ახალი ამბები

“ოცნებიდან” გარიცხული პარლამენტარი ჭიჭინაძე “პატრიოტების” ფრაქციას უერთდება

8 ოქტომბერი, 2018 • 2296
“ოცნებიდან” გარიცხული პარლამენტარი ჭიჭინაძე “პატრიოტების” ფრაქციას უერთდება

დავით ჭიჭინაძე, რომელიც ივლისში “ქართული ოცნებიდან” გარიცხეს, “პატრიოტთა ალიანსის” საპარლამენტო ფრაქციაში წევრიანდება. “ნეტგაზეთს” ინფორმაცია დაუდასტურა “პატრიოტთა ალიანსის” პოლიტიკურმა მდივანმა გოჩა თევდორაძემ.

თევდორაძის თქმით, ჭიჭინაძე პარტიას კი არა, „პატრიოტების“ ფრაქციას უერთდება, რადგან “არ სურს, დაიშალოს ერთადერთი რეალური ოპოზიციური ფრაქცია პარლამენტში”.

ფრაქციაში, სულ ცოტა, 6 პარლამენტარი მაინც უნდა ირიცხებოდეს, “პატრიოტთა ალიანსს” კი ახლა უკვე 5 წევრიღა დარჩა საკანონმდებლო ორგანოში.

პარლამენტში ამჟამად სულ 13 ფრაქციაა: საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობაში შემავალი “ქართული ოცნების” და “ევროპული საქართველოს”, შესაბამისად, 8 და 3, და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთი ფრაქცია.

თევდორაძის თქმით, ჭიჭინაძეს მხარდაჭერა “ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა სთხოვა და ჭიჭინაძეც დასთანხმდა.

“პატრიოტები” ფრაქციის დაშლის საფრთხის წინაშე მას შემდეგ დადგნენ, რაც ისინი პარლამენტარმა ნატო ჩხეიძემ დატოვა “ომეგა ჯგუფის” გარშემო განვითარებული მოვლენების გამო. ჩხეიძე დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით აგრძელებს მუშაობას.

ფრაქცია პარლამენტის წევრების გაერთიანებას ჰქვია. ფრაქციას ჰყავს თანამდებობის პირები, რომლებსაც რიგით დეპუტატებზე მაღალი ხელფასები აქვთ, ფრაქციას აქვს საბიუჯეტო დაფინანსება, ჰყავს თავისი აპარატი, ემსახურება პარლამენტის ავტომანქანა, აქვს თავისი სამივლინებო ფონდი და ა.შ. ფრაქციის დაშლის შემთხვევაში, “პატრიოტები” ამ და სხვა ბენეფიტებს დაკარგავდნენ.

[თუ გაინტერესებთ, ზუსტად რას დაკარგავდა “პატრიოტთა ალიანსი” ფრაქციის დაშლით, წაიკითხეთ ნეტგაზეთის მიერ სექტემბერში გამოქვეყნებული ეს სტატია]

ჭიჭინაძე 2018 წლის 18 ივლისს გარიცხეს “ქართული ოცნებიდან”. მაჟორიტარმა დეპუტატმა პარტიიდან მისი გარიცხვის მომხრეებს უწოდა “მედროვეები … რომლებიც სკამებს სცემენ პატივს და არა ადამიანებს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი