ახალი ამბები

საქართველოს სტრატეგიული კომუნიკაციის ხარვეზები რუსული საფრთხის პირისპირ

8 ოქტომბერი, 2018 • 3809
საქართველოს სტრატეგიული კომუნიკაციის ხარვეზები რუსული საფრთხის პირისპირ

რა უნდა გააკეთოს და რას არ (ვერ) აკეთებს ხელისუფლება, როდესაც მტრულად განწყობილი სახელმწიფო თავისი მედიასაშუალებებით მძლავრ საერთაშორისო დეზინფორმაციულ კამპანიას აწარმოებს საქართველოს წინააღმდეგ? ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ამ კუთხით არსებულ გამოწვევებს სათანადოდ ვერ პასუხობს და იმ მიზეზებზე საუბრობს, რატომ არ არის ეფექტიანი საქართველოს სტრატეგიული კომუნიკაციის პოლიტიკა.

დეზინფორმაციული შეტევა საქართველოზე

საქართველოს ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კიდევ ერთხელ გახდა მასშტაბური დეზინფორმაციული კამპანიის სამიზნე. რუსეთის ხელისუფლების მიერ დაფინანსებულმა მედიასაშუალებებმა, შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებმა მასშტაბური საინფორმაციო შეტევა მიიტანეს თბილისში განთავსებულ ლუგარის ლაბორატორიაზე. მითები და შეთქმულებები ამ ლაბორატორიას შექმნის პირველივე დღიდან, 2013 წლიდან, თან სდევს. თუ ეს აქამდე შედარებით ლოკალური, შიდა მოხმარების მედიასაშუალებების განხილვის თემა იყო, 2018 წლის სექტემბერში რუსულ დეზინფორმაციულ ომში “მძიმე არტილერიასთან”  – რუსეთის ხელისუფლების მიერ დაფინანსებულ Russia Today-სთან და Sputnik-თან ერთად, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებიც ჩაერთნენ და მსოფლიოს “ამცნეს” თბილისში არსებული ლაბორატორიის შესახებ, რომელიც, თითქოს, “ამერიკელებმა ბიოლოგიური იარაღის საწარმოებლად საიდუმლოდ შექმნეს”.

ლუგარის ლაბორატორია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ცენტრს ექვემდებარება და მას მთლიანად საქართველოს ხელისუფლება აფინანსებს. ბოლო პერიოდში ლუგარის ლაბორატორიის თემა საქართველოს უშიშროების ყოფილმა მინისტრმა იგორ გიორგაძაძემ “გააცოცხლა”, გიორგაძე 1995 წლიდან რუსეთში ცხოვრობს და მას საქართველო პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძისთვის მოწყობილი ტერაქტის ბრალდებით ინტერპოლის წითელი ცირკულარით ეძებდა. გიორგაძემ მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე სექტემბერში თქვა, რომ ლუგარის ლაბორატორიაში ადამიანებზე ექსპერიმენტებს ატარებენ და ბიოლოგიურ იარაღს ქმნიან; შემდეგ Zero Hedge-ში გამოქვეყნდა სტატია ამერიკელი დიპლომატები საიდუმლო სამხედრო პროგრამის ფარგლებში ადამიანის სისხლითა და პათოგენებით უკანონოდ ვაჭრობენ”; ეს სტატია საყურადღებოა იმითაც, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის საელჩოს შორის საიდუმლო მიმოწერის გაჟონვაზე  მიუთითებს. მუქარანარევმა გამოხმაურებებმა მოსკოვიდან არ დააყოვნა. გიორგაძეს ჯერ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა გამოეხმაურა, შემდეგ კი ამავე უწყების შეიარაღების გაუვრცელებლობისა და კონტროლის საკითხების დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ერმაკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი საკუთარ საზღვრებთან ამერიკელების მიერ ბიოლოგიური ექსპერიმენტების ჩატარებას არ დაუშვებს.

თუმცა ერმაკოვს არ დაუკონკრეტებია, რას მოიმოქმედებს მოსკოვი ამ “არ დაშვებისთვის”.

ეს ერთ-ერთი ბოლო და კონკრეტული მაგალითია, თუ როგორ მუშაობს რუსეთის პროპაგანდა საქართველოს წინააღმდეგ.

მედიის განვითარების ფონდის კვლევის თანახმად, ქართულ დისკურსში კრემლის ნარატივის სტრუქტურა 3 საფეხურიანია და მიზნად ისახავს:

  • საფრთხეების შექმნას (ომის, ტერიტორიების დაკარგვის, ბიო დივერსიის, იდენტობის დაკარგვის);
  • პარტნიორების და დასავლური ინსტიტუტებისადმი უნდობლობის დათესვას (სტრატეგიული პარტნიორების მიმართ, ინსტიტუტების მიმართ, დემოკრატიის მიმართ);
  • საფრთხეებთან ბრძოლაში რუსეთის უალტერნატივობის და ავტორიტარული/საბჭოური მმართველობის საჭიროების აზრის დამკვიდრებას (ერთმორწმუნე რუსეთი, ძლიერი რუსეთი, ავტორიტარული/საბჭოთა მმართველობა) .

არის თუ არა აკრძალვა გამოსავალი

საქართველოს ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ რამდენადაც სტრატეგიულად დაგეგმილი და სტრუქტურიზებულია რუსული პროპაგანდა, იმდენად არათანმიმდევრულია საქართველოს პასუხი კრემლიდან მომავალ საფრთხეებზე.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში სახელმწიფო სტრუქტურებში შეიქმნა სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურები (სტრატკომები), რომლებმაც, მათ შორის, რუსული პროპაგანდის გავლენების შემცირებაზე უნდა იმუშაონ, ოპოზიცია მაინც ხშირად ადანაშაულებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ მან არათუ ეფექტური ინსტრუმენტები ვერ შექმნა რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ. უფრო მეტიც, ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლება პირდაპირ ან ირიბად მონაწილეობს ამ პროპაგანდაში პროპრუსული პარტიებისა თუ მედიასაშუალებების გაძლიერებით. ისინი ხელისუფლებას აკრძალვების გზით სიარულს ურჩევენ.

ჯერ კიდევ 2016 წელს ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა ხელისუფლებას რუსული პროპაგანდისტული არხების აკრძალვის მოთხოვნით მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. (2008 წლის ომის დაბლოკილი რუსული არხების ტრანსლირება 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ განახლდა). დღესდღეობით კი “ევროპული საქართველო” მუშაობს საკანონმდებლო პაკეტზე პროპაგანდის წინააღმდეგ, რომელმაც კრემლთან დაკავშირებული ფულის ხარჯვა უნდა აკრძალოს.

ნატა ძველიშვილი

გარდა იმისა, რომ პროპაგანდისტული არხების აკრძალვა წარმოშობს დილემას სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის თვალსაზრისით, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორის, ნატა ძველიშვილის აზრით, ის არაეფექტურიცაა და ვერცერთმა სახელმწიფომ, რომელმაც ამგვარი ზომები გამოიყენა, შედეგი ვერ მიიღო.

“ტექნოლოგიები ვითარდება და ძალიან ადვილია კანონის გვერდის ავლით იგივე მიზნის მიღწევა, რაც კანონით იზღუდება. მაგალითად, თუ აკრძალავ ტერესტრიალურ მაუწყებლობას, ინტერნეტით გავრცელდება; თანამგზავრში ჩაერთვება და სხვა. საქართველოში “სპუტნიკს” როდესაც კანონის ფარგლებში შეუზღუდეს მაუწყებლობის უფლება, ინტერნეტ-საიტი გააკეთეს. დღეს ჩვენ ეთერში გვაქვს რუსული გასართობი პირველი არხი, რაც სრულ თანხვედრაშია კანონთან. თუ აკრძალავ უცხო ქვეყნის მაუწყებლობას, დააფუძნებს ადგილობრივ შპს-ს და ისე გაავრცელებს ინფორმაციას. ჩვენ  უნდა შევძლოთ, რომ აუდიტორიას არ მოუნდეს ამგვარი მედიასაშაულების მიღება. თუკი რეალურად გვინდა პროპაგანდასთან ბრძოლა, სახელმწიფომ უნდა იმუშაოს მოქალაქეობრივი თვითშეგნების, მედიაწიგნიერების, ინტერგნეტწიგნიერებისა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გაზრდაზე, ქართული მაუწყებლების შეღწევადობის გაზრდაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საზღვრისპირა რეგიონებში, ასევე, მედიაგარემოს გაუმჯობესებაზე”, – უთხრა ნატა ძველიშვილმა ნეტგაზეთს.

მისი აზრით, სახელმწიფო სტრუქტურებს არ აქვთ პრობლემის მოგვარების ერთიანი ხედვა. მაგალითად, სუს-ის ყოველწლიურ ანგარიშში წერია, რომ დეზინფორმაცია პრობლემაა, თუმცა არაფერია ნათქვამი, რა კეთდება ამ პრობლემის გადასაწყვეტად. ასევე, უცნობია, რას აკეთებენ შესაბამისი უწყებები რუსეთთან დაკავშირებული ორგანიზაციების ფინანსური გამჭვირვალობის თვალსაზრისით.

“პრობლემის იდენტიფიცრება საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია მისი მოგვარების გზები, რომელიც სახელმწიფოს ჩართულობის, ერთიანი სტრატეგიისა და ხედვის გარეშე წარმოუდგენელი იქნება”, – დასძინა ნატა ძველიშვილმა.

ბალტიის ქვეყნების გამოცდილება

რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის წინა ხაზზე ბალტიის ქვეყნები არიან. პრაღაში მოქმედი “ევროპული ფასეულობების ინსტიტუტი” ყოველწლიურად იკვლევს, თუ როგორ უმკლავდებიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და მათი მოკავშირეები რუსული დეზინფორმაციის კამპანიას. რეიტინგი სამი კრიტერიუმით დგება – ფასდება სახელმწიფოების მიერ რუსეთიდან მომავალის დეზინფორმაციის გაცნობიერების დონე, კონტრ-ზომები სამთავრობო დონეზე და დაზვერვის სამსახურების აქტივობები. რეიტინგში ლიტვა, ლატვია და ესტონეთი ლიდერობენ.

ბალტიის ქვეყნები, გარდა იმისა, რომ აქტიურად თანამშრომლობენ ნატოსა და ევროკავშირის სტრატკომებთან, მკაფიო პოლიტიკა აქვთ ჩამოყალიბებული ქვეყნის შიგნით რუსულ პროპაგანდასთან საბრძოლველად. ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის ხელისუფლების წარმომადგენლები არ აძლევენ ინტერვიუებს რუსულ მედიასაშუალებებს. ასევე, იყო რუსული არხების აკრძალვის შემთხვევები. რუსულენოვანი მოსახლეობის უკეთ ინფორმირების მიზნით კი, ესტონეთსა და ლატვიაში საზოგადოებრივი მაუწყებლის ბაზაზე რუსულენოვანი არხები შეიქმნა. (აქართველოში ასეთი ტელევიზია “პირველი კავკასიური”, პირიქით, დაიხურა). სახელმწიფო სტრუქტურები აქტიურად თანამშრომლობენ სამოქალაქეო საზოგადოებასთან  – მოქალაქე ჟურნალისტები ჩართული არიან დეზინფორმაციასთან ბრძოლის კამპანიაში სოციალურ მედიაში, მათ შორის, კრემლის ტროლებისა და ბოტების მხილების მიმართულებით. ლიტვის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ლიტველმა სპეციალისტებმა შექმნეს ხელოვნური ინტელექტის პროგრამა, რომელსაც დეზინფორმაციის იდენტიფიცირება 2 წუთში შეუძლია.

რაც შეეხება დაზვერვის სამსახურებს, ისინი აქტიურად მუშაობენ რუსი აგენტების გამოვლენისა და დაკავების კუთხით. ასევე, აქვეყნებენ დეტალურ ანგარიშებს რუსული გავლენებისა და იმ საფრთხეების შესახებ, რომელსაც პრორუსული ძალები ეროვნულ უსაფრთხოებას უქმნიან.

რუსული პროპაგანდა სახელმწიფო დონეზე “დაკანონებულია” ისეთი დოკუმენტებით, როგორიცაა სახელმწიფო უსაფრთხოების სტრატეგია და საგარეო პოლიტიკის კონცეფცია. ამ დოკუმენტებში ღიად არის დეკლარირებული მოსკოვის განზრახვა, საზოგადოებრივ აზრზე ინფორმაციული გავლენის მოსაპოვებლად ეფექტური საშუალებები, მათ შორის, რუსული მედიის როლი განავითაროს საზღვრებს გარეთაც. სწორედ ამ მიზანს ემსახურება რუსული პროპაგანდისტული მედიასაშაულებები: Russia today და სპუტნიკი.

საპასუხოდ, ბალტიის ქვეყნებს, რუსული პროპაგანდა სტრატეგიის დოკუმენტებით აქვთ კლასიფიცირებული, როგორც საფრთხე, მაშინ, როცა ბევრი ქვეყანა მსგავს სახელმწიფო სტრატეგიის დოკუმენტებში მხოლოდ ზოგადად საუბრობს კიბერუსაფრთხოებასა და დეზინფორმაციის კამპანიებზე.

რას გულისხმობს სტრატეგიული კომუნიკაცია

ამერიკის შეერთებულ შტატების პოლიტიკურ და საექსპერტო წრეებში სტრატეგიული კომუნიკაციის გაძლიერების აუცილებლობზე ერაყსა და ავღანეთში მიმდინარე ოპერაციების ფონზე დაფიქრდნენ, ჩათვალეს რა, რომ საინფორმაციო ომს აგებდნენ. კონკრეტულად რუსულ პროპაგანდას კი, როგორც რუსეთის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის ერთ-ერთ მექანიზმს, დასავლეთმა ყურადღება მიაქცია განსაკუთრებით 2014 წლის შემდეგ, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე. გამოწვევასთან გასამკლავებლად ევროპულმა საბჭომ 2015 წლის მარტში მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციის სამუშაო ჯგუფის (East StratCom Task Force) შექმნის თაობაზე, ნატო-ში კი სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრი ფუნქციონირებს.

სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურები შექმნილია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასა და ისეთ უწყებებში, როგორიცაა საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები. საბოლოოდ, ეს სტრატკომები ერთი ქოლგის ქვეშ უნდა გაერთიანდნენ, რათა სხვადასხვა შტოსა და უწყებას შორის სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხების კოორდინაციის ინსტიტუციური მექანიზმები შეიქმნას. ერთიანი სამთავრობო გეგმის გარდა, სტრატეგიული კომუნიკაციის მხარდაჭერა შეიძლება საკანონმდებლო დონეზეც განისაზღვროს. პარლამენტის მიერ შესაბამისი კანონმდებლობის მიღების იდეა 24 სექტემბერს თბილისში გამართული სტრატეგიული კომუნიკაციის ფორუმზე გაჩნდა.

როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს სტრატეგიული კომუნიკაცია ანტიდასავლური პროპაგანდის საპასუხოდ? – მმართველ გუნდში ერთმნიშვნელოვნად აცხადებენ, რომ პროპაგანდას პროპაგანდით არ უპასუხებენ.

“მთავარი, რითაც უნდა დავუპირისპირდეთ პროპაგანდას, არის მოქალაქეების უფრო მეტად ინფორმირება იმ სარგებელზე, რეფორმებზე, რაც გვაქვს. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ წარმატებული ნარატივი ქვეყნის შიგნით და ეს პირდაპირ აისახება საგარეო პოლიტიკის წარმატებაზეც. ასე რომ, კონტრპროპაგანდა ნამდვილად არ არის ჩვენი პასუხი, არამედ – ინფორმირებულობის გაზრდა. პრობლემა ვიცით, რაც არის, ისევე, როგორც ბრძოლის საშუალებები და ინსტრუმენტებიც ვიცით, როგორი უნდა იყოს, ახლა საჭიროა ეს უფრო ეფექტიანად განვახორციელოთ”, – ამბობს “ნეტგაზეთთან” პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა.

