 ოქტომბერი, 2018 • 1432
სავარაუდოდ, ამოიცნეს სკრიპალებზე თავდასხმაში მეორე ბრალდებულიც

გამომძიებელი ჟურნალისტების თანახმად, ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში სკრიპალების მოწამვლაში მეორე ბრალდებულის ნამდვილი სახელი და გვარია ალექსანდრე მიშკინი.

Bellingcat-ისა და The Insider-ის გამომძიებელი ჟურნალისტები, რომლებმაც რამდენიმე კვირის წინ პირველ ბრალდებულში გრუს პოლკოვნიკი ანატოლი ჩეპიგა ამოიცნეს, ახლა წერენ, რომ მიშკინიც რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმარველოს (გრუ) თანამშრომელია, სამხედრო ექიმი.

მიშკინს ბრიტანეთის პოლიცია იცნობდა, როგორც ალექსანდრე პეტროვს.

ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი თავის ქალიშვილთან, იულიასთან ერთად, მარტში მოწამლეს ქალაქ სოლსბერიში. ისინი სიკვდილს გადაურჩნენ. სკრიპალები დღემდე იკავებენ თავს საჯაროდ გამოჩენისაგან.

ფლაკონმა, რომელიც საწამლავის გადასატანად გამოიყენეს, გამოიწვია ერთი მოქალაქის, დონ სტარჯესის სიკვდილი.

დამატებით დეტალებს Bellingcat 9 ოქტომბერს გამოაქვეყნებს.

ბოშიროვ-ჩეპიგასა და პეტროვ-მიშკინის მტკიცებით, ისინი სოლსბერიში იმყოფებოდნენ, თუმცა, მხოლოდ ტურისტული მიზნებით – ცნობილი ტაძრის სანახავად. მათ ასევე უარყვეს, რომ თან ჰქონდათ სუნამოს ჭურჭელი, რომელშიც თითქოსდა მომწავლელი ნივთიერება “ნოვიჩოკი” ესხა.

[დეტალებისთვის ნახეთ: სკრიპალების მოწამვლაში ბრალდებულების ვერსია რუსეთის სამთავრობო ტელეარხზე]

ალექსანდრე პეტროვს და რუსლან ბოშიროვს ბრიტანეთის სამართალდამცველებმა ბრალი წაუყენეს ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის იულიას მოწამვლის ბრალდებით. პოლიციის ცნობით, ისინი ლონდონში მიმდინარე წლის 2 მარტს ჩავიდნენ და სასტუმროში დაბინავდნენ, 4 მარტს კი ქალაქ სოლსბერიში გაემგზავრნენ, სადაც სკრიპალების მკვლელობას შეეცადნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი