17 მაისს გეი აქტივისტზე თავდამსხმელის სასამართლო პროცესი გადაიდო

17 მაისს გეი აქტივისტზე თავდამსხმელი არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი გადაიდო. როგორც სხდომის შემდეგ ბრალდებულის ადვოკატმა დავით მოდებაძემ განმარტა, პროცესი 22 ოქტომბერს შედეგება.

“დღეს იყო წინასასამართლო სხდომა, სადაც მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხი იხილებოდა მხოლოდ. ორი შუამდგომლობა იყო განხილული: ერთი დაცვის მხარის, რომ წინა სასამართლო პროცესზე განხილულიყო, ხოლო მეორე შუამდგომლობა იყო მტკიცებულებათა დასაშვებობის თაობაზე. მოსამართლემ დაუშვა მტკიცებულებები და გადასცა არსებით განხილვაზე არსებითი განხილვის მოსამართლეს”,- განმარტავს ის ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, დაცვის მხარე ფიქრობს, დააყენოს საკითხი არსებითი განხილვის მოსამართლესთან იმის შესახებ, რომ საქმე კვლავ გადაეგზავნოს პროკურატურას განრიდების მოტივით:

“ვინაიდან ის არის არასრულწლოვანი და ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული. მეტსაც გეტყვით, პრეცედენტი არ არსებობს, რომ აღნიშნულ (მსგავს) საქმეებზე განრიდება არ გაკეთებულიყო”, – დასძენს ადვოკატი.

არასრულწლოვანს, რომელიც მიმდინარე წლის 17 მაისს მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე სიტყვით გამომსვლელ ნიკა გორგილაძეს თავს დაესხა, პროკურატურამ ბრალი წაუყენა.

უწყების ცნობით, ზემოაღნიშნულზე თავდაპირველად გამოძიება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა სსკ-ს 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. თუმცა შემდგომ ამ საქმეზე კვალიფიკაცია შეიცვალა და არასრულწლოვანს ბრალი სსკ-ს 156-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით წაეყენა, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას, ჩადენილს ძალადობით ან ძალადობის მუქარით.

მუხლი ჯარიმას ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ს.კ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით მშობლის მეთვალყურეობაში გადაცემა შეეფარდა.

17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. მიმდინარე წლის 17 მაისს ლგბტ თემის წევრები და მათი მხარდამჭერები მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ. სიტყვით გამოსვლისას გეი აქტივისტ ნიკა გორგილაძეს არასრულწლოვანი ბიჭი თავს დაესხა. პოლიციამ ის მალევე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყებოდა, რომ თავდამსხმელი 15 წლის არის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.