“ნეტგაზეთი” დაინტერესდა, ასევე, რა პოლიტიკა აქვთ სახელმწიფო უწყებებში შექმნილ სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტებს უშუალოდ რუსულ პროპაგანდასთან მიმართებით. საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს სტრატკომების პასუხები შეგიძლიათ იხილოთ აქ:

საგარეო საქმეთა სამინისტრო
დეპარტამენტი ახორციელებს “ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის შესახებ მთავრობის სტრატეგიის 2017-2020 წლებისთვის” ეფექტიან კოორდინაციას. სტრატეგიის სამოქმედო გეგმა კი მოიცავს კონკრეტულ აქტივობებს, რომლებიც ხელს უწყობს ქვეყანაში ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით განხორციელებული რეფორმების შესახებ ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას.

სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი და სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი “საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ”, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, შესაბამის სამინისტროებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან ერთად, რეგულარულად ატარებს შეხვედრებს, ტრენინგებსა და კონფერენციებს, ასევე სხვადასხვა სახის აქტივობას თბილისსა და რეგიონებში სტუდენტების, მასწავლებლების, სამღვდელოების, ეთნიკური უმცირესობის, ბიზნესსექტორისა და სხვა სამიზნე ჯგუფებისთვის.

2017 წლის განმავლობაში აღნიშნულმა აქტივობებმა 28 000-მდე ადამიანი მოიცვა. საზღვარგარეთ საქართველოს ცნობადობის ამაღლებისა და პოზიტიური იმიჯის განმტკიცების მიზნით, დეპარტამენტი ახდენს საელჩოებისთვის საკომუნიკაციო გზავნილებისა და მასალების მომზადებას ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესებისა და წარმატებული რეფორმების შესახებ, რაც ხელს უწყობს ქვეყნის პროდასავლური პოლიტიკის გატარებას ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან და განამტკიცებს ქვეყნის იმიჯს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
ყველა მნიშვნელოვან დოკუმენტში, მათ შორის, თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტში საუბარია რუსულ ჰიბრიდულ გამოწვევებზე, განსაკუთრებით რბილ ძალაზე და საინფორმაციო ომზე. საკომუნიკაციო სტრატეგიის ფარგლებში გატარებულ პროპაგანდის საწინააღმდეგო ღონისძიებებს შორისაა:

  • საინფორმაციო გარემოს გაანალიზება, მტრული ნარატივების იდენტიფიკაცია, სამიზნე ჯგუფების ანალიზი და შესაბამისად, ადეკვატური საწინააღმდეგო რეაგირება;
  • პირველად, შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში, სარდლობებში და ეროვნულ გვარდიაში შეიქმნა საზოგადოებრივ საქმეთა ოფიცრების ინსტიტუტი, რომელიც ხელს უწყობს შეიარაღებულ ძალებში და საზოგადოებაში სამინისტროს საქმიანობის, ნატო-სთან ურთიერთობის და რეფორმების შესახებ სწორი ინფორმაციის პროაქტიურ მიწოდებას, რაც ანეიტრალებს რუსულ პროპაგანდისტულ მიზნებს;
  • სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტების, ასევე გენერალური შტაბის შესაბამისი წარმომადგენლების მიერ აქტიურად მიმდინარეობს კომუნიკაცია შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან პროპაგანდასა და საინფორმაციო ომის მეთოდებზე, რაც ხელს უწყობს მათ ინფორმირებულობას ჰიბრიდულ საფრთხეებზე;
  • თავდაცვის სამინისტრო ყოველთვიურად აქვეყნებს სამენოვან (ქართული, აზერბაიჯანული, სომხური) უწყებრივ გაზეთს მიმდინარე რეფორმებისა და პროპაგანდისტულ საფრთხეებსა და მტრულ ნარატივებზე, სამინისტროს უკეთ პოზიციონირების მიზნით. იუსტიციის სამინისტროსა და სამოქალაქო თანასწორობისა და რეინტეგრაციის სამინისტროსთან აქტიური უწყებათშორისი თანამშრომლობით მოცემული გაზეთი შეიარაღებული ძალების ბრიგადების გარდა ასევე ვრცელდება მოსახლეობაში;
  • ყოველწლიურად ატარებს მედიასწავლებას “ღირსეული პასუხი”, რომელიც მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე ტარდება;
  • სამინისტრო პროპაგანდის წინააღმდეგ აქტიურად თანამშრომლობს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და პერიოდულად მართავს სხვადასხვა დონის შეხვედრებს;
  • ყურადღებას აქცევს ჰიბრიდულ გამოწვევებს და შესაბამისად ეროვნულ სწავლებებში, როგორიცაა დიდგორი და ინფო, მნიშვნელოვან აქცენტს აკეთებს საინფორმაციო ოპერაციებზე, სადაც სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი აქტიურად არის ჩართული;
  • სტრატეგიული კომუნიკაციების კუთხით თავდაცვის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ნატო-ს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრთან, რომელთანაც 2016 წელს თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მოცემული მემორანდუმის ფარგლებში 2018 წელს სტრატეგიული კომუნიკაციების თანამშრომელი კვლევითი მივლინებით იმყოფებოდა ცენტრში. ასევე, მიმდინარე წლის ნოემბერში დაგეგმილია ქართველი და ნატო-ს სტრატეგიული კომუნიკაციების ექსპერტების ერთობლივი ტრენინგ კურსი თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში, დარგში ექსპერტიზის ამაღლების მიზნით;
  • პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს ორმხრივი ურთიერთობების განვითარება ნატო-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის ლიტვასთან და უკრაინასთან, რომელთა გამოცდილება რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ მნიშვნელოვანია საქართველოში არსებული რეალობისთვის;
  • ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების საკომუნიკაციო სტრატეგიის თავდაცვის სამინისტროს სამოქმედო გეგმის ფარგლებში სამინისტრო აქტიურად ახორცილებს კომუნიკაციას საერთაშორისო მისიების, ნატო-სთან თანამშრომლობის მნიშვნელობის, ევროკავშირის მისიებში მონაწილეობის და სხვა საკითხების შესახებ.

