ახალი ამბები

ძაღლის შევარდნის გამო თამაშის შეწყვეტისთვის “დილის” სანქცირებაზე არ გვიმსჯელია — GFF

8 ოქტომბერი, 2018 • 2736
ძაღლის შევარდნის გამო თამაშის შეწყვეტისთვის “დილის” სანქცირებაზე არ გვიმსჯელია — GFF

ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურმა “ნეტგაზეთთან” უარყო ინფორმაცია, თითქოს გორის”დილა” 500 ლარით დააჯარიმეს სტადიონზე ძაღლის შევარდნის გამო მატჩის შეწყვეტისთვის.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან, qartli.ge-სთან ინტერვიუში “დილის” სტადიონის მატერიალურ-ტექნიკური სამსახურის მენეჯერი, მერაბ მერაბიშვილი ამბობს:

“გუნდის ვარჯიშებზე ტრიბუნაზეა ხოლმე ეს ძაღლი. გუშინ იმდენი ვერ მოტვინა, თამაშის დროს ავიდა მოედანზე და მთელი 4 წუთი გააჩერა თამაში. ფეხბურთის ფედერაციამ დაგვაჯარიმა 500 ლარით. უეფას მოთხოვნაა, რომ არცერთი ცხოველი არ უნდა იყოს [მოედანზე]”, — ამბობს მერაბიშვილი ვიდეოში.

როგორც “ნეტგაზეთს” ფეხბურთის ფედერაციაში უთხრეს, ამ საკითხზე ჯერ არ უმსჯელია სადისციპლინო კომიტეტს, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, დააკისროს თუ არა რაიმე სანქცია/როგორ სანქციას დააკისრებს კლუბს. მათი ცნობით, კომიტეტის სხდომები სამშაბათობით იმართება და ის ჯერ არ შეკრებილა აღნიშნული საკითხის განსახილველად.

7 ოქტომბერს გორის სტადიონზე “დილასა” და ქუთაისის “ტორპედოს” შორის შეხვედრის 68-ე წუთზე ძაღლი შევარდა. კითხვაზე, რა სანქცია შეიძლება დაეკისროს კლუბს, GFF-ში გვიპასუხეს, რომ ყველა შემთხვევას ინდივიდუალურად განიხილავენ და წარმოდგენილი მასალების საფუძველზე იღებენ გადაწყვეტილებას.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის, qartli.ge-ს ინფორმაციით, უსახელო შავი ძაღლი გორის ერთ-ერთ პარკში ცხოვრობს და ფეხბურთელები და სტადიონის დარაჯები უვლიან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი