ახალი ამბებისაზოგადოება

“ახმეტა-ვირუსის” აღმოჩენა და სხვა ამბები ლუგარის ლაბორატორიაზე, რომელიც შესაძლოა არ იცოდით

8 ოქტომბერი, 2018 • 39650
“ახმეტა-ვირუსის” აღმოჩენა და სხვა ამბები ლუგარის ლაბორატორიაზე, რომელიც შესაძლოა არ იცოდით

თბილისში მდებარე ლუგარის სახელობის ლაბორატორია, რომელიც ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერით აშენდა და საქართველოს საკუთრებაა, რუსეთის პროპაგანდის და ოფიციალური პირების თავდასხმის ობიექტი არაერთხელ გამხდარა. რას საქმიანობს და რა საკითხებს სწავლობს ლაბორატორია? “ნეტგაზეთი” ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობასა და ქვეყნისათვის მის მნიშვნელობაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეს, პაატა იმნაძეს ესაუბრა.

1. ქვეყანაში გავრცელებული ბაქტერიებისა და ვირუსების შესწავლა

ლაბორატორიის საქმიანობის ძირითადი სფერო ქვეყანაში გავრცელებული ბაქტერიებისა და ვირუსების შესწავლას მოიცავს. როგორც პაატა იმნაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, ლაბორატორიაში მუშაობენ ყველაფერზე, რაც  შეიძლება  ქვეყანაში იყოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის პრობლემა. კერძოდ იკვლევენ, რა ინფექციებია საქართველოში გავრცელებული, რომელ გეოგრაფიულ არეალში და ადგენენ მათ წარმომავლობას:

“ხშირად მეკითხებიან ხოლმე, რომელი გრიპის ვირუსია ქვეყანაში გავრცელებულიო… სწორედ ეს ლაბორატორია სწავლობს ამ საკითხს და ვიგებთ, რა ვირუსებთან გვაქვს საქმე. ამასთანავე,  ყოველკვირეულად ვებგვერდზე [ncdc.ge] ვავრცელებთ ინფორმაციას, რომელი რესპირატორული ვირუსები ვრცელდება ქვეყანაში.

ეს იმითაა მნიშვნელოვანი, რომ მედიკოსებმა იცოდნენ: მოცემულ მომენტში რა ვირუსებია ქვეყანაში გავრცელებული.  ამ ინფორმაციას ყოველკვირეულად ვაქვეყნებთ ჩვენს ვებგვერდზე – ეს ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ რას ვაკეთებთ. როდესაც გრიპის სეზონი იწყება, ვადგენთ, რომელი გრიპია გავრცელებული. ფაქტობრივად, პულსზე გვიდევს ხელი ამ კუთხით, თუ რა ხდება ქვეყანაში”, – ამბობს იმნაძე.

პაატა იმნაძის განცხადებით, ლაბორატორიას ქვეყნის ბიოუსაფრთხოებისთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან სწორედ აქ დგინდება ამა თუ იმ ვირუსისა და ბაქტერიის წარმომავლობა:

“ქვეყნის უსაფრთხოებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ, მიკრობი  ბუნებრივია, ჩვენია- თუ შემოტანილი.  ყოფილა შემთხვევები, ჩვენ დაგვიჭერია მიკროორგანიზმები და აღმოჩენილა, რომ შემოტანილია.

დღეს მოძრაობა გახშირებულია, ადამიანი ახლა რომ აქაა, რამდენიმე საათში დედამიწის მეორე კუთხეშია. ნებისმიერ დროს ადამიანი შეიძლება რაღაცით დაავადდეს და წავიდეს სხვა ქვეყანაში. ინკუბაციურ პერიოდში ვერავინ გაიგებს, რომ ის ავადაა და აქ რომ გამოუმჟღავნდება  დაავადება, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, სად გახდა ავად”, – ამბობს იმნაძე.

2. სპეციალისტების მომზადება

მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება, რაზეც ლუგარის ლაბორატორიაში მუშაობენ, სპეციალისტების გადამზადებაა. პაატა იმნაძის გნამარტებით, ლაბორატორიაში ქართველი სპეციალისტები ადგილობრივ და უცხოელ კადრებს სხვადასხვა მიკრობებთან მუშაობასა და ბიოუსაფრთხოების წესებს ასწავლიან:

“საქართველოში უამრავი კერძო ლაბორატორიაა. ჩვენ ვამზადებ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ კერძო ლაბორატორიებში მუშაობენ. ვასწავლით ბიოუსაფრთხოების წესებს, როგორ უნდა იმუშაონ უსაფრთხოდ ლაბორატორიებში. არამარტო ქართველებს, უცხოელებსაც ვასწავლით. იგივე ლუგარის ცენტრში ბოლოს გვყავდა ეგვიპტელები, რომლებსაც გრიპის დიაგნოსტიკას ვასწავლიდით. ჩვენ  გვყავს ძალიან მაღალი კლასის ქართველი ექსპერტები, რომლებიც პედაგოგები არიან”, – ამბობს იმნაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

3. “ქვეყნის მასშტაბით უნიკალური მოწყობილობები”

პაატა იმნაძის თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში ქვეყნის მასშტაბით უნიკალური დანადგარები აქვთ, რომელიც არა მხოლოდ ლაბორატორიის პერსონალს, არამედ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომელს კვლევითი საქმიანობის გნახორციელებაში ეხმარება.

ამ კუთხით,იმნაძე მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიას გამოყოფს:

“ჩვენთან, მაგალითად, არის დანადგარი, რომელიც გენების თანმიმდევრობას ადგენს.  ჩვენ ძირითადად ვიყენებთ მიკრობების, ვირუსების და ბაქტერიების ერთმანეთისგან გასარჩევად, რადგან როგორც ადამიანები განირჩევიან გენეტიკურად, დნმ-ით, ასევეა მიკრობების შემთხვევაშიც და ამ მოწყობილობის დახმარებით შეგვიძლია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული მიკრობები გავარჩიოთ ერთმანეთისგან.

თუმცა, რადგან ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს, რომ გენეტიკური კვლევები ჩავატაროთ, ამით საქართველოში არსებული უნივერსიტეტებიც სარგებლობენ”, – ამბობს იმნაძე.

პაატა იმნაძის თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში სხვადასხვა უნივერსიტეტის პერსონალი, მაგისტრანტები და დოქტორანტები სრულიად უსასყიდლოდ სწავლობდნენ ქართული ხვლიკებისა და დათვების გენომს:

“რადგან ეს აპარატურა მარტო ჩვენ გვაქვს, ყველა უნივერსიტეტეიდან დადიან მაგისტრანტები, დოქტორანტები და ჩვენთან აკეთებენ თავიანთ კვლევებს. აგრარული უივერსიტეტის თანამშრომლები, მაგალითად, ქართული ვაზის ჯიშების გენომს სწავლობდნენ, ასევე, ქართული ხორბლის ჯიშების გენომს და ა.შ.”- ამბობს იმნაძე.

4. მიკრობების ეროვნული კოლექციის საცავი

გარდა კვლევითი და საგანმანათლებლო საქმიანობისა, ლუგარის ლაბორატორია იმითაცაა უნიკალური, რომ იქ ქვეყანაში არსებული მიკრობების კოლექციაა დაცული.

ლაბორატორიის ხელმძღვანელის თქმით, კოლექცია 2013 წლმდე ასათიანის ქუჩაზე განთავსებულ შენობაში ინახებოდა:

“ეს არის ეროვნული კოლექცია. რაც კი ქვეყანაში მიკრობებია გამოყოფილი, ამ ყველაფერს ვინახავთ, რა თქმა უნდა, რადგან ეს არის ჩვენი ეროვნული სიმდიდრე. უნდა ვიცოდეთ, ქვეყანაში რა მიკრობებია, რომ გენეტიკურად კარგად შევისწავლოთ და თუ დაგვჭირდა, შევადაროთ ახალგამოყოფილ მიკრობს. ასე დავადგენთ- ეს ადგილობრივია, თუ შემოტანილი. თუ ჩვენია, ვიკვლევთ რომელი რეგიონიდანაა, რომელი ადგილისთვის დამახასიათებელი მიკრობებია.

რომ ამბობენ, როგორი დაცულები არიანო [ლაბორატორიაში], იმიტომ ვართ დაცულები, რომ აქ ინახება  მთელი ქვეყნის მიკრობების კოლექცია. ადრე ასათიანზე ინახებოდა. ახლა გაცილებით უკეთ გვაქვს დაცული, ვიდრე მაშინ”, – ამბობს იმნაძე ნეტგაზეთთან საუბრისას.

5. ახალი დაავადებების აღმოჩენა და დიაგნოსტირება

ლუგარის ლაბორატორია ახალი ვირუსების აღმოჩენითაცაა დაკავებული. როგორც იმნაძე ამბობს, კვლევების შედეგად, ახმეტაში ახალი ვირუსი აღმოაჩინეს, რომელსაც ახმეტა-ვირუსი დაარქვეს:

“ძალიან ამაყები ვართ, რომ ვიპოვეთ ახალი ვირუსი, რომელიც ძალიან იშვიათია. ახმეტა-ვირუსი ეწოდა იმიტომ, რომ პირველად იქ აღმოვაჩინეთ. მთებში  ძროხებს დაემართათ. თავდაპირველად ძროხის ყვავილი გვეგონა,  მაგრამ აღმოჩნდა, რომ მონათესავე ვირუსია, სულ სხვა და ერთ-ერთი უძველესი”, – ამბობს იმნაძე.

გარდა ამისა, იმნაძის თქმით, საქართველოში პირველად აღმოაჩინეს პარაპოქს ვირუსიც, რომლის ავადობის წელიწადში 100 შემთხვევა ფიქსირდება. იმნაძის თქმით, ეს ვირუსი მძიმე დაავადებას არ იწვევს.

იმნაძის თქმით, ახალი ვირუსების აღმოჩენით მედიკოსებს პაციენტისთვის სწორი დიაგნოზის დასმა უადვილდებათ. როგორც ლაბორატორიის ხელმძღვანელი ამბობს, საქართველოში ახლად აღმოჩენილი პარაპოქს ვირუსი შეიძლება ექიმს ჯილეხში აერიოს, თუმცა მსგავსი აღმოჩენებისა და ინფორმაციის გავრცელების შემდეგ დაავადების სწორი დიაგნოსტირება ხდება:

“ახლა ჩვენმა ექიმებმა უკვე იციან, რომ როდესაც ავადმყოფი მიდის წყლულით და ცხოველთან იყო კონტაქტში, ეს არა მარტო ჯილეხი შეიძლება იყოს, არამედ ეს ვირუსიც.

დიაგნოსტიკას ვაკეთებთ, რა თქმა უნდა, რადგან ამის შესაძლებლობა მარტო ჩვენ გვაქვს. პაციენტი მიმართავს სტაციონარს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩვენ გვაქვს ჩვენი ქსელი. აუღებენ ამ პაციენტებს ნიმუშებს, შემდეგ ეს გამოიგზავნება ან ჩვენს განყოფილებაში ქუთაისსა და ბათუმში, ან თბილისში – ლუგარის ლაბორატორიაში”, – ამბობს იმნაძე.


მესამე დონის უსაფრთხოების ლაბორატორიები მსოფლიოში

ლუგარის ლაბორატორია საქართველოში ერთადერთი მესამე დონის უსაფრთხოების ლაბორატორიაა:

“ასეთი ლაბორატორია აქვს ყველა ქვეყანას. ჩვენ მესამე დონის უსაფრთხოების ლაბორატორია გვაქვს, რომელშიც ყველაფერზე შეგვიძლია ვიმუშაოთ, რაც ჩვენს ქვეყანაში არის. მაგრამ, მაგალითად, ებოლას ვირუსზე, ვერ ვიმუშავებთ, რადგან ებოლა ჩვენს ქვეყანაში არ არის და თან ძალიან სახიფათოა. იმას სჭირდება მეოთხე დონის უსაფრთხოების ლაბორატორია”, – ამბობს იმნაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისი თქმით, მესამე დონის ლაბორატორიები ყველა ქვეყნაშია. მათ შორის ამერიკელი პარტნიორების დახმარებით, მსგავსი ლაბორატორია აშენდა აზერბაიჯანში. მესამე დონის უსაფრთხოების ლაბორატორია მუშაობს თურქეთშიც. ამერიკაში კი, იმნაძის თქმით,მსგავსი ლაბორატორიები უნივერსიტეტების უმეტესობას აქვს.

რაც შეეხება მეოთხე დონის უსაფრთხოების ლაბორატორიებს, იმნაძის თქმით, მსგავსი ლაბორატორიები ევროპის ბევრი ქვეყნისთვის ფუფუნებაა. მეოთხე დონის ლაბორატორია აქვთ საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიასა და შვედეთში. ასეთი ლაბორატორია ფუნქციონირებს რუსეთშიც, აშშ-ში კი რამდენიმე ათეული მეოთხე დონის უსაფრთხოების ლაბორატორიაა.

ამავე თემაზე წაიკითხეთ:

რატომ ეხმარება აშშ საქართველოს, აზერბაიჯანს და სხვებს ლაბორატორიების მოწყობაში

რა საფრთხეს ქმნის რუსეთის შეტევა “ლუგარის ლაბორატორიაზე”

მასალების გადაბეჭდვის წესი