რამდენად ეფექტიანია საქართველოს სტრატეგიული კომუნიკაცია დღეს?

“სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი – საქართველოს” ხელმძღვანელი გიორგი მოლოდინი, რომელიც თავდაცვის მინისტრი მრჩეველი იყო და თავდაცვის უწყებაში სტრატკომის ჩამოყალიბებაში მონაწილეობდა, მთავრობის სტრატეგიულ კომუნიკაციის ეფექტიანობას 10-ქულიანი სისტემით 5 ქულით აფასებს.

გიორგი მოლოდინი

მოლოდინის თქმით, სამწუხაროდ, საქართველო ჯერ კიდევ იმ ეტაპზეა, როცა სახელმწიფო უწყებები და ხელმძღვანელი თანამდებობის პირები ბოლომდე ვერ აცნობიერებენ სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობას და ის პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგის კომუნიკაციაში ეშლებათ.

“სანამ ხელმძღვანელობა არ გააცნობიერებს, რომ სტრატეგიული კომუნიკაცია უფრო მეტია, ვიდრე საზოგადოებასთან ურთიერთობა, ინტეგრირებული მარკეტინგი და ა.შ, მანამდე ჩვენ ვიქნებით ამ მიმზიდველი სათაურის ტყვეობაში. სამოქალაქო სექტორის აქტივობა ჰიბრიდულ საფრთხეებთან გასამკლავებლად ზღვაში წვეთია. სახელმწიფოს მხრიდან უნდა მოხდეს პროფესიონალების ინტეგრირება სტრატეგიულ კომუნიკაციებში, უწყებების მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, ორმხრივი კომუნიკაცია საზოგადოებასთან და მწყობრი ნარატივის შექმნა, როდესაც მოსახლეობამ იცის, საით მიდის ქვეყანა. ჯერჯერობით პრობლემას წარმოადგენს პროფესიონალიზმის, მოტივაციის ნაკლებობა და ხელმძღვანელობის გულგრილობა სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართ”, – ამბობს მოლოდინი “ნეტგაზეთთან” ინტერვიუში.

მისივე მოსაზრებით, სტრატეგიული კომუნიკაციები უფრო მეტია, ვიდრე დეზინფორმაციასთან ბრძოლა.

