ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სასიკვდილო ნაღმები წითელ ხიდთან – საერთაშორისო მედია სამხრეთ კავკასიის შესახებ

10 ოქტომბერი, 2018 • 5475
სასიკვდილო ნაღმები წითელ ხიდთან – საერთაშორისო მედია სამხრეთ კავკასიის შესახებ

უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში საერთაშოროსო მედიის ყურადღება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში მიმდინარე რამდენიმე ამბავმა მიიპყრო.

რევოლუციონერები და კონტრრევოლუციონერები – ერევნის არჩევნები, როგორც პოსტრევოლუციური რეფერენდუმი

სანამ სომხეთი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით ნიკოლ ფაშინიანისა და საკანონმდებლო ორგანოს დაპირისპირების მოწმე გახდებოდა, ერევანში ახალი მერი აირჩიეს. არჩევნებში 81%–ით სომხეთის პრემიერის კანდიდატმა – მსახიობმა, შოუმენმა და სცენარისტმა ჰაიკ მარუტიანმა გაიმარჯვა. აღნიშნულს წინ უძღოდა საინტერესო საარჩევნო კამპანია, რომელმაც, როგორც Open Democracy-ს მიმომხილველი ჟანა ანდრეასიანი წერს, პროცესი არჩევნებზე მეტად პოსტრევოლუციურ რეფერენდუმად უფრო აქცია.

ქალაქის წინა მერის, ტარონ მარგარიანის გადადგომაც, თავის მხრივ, ერთიანი პროცესის ნაწილი იყო. რევოლუციიდან სულ რამდენიმე კვირაში სამოქალაქო აქტივისტებმა ქალაქის მერიის მიმდებარე მწვანე სკვერის რეკონსტრუქციის გასაპროტესტებლად ჯერ თავად სკვერი დაიკავეს, შემდეგ კი მუნიციპალური შენობაც და მერის გადადგომა მოითხოვეს. ნიკოლ ფაშინიანის გამოხმაურების ფონზე, რომ “პრობლემები ნაბიჯ–ნაბიჯ უნდა გადაიჭრას” და არა ყველა ოფიციალური პირის გადადგომის მოთხოვნით, მღელვარება ჩაცხრა, თუმცა მერმა პოსტი მაინც ვერ შეინარჩუნა, ის ივლისის თვეში გადადგა.

აღმასრულებელ ხელისუფლებაში მარცხის შემდეგ ექსპრეზიდენტ სარგსიანის “რესპუბლიკური პარტია” არჩევნებში არ ჩართულა. ნიკოლ ფაშინიანის ალიანსი კი ორი ბლოკით იყო წარმოდგენილი: ერთში პრემიერ–მინისტრის მხარდამჭერი ორი პარტია გაერთიანდა, მეორეში კი- ფაშინიანის “სამოქალაქო თანამშრომლობის პარტია”, სამოქალაქო ინიციატივის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები მნოძრაობიდან “ჩემი ნაბიჯი”. ეს სწორედ ის გაერთიანებაა, რომელმაც აპრილის აქციების დაწყებას მისცა ბიძგი, მისი ლიდერი კი აწ უკვე არჩევნებში გამარჯვეული მარუტიანია.

სტატიის ავტორის შეფასებით, ბლოკების ასე დაკომპლექტებით ფაშინიანის გუნდი შეეცადა, კიდევ ერთხელ აღენიშნა, რომ რევოლუცია ერთ პარტიას არ დაუწყია. ამ კონტექსტში ხაზგასასმელია “ჩემი ნაბიჯის” როლი, სადაც ძირითადად სამოქალაქო აქტივისტები ერთიანდებიან.

“ეს ნაბიჯი აღნიშნავს სამოქალაქო საზოგადოების “პოლიტიკურ პასუხისმგებლობას” მას შემდეგ, რაც ისინი ფაშინიანს შეუერთდნენ, რომელსაც აპრილ–მაისში ყველა პოლიტიკურმა ძალამ ზურგი აქცია”, – წერს Open Democracy-ს მიმომხილველი.

ამას გარდა, არჩევნებში სხვა არაერთი პარტია მონაწილეობდა, მათ შორის ისეთები, რომელთა შესახებ სომხეთის საზოგადოებას ბევრი არაფერი სმენია. პრეცედენტი, თავის მხრივ, მნიშვნელოვანია იმის წარმოსაჩენად, რომ ქვეყანაში პოლიტიკური სივრცე მეტად ღიაა, ვიდრე ადრე. ამ კუთხით რევოლუციის სულისჩამდგელებმა მიიღეს კარგი შესაძლებლობა, ეჩვენებინათ, რომ ერთ–ერთ უმთავრეს დაპირებას ასრულებენ და თავისუფალ, კონკურენტულ არჩევნებს ატარებენ.

ერევნის ახალი მერი არაერთი გამოწვევის წინაშეა. მიუხედავად კანდიდატთა მრავალფეროვნებისა, დიდად არ განსხვავდებოდა პრობლემები, რომლბზეც ისინი ორიენტირდებოდნენ. ქალაქი ყველა იმ სირთულეს განიცდის, რასაც სხვა დიდი დასახლებები მსოფლიოში, მათ შორის, ეკონომიკური განვითარების ტემპი, ინფრასტრუქტურა და უსაფრთხოება. სამაგიეროდ, განსხვავებული და მრავალფეროვანი იყო დაპირებები: პირდაპირი რეისები ერევნიდან ლოსანჯელესში, 70 000 სამუშაო ადგილი თუ სარეფერენდუმო განყოფილების გახსნა მუნიციპალიტეტში, მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად.

ის, რომ ერევნის ადგილობრივ არჩევნებს პოსტრევოლუციური რეფერენდუმის დატვირთვა უფრო ექნებოდა, ავტორის შეფასებით, კამპანიის პირველსავე დღეებში გამოჩნდა. ფაშინიანის რიტორიკამ ცხადყო, რომ ის კანდიდატებს ორ ნაწილად ყოფდა – რევოლუციური(მისი მხარდამჭერები) და არარევოლუციური(ყველა დანარჩენი).

“ფაშინიანი ამ მოვლენას[არჩევნებს] აღწერდა ბრძოლის გაგრძელებად მასსა სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს, ასევე მის კონკურენტ – კოჩარიანს შორის. მაღალი საზოგადოებრივი გავლენის ავტორიტეტის მქონე ფაშინიანის ამ განცხადებამ საარჩენო კამპანია მნიშვნელოვნად შეცვალა. კანდიდატებმა დაიწყეს კონტრრევოლუციონერთა ამოცნობა და საკუთარი სიმპათიების გამოხატვა რევოლუციისადმი…”, – აღნიშნავს ჟანა ანდრეასიანი და ამატებს:

“ფაშინიანი აგრძელებდა კამპანაიში აქტიურ მონაწილეობას და წინასაარჩევნო პლატფორმას ყოველდღე იყენებდა  ეროვნული პოლიტიკური დღის წესრიგის განხილვისათვის ქალაქის[ერევნის] წინაშე არსებული პრობლემების ნაცვლად”.

კამპანიისას ფაშინიანის მხრიდან გზავნილები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც ხმიანდებოდა, აღნიშნავდა რა, რომ ხალხის წინააღმდეგ წავიდოდა ყველა, ვინც აღნიშნულს შეეწინააღმდეგებოდა. ასევე აცხადებდა, რომ ერევნის არჩევნები ერთგვარი მანდატი იყო მისთვის, რათა შემდგომ პარლამენტისგან ვადამდელი არჩევნები მოეთხოვა. ავტორის შეფასებით, მსგავსი გზავნილების ფონზე შევიწროვდა პოლიტიკური სივრცე, რომელიც მანამდე ფაშინიანისვე სურვილით გაიხსნა:

“მაშინ, როცა ფაშინიანის ჩართულობას არ გადაუსვამს ხაზი ფაქტისთვის, რომ არჩევნებში 12 ძალა მონაწილეობდა, მაინც აღსანიშნავია, რომ მისი სტრატეგია მოიცავდა მხოლოდ ორ პოლიტიკურ სუბიექტს – თავად და ხალხს. სხვა არცერთ სუბიექტს ეს ლოგიკა არ ითვალისწინებს”.

ფაშინიანის კანდიდატმა არჩევნები მოიგო, თუმცა არა მაღალი საზოგადოებრივი ჩართულობით: საარჩევნო უბნებზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა მხოლოდ 43.65% მივიდა. Open Democracy-ს მიმომხილველის შეფასებით, ფაშინიანის სამომავლო წარმატება სწორედ იმაზეა დამოკიდებული, გაიგოს, ვინ არიან ჯგუფები, რომლებიც სახლებში დარჩნენ და რომელთაც ის არ იცნობს.

[red_box]დაჭრილები და დაღუპულები – ნაღმები წითელ ხიდთან[/red_box]

“ფრთხილად, ნაღმია” – წითელ ფონზე დატანილ წარწერას გამაფრთხილებელ სიმბოლოსთან ერთად წითელ ხიდთან, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე შეხვდებით. ტერიტორია სომხეთ-აზერბაიჯანის 1991 წლის ომის შემდეგ დანაღმულია, ინიციატივას კი იქაურობის გასაწმენდად არც ბაქო იჩენს და არც თბილისი. აღნიშნულს ვრცელ სტატიას “ევრაზიანეტი” უძღვნის.

ვინაიდან არეალი საქართველოს ტერიტორიაზე ექცევა, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია HALO trust, რომელიც ომის შემდგომი ნარჩენების გაუვნებელყოფაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით მუშაობს, თბილისისგან ადგილის გაწმენდის ნებართვას 2005 წლიდან ითხოვს. სტატისტიკის თანახმად, 1991 წლიდან დღემდე ნაღმებმა 13 ადგილიბრივი შეიწირა. არაერთმა ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

როცა საზღვრის ეს მონაკვეთი ინაღმებოდა, საქართველო სამოქალაქო ომის შემდგომ პოლიტიკურ დესტაბილიზაციაში იყო ჩაფლული. ამიტომ, როგორც “ევრაზიანეტი” წერს, აზერბაიჯანში შიშობდნენ, რომ თბილისიდან სომხეთს დახმარებას მიაწვდიდნენ. ომი 1994 წელს დამთავრდა, აზერბაიჯანმა საკუთარი მხარის განაღმვა 2016 წელს დაასრულა, თბილისისგან კი ამ კუთხით რაიმე არსებითი აქტივობა ჯერჯერობით არ ყოფილა.

საჰრან მუსაევი 20 წლის იყო, როცა ერთ-ერთ ასეთ ნაღმზე აფეთქების შედეგად ფეხი დაკარგა. ის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყოჩაღანში, პატარა ხის კოტეჯში დედასთან ერთად ცხოვრობს. ამბობს, რომ ინციდენტისას სიკვდილის შიშთან ერთად თავის მეზობელ აბდულაჰზე ფიქრობდა, რომელიც მანამდე ასეთივე ნაღმმა იმსხვერპლა. აცხადებს იმასაც, რომ ყურადღებას არავინ აქცევს და საქართველოს ხელისუფლებისგან მხოლოდ მცირე დახმარებას იღებს, თუმცა უკმაყოფილებას მაინც ბაქოს მიმართ გამოხატავს:

“თავი ვინ ჰგონიათ? ეს საქართველოს ტერიტორიაა!” – ეუბნება საჰრანი ჟურნალისტს.

ნაღმები ადვილად ალდება. 2018 წლის იანვარში აქ ცეცხლი გაჩნდა, რის შედეგადაც 28 ნაღმი ამოქმედდა. ადგილობრივი მცხოვრები იდენ ნამაზოვი ხანძრის გაჩენაში სომხურ მხარეს სდებს ბრალს, თუმცა მისი თქმით, ნაღმები აქ მცხოვრებ ადამიანებს ვერ იცავს.

“თუ ნაღმები აქ იმიტომაა, რომ  [სომხებისგან] დაგვიცავს, ეს მცდელობა განწირულია, ვინაიდან მრავალი ჩვენგანი დაიღუპა ან მძიმედ დაშავდა მათ გამო”, – ამბობს ის.

“ევრაზიანეტი” “ჯამ ნიუსზე” დაყრდნობით წერს, რომ აზერბაიჯანი არამხოლოდ არ ჩქარობს ნაბიჯების გადადგმას, განაღმვისათვის, არამედ პერიოდულად სამხედროებსაც აგზავნის ტერიტორიის შესამოწმებლად. როგორც გამოცემას ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, საქართველოსთან ყველა საკითხი მოგვარებულია, თუმცა პრობლემა სომხეთთან დაკავშირებით კვლავ არსებობს.

“სომხეთის სამხედრო აგრესია აზერბაიჯანის წინააღმდეგ გრძელდება. ეს ადგილი სამი ქვეყნის გამყოფ ხაზზე მდებარეობს და საკითხი ეროვნული უსაფრთხოების ზომების მიხედით განიხილება”, – აცხადებს სამინისტროს სპიკერი ჰიქმეთ ჰაჯიევი.

“ევრაზიანეტი” HALO trust-ზე დაყრდნობით იმასაც წერს, რომ ორგანიზაციამ ტერიტორიაზე შესვლის ნებართვა ქართული მხრიდან 2015 წელს მიიღო, თუმცა საქმიანობაში მათ ხელი აზრბაიჯანმა შეუშალა. გამოცემის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფს თან ახლდნენ საქართველოს ოფიციალური პირები, აზერბაიჯანულმა მხარემ მათ ტერიტორიიდან წასვლა აიძულა და ადგილზე სამხედრო ტექნიკაც გამოიყვანა. ბაქოში აღნიშნულს უარყოფენ, საქართველოს თავდაცვის უწყებაში კი კომენტარს არ აკეთებენ.

რატომ ჭიანურდება პროცესი? – კითხვაზე დადასტურებული პასუხი არ არსებობს. არებობს ცნობები, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება უშუალოდ HALO trust-ს აღიზიანებს, ყარაბაღში მისი საქმიანობის გამო. თუმცა ორგანიზაცია აცხადებს იმასაც, რომ შესაძლოა განაღმვისკენ დიდად არც თბილისი ისწრაფვის, ვინაიდან ასეთ პირობებში სასაზღვრო პატრულირება ბევრად მარტივია.

[blue_box]”რატომ აკრიტიკებთ ალიევს” – აზერბაიჯანელი აქტივისტი, რომელიც თბილისში დაჰკითხეს[/blue_box]

ამ დრომდე ბუნდოვანია, რატომ და რა ვითარებაში დააკავეს თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აზერ ქაზიმზადე, რომელიც საქართველოს დედაქალაქში წელიწადზე მეტია ცხოვრობს. მასალები ამ თემაზე მოამზადეს როგორც აზერბაიჯანულმა გამოცემებმა, ისე სამხრეთ კავკასიაზე ორიენტირებულმა მედიასაშუალებებმა.

აზერბაიჯანული დამოუკიდებელი გამოცემა “თურანი” წერს, რომ დაკავების საღამოს ქაზიმზადეს სამი ადამიანი ქუჩაში აედევნა. მისი თქმით, აქედან ერთ-ერთი აზერბაიჯანელი იყო, რომელიც მას მანამდეც დაჰყვებოდა. აღნიშული პირები აქტივისტს სახლამდე მიჰყვნენ, შემდეგ კი კარზე უკაკუნებდნენ, თუმცა კითხვის პასუხად არ ამბობდნენ, ვინ იყვნენ. მას შემდეგ, რაც ქაზუმზადემ პოლიციაში დარეკა, კარს უკან მდგომებმა იქაურობა დატოვეს.

“თურანი” წერს, რომ პოლიცია 10 წუთში მოვიდა, თუმცა განყოფილებაში თავად ქაზიმზადე წაიყვანეს.

“ვაკე-საბურთალოს პოლიციის დეპარტამენტში ქართულმა პოლიციამ ისე გამომკითხა, როგორც ბაქოს პოლიციაში აკეთებენ: “რატომ აკრიტიკებთ ილჰან ალიევს?”; “რატომ ჩამოხვედით საქართველოში და არ წახვედით დემოკრატიულ ქვეყანაში?”; “როგორ ცხოვრობთ”; “ბანკის ანგარიშები გაქვთ?” – უყვება გამოცემას აქტივისტი.

ქაზიმზადე ამბობს, რომ ადვოკატის შემდეგ ვითარება შეიცვალა და რამდენიმე საათში გაათავისუფლეს, თუმცა თავს უსაფრთხოდ არც ახლა გრნობს. შემთხვევამდე 10 დღით ადრე აზერბაიჯანის პოლიცია მისი მშობლების სახლში მივიდა და მამამისს უთხრა, რომ აზერი “უნდა დამშვიდებულიყო” და სოციალური ქსელიდან საპროტესტო ფოტოები წაეშალა.

შსს-ში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ქაზიმზადეს მომართვის შედეგ გამოძიება დაიწყეს ადევნების (151-ე პრიმა) მუხლით.

Кавказский узел საქართველოში მცხოვრები სხვა აზერბაიჯანელი პოლიტიკური მიგრანტების მდგომარეობაზეც წერს და აღნიშნულთან დაკავშირებით ორგანიზაციის “საერთაშორისო პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ანგარიში მოჰყავს. ანგარიშის ავტორები წერენ, რომ მათი ნაწილი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ იძულებული გახდა, ევროპაში წასულიყო.

გამოცემის ცნობით, აზერ ქაზიმზადეს თანამებრძოლები წუხან, რომ მან შესაძლოა ჟურნალისტ აგან მუხთარლის ბედი გაიზიაროს, რომელიც 2017 წლის მაისში თბილისიდან გაიტაცეს, ბაქოში წაიყვანეს და დააპატიმრეს. ის ახლაც პატიმრობაშია.

მასალების გადაბეჭდვის წესი