ახალი ამბები

ქართულ ფაშიზმზე და ჰოლოკოსტზე საუბრით “ოცნება” რისკის წინაშე აყენებს ქვეყანას – უსუფაშვილი

8 ოქტომბერი, 2018 • 1302
ქართულ ფაშიზმზე და ჰოლოკოსტზე საუბრით “ოცნება” რისკის წინაშე აყენებს ქვეყანას – უსუფაშვილი

საპრეზიდენტო კანდიდატის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ქართულ ფაშიზმზე და ჰოლოკოსტზე საუბრებით უდიდესი რისკის წინაშე აყენებს ქვეყანას. ამის შესახებ უსუფაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ნაცმოძრაობის“ მიერ შექმნილი პოლიტიკის კეთების, სახელმწიფოებრივი მმართველობის სტანდარტები – აი, ესაა შესაცვლელი და მმართველი გუნდი, „ოცნება“ სავარძლების და ხელისუფლების შესანარჩუნებლად  ამ სტანდარტებს ტოვებს უცვლელად და ქართულ ფაშიზმზე და ჰოლოკოსტზე საუბრებით უდიდესი რისკის წინაშე აყენებს ქვეყანას. ეს კი არის საზოგადოებაში შესაძლო დაპირისპირების უმაღლესი ფორმა, რისი დაშვებაც დაუშვებელია”, – ამბობს უსუფაშვილი.

უსუფაშვილი იმედოვნებს, რომ “ქართულ ოცნებაში” ვინმეს საღი აზრი და კეთილგონიერება შერჩა:

“არჩევნების დღის მოახლოების კვალობაზე, „ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ უფრო და უფრო ებმებიან ერთმანეთთან ბრძოლაში წესების გარეშე, რაც ხდება ქვეყნის და საზოგადოების ხარჯზე. ბოლო ხანებში მათ მიერ გაგრძელდა ერთმანეთის უარესობის მტკიცება და ამ პროცესში უკვე გადაკვეთილია პრაქტიკულად წითელი ზღვარი. საჭიროა შეჩერება.

დიახ, „ნაცმოძრაობის“ მხრიდან მუქარის ტონი „ოცნების“ მხარდამჭერებზე იყო დაუშვებელი და ეს არის უგუნურება, რომელიც უნდა შეწყვიტოს „ნაცმოძრაობამ“. მაგრამ „ოცნების“ მხრიდან იმ ტერმინების შემოტანა პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესში, როგორიცაა ფაშიზმი, როგორიცაა ჰოლოკოსტი, ეს არის არა მხოლოდ ქართული პოლიტიკისთვის მიუღებელი წითელი ხაზები, არამედ, ზოგადად, საკაცობრიო სტანდარტის უხეში დარღვევა.

მრჩება შთაბეჭდილება, რომ ადამიანებს, ვინც ფაშიზმზე და ჰოლოკოსტზე საუბრობენ, წარმოდგენაც კი არ აქვთ, თუ რაზე საუბრობენ და რა ხიფათს უქმნიან ქვეყანას; რა პრობლემებს იწვევს ეს საზოგადოებაში და რაოდენ იზრდება მასშტაბური სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე.

ანუ, ხელისუფლება, ერთი მხრივ, ამბობს, რომ „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერთა რაოდენობა 27 %-მდეა და, მეორე მხრივ, საკუთარი მოსახლეობის თითქმის მესამედს ფაშიზმში და ჰოლოკოსტში ადანაშაულებს. ეს არის ყოვლად წარმოუდგენელი და ქართულ პოლიტიკაში 30 წლის განმავლობაში მსგავსი არაფერი მომხდარა.

მე მინდა მივმართო, თუ ვინმეს შერჩა კეთილგონიერება „ოცნების“ მმართველ გუნდში, დროზე შეჩერდეს!

ან ბოდიში მოიხადოს ამ ყველაფრისთვის და შეაჩეროს ის ესკალაცია, რაც მგავს ტერმინებს და მსგავს შეფასებებს მოჰყვება, ან თუ მე და ჩვენ ვცდებით, მაშინ კეთილი ინებოს, მიმართოს პრეზიდენტს, გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა, გადადოს საპრეზიდენტო არჩევნები და მართლმსაჯულების წინაშე დააყენოს ყველა, ვინც დამნაშავეა ფაშიზმში, ჰოლოკოსტში და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულში”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

“ვინ ებრძვის ფაშიზმს და ჰოლოკოსტს არჩევნებში?! ვის უზის ფაშისტები პარლამენტში და მათთან ერთად ქვეყნის მართვას აგრძელებს?! და თუ ეს ასეა, მაშინ ამ გზას უნდა დაადგეს ხელისუფლება და აიღოს პასუხისმგებლობა თავის ნათქვამზე და სიტყვებზე. ასე გაგრძელება დაუშვებელია; მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც საარჩევნო პროცესში „ოცნება“ აგრძელებს „ნაცმოძრაობის“ „ დიდ ტრადიციებს“ პოლიტიკური ოპონენტების უფლებების შელახვის ნაწილში”, – აცხადებს უსუფაშვილი.


კობახიძე გვარამიას “ხელმოცარულ ფაშისტს” უწოდებს და ისევ აკრიტიკებს არასამთავრობოებს

მასალების გადაბეჭდვის წესი