“ჩვენს რეალობაში ეს არის ეროვნული უსაფრთხოების მხარდამჭერი ინსტრუმენტი, რომელმაც უნდა გააძლიეროს სახელმწიფოს ეროვნული ნარატივი და უზრუნველყოს მოქალაქეების ჩართულობა სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში. სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის გაუცხოება აძლიერებს ჰიბრიდულ საფრთხეებს – მოწინააღმდეგე იწყებს ამ გათიშულობის  კიდევ უფრო გაღრმავებას და ალტერნატიული ნარატივის შემოტანას”, – ამბობს მოლოდინი.

“საქართველოს ატლანტიკური საბჭოს” პრეზიდენტის, დავით სიხარულიძის აზრით, საქართველოში სახელმწიფოს სტრატეგიული კომუნიკაციის სისტემა სრულიად მოშლილია და ამას რამდნეიმე ძირითადი მიზეზი აქვს:

დავით სიხარულიძე

“პირველი და ყველაზე მთავარი პრობლემა არის ინსტიტუციური მექანიზმის არქონა. ეფექტიან სტრატეგიულ კომუნიკაციას სჭირდება მაღალ პოლიტიკურ დონეზე კოორდინაციის მექანიზმი, სადაც უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები შეიკრიბებიან და ქვეყნის ინტერესების შესაბამის გზავნილებს შეიმუშავებენ. თქვენ იცით, რომ პოლიტიკის ფორმულირება და მისი კომუნიკაცია სტრატეგიული კომუნიკაციის ერთ-ერთი ფუნდამენტური კომპონენტია. შესაბამისად, ეს ასევე დაკავშირებულია საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების, მისი განხორციელებისა და კოორდინაციის ინსტიტუციური მექანიზმების მოშლასთან, მხედველობაში მაქვს უშიშროების საბჭო. ჯერ ორი საბჭოს შექმნეს, შემდეგ ახალი კონსტიტუციით ორივე გააუქმეს”, – უთხრა სიხარულიძემ “ნეტგაზეთს”.

მისივე მოსაზრებით, მეორე უმთავრესი პრობლემაა მკაფიოდ ფორმულირებული პოლიტიკის არქონა:

“ეს ეხმაურება არაფორმალური მმართველობის სისტემას, რომელიც საქართველოში ჩამოყალბდა, როდესაც ფორმალურ თანამდებობაზე მყოფი პირები სწორედ არაფორმალური მმართველის გზავნილს ელოდებიან, სანამ რაღაც გადაწყვეტილებას მიიღებენ ან პოლიტიკის ფორმულირებას გააკეთებენ. კომუნიკაციის სტრატეგია ვერ იმუშავებს ეფექტურად, თუ არ არის მკაფიოდ ფორუმილირებული პოლიტიკა ამ მიმართულებით”.

დავით სიხარულიძე დაგვიანებული სტრატეგიული კომუნიკაციის მაგალითად ასახალებს ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით რუსულ დეზინფორმაციაზე საქართველოს პასუხს:

“შედარებით მარტივია, უპასუხო მსგავს გებელსის სტილის პროპაგანდას, მაგრამ ამ შემთხვევაშიც დაგვიანდა რეაგირება. ეს მხოლოდ ერთი მაგალითია მაშინ, როდესაც ბევრად უფრო სერიოზული მაგალითები გვაქვს, როდესაც საქმე ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, ამ ოკუპურებული ტერიტორიებზე რუსულ აგრესიას, ადამიანების გატაცებას და ა.შ. ამ მიმართულებთ ჩვენი სახელმწიფოს სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემა არ არის ეფექტური”.

სტრატეგიული კომუნიკაციები საქართველოში, ძირითადად, პარტნიორი ქვეყნებისა და დონორების დახმარებით იგეგმება, თუმცა მისი განხორციელების ეფექტიანობა მთლიანად ხელისუფლების ქმედებებზეა დამოკიდებული. 3 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სტრატეგიული კომუნიკაციების გასაძლიერებლად საქართველოს ნახევარ მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს. თანხა გადაეცემა „საინფორმაციო ცენტრს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ”, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოების ინფორმირებულობა იმ სიკეთეებთან დაკავშირებით, რომლებიც ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას მოაქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი