ახალი ამბები

ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის განხილვა საპარლამენტო კომიტეტში

15 აპრილი, 2014 • • 2884
ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის განხილვა საპარლამენტო კომიტეტში

კომიტეტის სხდომას, დეპუტატების გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე, არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები და სასულიერო პირები ესწრებიან.

 

“ამ კანონის მესამე მუხლის პირველი პუნქტის “დ” ქვეპუნქტში წერია, რომ კანონის მოქმედების სფერო არის სკოლამდელი აღზრდა, განათლება, განათლებაზე ხელმისაწვდომობა, მართლმსაჯულება, სამართალდამცავი და სასჯელაღსრულების სისტემა, თავდაცვა, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობა. ამ დარბაზში მსხდომი ხალხისგან ვის მიაჩნია ნორმად, რომ ჰომოსექსუალებს ეძლეოდეთ ბაგა-ბაღში აღმზრდელად და პედაგოგად მუშაობის უფლება? ან როგორ შეიძლება ჰომოსექსუალს ეძლეოდეს უფლება არმიაში? როგორ უყურებთ იმას, რომ გენერალი ჰომოსექსუალი იყოს და იბრძოდეს მეორე ადამიანთან ერთად?” – მიმართა ჯონდი ბაღათურიამ კომიტეტის სხდომაზე დამსწრეებს.

 

აღნიშნული კითხვის საპასუხოდ, კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ ბაღათურიას უპასუხა, რომ ვის, რა მიაჩნია, ეს კომიტეტის საქმიანობის სფერო არ არის: “მაპატიეთ, აქ სოციოლოგიური გამოკითხვის ადგილი არ არის.”

 

მთავრობის საპარლამენტო მდივნის, შალვა თადუმაძის თქმით, ბაღათურიას მიერ ნახსენებ ჩამონათვალში შეიძლება რაღაც მართლაც იყოს ზედმეტი:

 

“დღეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკრძალული არ არის. ამის არც კონტროლი ხდება. ამ არგუმენტით სამსახურში მიღება, ან სამსახურიდან გაგდება არ ხდება. შესაბამისი განაწესით აკრძალულია პროპაგანდა. ამ კონტექსტში დისკრიმინაცია იქნება ის, რომ ბავშვს, რომლის მშობელი, და, ძმა არის ჰომოსექსუალი, არ მიეცეს განათლების მიღების შესაძლებლობა.”

 

ხმალაძემ ბაღათურიას კითხვით მიმართა, სად შეიძლება იმუშაოს ჰომოსექსუალმა, ან მის პარტიაში თუ მიიღებდა ასეთ წევრს? – ამ კითხვაზე ბაღათურიამ ასეთი პასუხი გასცა:

 

“არ შეიძლება იმუშაოს სასჯელაღსრულების სისტემაში, თავდაცვის სისტემაში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ამათ გარდა, სადაც უნდა იმუშაონ. ჩვენს პარტიაში, როგორც წესი, არ მოდიან, რადგან რატომღაც მიაჩნიათ, რომ მათ დისკრიმინაციაზე  ვმუშაობთ. ჩვენ არავის დისკრიმინაციის მომხრე არ ვართ. “

 

კავშირ „საფარის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ბაია პატარაიამ კომიტეტის სხდომაზე 27 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული განცხადება წარმოადგინა, რომელშიც კანონპროექტთან დაკავშირებით არასამთავრობის შენიშვნებია ასახული:

 

“კანონპროექტის პირველადი ვარიანტი იუსტიციის სამინისტროსთან ერთად არასამთავროებმა შეიმუშავეს. ახლანდელი ვარიანტი არის გაუარესებული და რადიკალურად შეცვლილი. საერთოდ გამქრალია ინსპექტორის შექმნის პუნქტი და არ არის შემოთავაზებული ომბუდსმენთან არსებული ქმედითი საბჭო, რომელიც რეალურად იქნება დამოუკიდებელი და ძლიერი, მათ შორის ადამიანური და ფინანსური რესურსით, რომ შეძლოს ამ ფუქნციის განხორციელება. ასევე გაუქმებულია სანქციების დაწესების მექანიზმი. თუ კანონი წარმოდგენილი ფორმით მიიღეს, ჩვენ გვექნება ფურცელზე დაწერილი რაღაც მუხლები, რომელსაც ვერასოდეს ვერავინ გამოიყენებს,”-ამბობს პატარაია.

 

ანალოგიური პოზიცია აქვს “იდენტობის” წარმომადგენელ ნინო ბოლქვაძესაც:

 

“კანონპროექტის ამ სახით მიღებას აზრი არ აქვს, ფორმალური ხასიათის იქნება ეს მიღება, რადგან კანონი არ ითვალისწინებს იმ ერთადერთ მექანიზმს, რომელიც შეძლებდა დისკრიმინაციის აღკვეთას და პრევენციას. ჩვენ მხოლოდ ამისთვის გვინდა ეს კანონი და თუ ასეთი მექანიზმი არ იქნება ჩადებული, ეს ნიშნავს, რომ კანონი არ იმუშავებს.”

მასალების გადაბეჭდვის წესი