ახალი ამბები

ISFED: “ომეგას” ჩანაწერები, სავარაუდოდ, “ოცნების” დაფინანსების არალეგალურ სქემას ააშკარავებს

8 ოქტომბერი, 2018 • 2597
ISFED: “ომეგას” ჩანაწერები, სავარაუდოდ, “ოცნების” დაფინანსების არალეგალურ სქემას ააშკარავებს

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED)  2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები წინასაარჩევნო მონიტორინგის II შუალედურ ანგარიშს ავრცელებს. ორგანიზაციის ანგარიშში  წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამოვლენილ დარღვევებზეა საუბარი და 3-დან 30 სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდს მოიცავს.

ISFED-ის განცხადებით, საანგარიშო პერიოდს დაემთხვა მედიაში ფარული ჩანაწერების გავრცელება, რომლებიც ხელისუფლების მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებს სავარაუდო კორუფციულ გარიგებებში ამხელს და საარჩევნოდ მმართველი პარტიის სავარაუდო დაფინანსების არალეგალურ სქემას ააშკარავებს.

აღნიშნული ჩანაწერები ტელეკომპანია „იბერიის“ გარშემო მიმდინარე მოვლენების გაგრძელებას წარმოადგენდა. „იბერიის“ და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა ხელისუფლების ყოფილი და მოქმედი წარმომადგენლები დაადანაშაულა მის მფლობელობაში არსებულ ბიზნესებზე ზეწოლაში, გამოძალვაში და სხვა დანაშაულებში.

ISFED-ში მიიჩნევენ, რომ ჩანაწერები და გამოთქმული ბრალდებები ქვეყანაში ელიტარული კორუფციისა და არაფორმალური მმართველობის მიმართულებით საფუძვლიან ეჭვებს აჩენს, ხოლო გამჟღავნებული ინფორმაცია სახელისუფლებო პარტიის დაფინანსების სავარაუდო სქემის შესახებ ძირს უთხრის პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობას, ჩრდილს აყენებს პოლიტიკურ გარემოს და საზოგადოების ნდობას მის მიმართ:

“ამ პირობებში აშკარაა, რომ პოლიტიკური ფინანსების საკანონმდებლო ჩარჩო და მონიტორინგის არსებული მექანიზმები ვერ პასუხობს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

აუდიოჩანაწერებში, რომელშიც სავარაუდოდ მონაწილეობენ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი – ზაზა ოქუაშვილი, „თბილისის თამბაქოს“ ერთ-ერთი აქციონერი, ირაკლი ჩუბინაშვილი და ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი,  თამბაქოს ბაზრის  განაწილების ახალ სქემაზეა საუბარი, რომლის მიხედვითაც, უნდა შეიქმნას სიგარეტის სადისტრიბუციო კომპანია, ხოლო სიგარეტების რეალიზაციიდან 50% წილი პარტიის, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ ფონდში უნდა გადანაწილდეს.

კიდევ ერთი ჩანაწერის მიხედვით კი, რომელიც სავარაუდოდ ირაკლი ჩუბინაშივილის და ზაზა ოქუაშვილის საუბარს ასახავს, ჩუბინაშვილი ზაზა ოქუაშვილს „პარტიის“ დაფინანსების არალეგალურ სქემას უზიარებს  ყველა გაყიდული კოლოფი სიგარეტიდან მმართველი პარტიის სასარგებლოდ 2.5 თეთრს გადახდის შესახებ.  

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული საუბრის ჩანაწერიდან, კორუფციული დანაშაულების ნიშნების გარდა, იკვეთება უკანონო შემოწირულების და საარჩევნო მიზნით პ/გ „ქართული ოცნების“ მიერ ფულადი სახსრების უკანონო მობილიზების ნიშნებიც:

“გავრცელებული აუდიოჩანაწერების შინაარსი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს საარჩევნო სისტემაში პოლიტიკური დაფინანსების კანონმდებლობის ეფექტურობას. ჩანაწერების ავთენტურობისა და მათში მოყვანილი ფაქტების უტყუარობის შემთხვევაში, იკვეთება, რომ შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტები და საკანონმდებლო ბაზა უძლურია წინ აღუდგეს პოლიტიკაში უკანონო ფულადი სახსრების მობილიზებისა და ხარჯვის პრაქტიკას.

მმართველი პარტიის მიერ ფულის უკანონოდ მობილიზება სპეციალურ გასაიდუმლოებულ ფონდში ქმნის არაჯანსაღ პოლიტიკურ გარემოს და საფრთხეს უქმნის საქართველოს მოქალაქეთა უფლებას სამართლიან არჩევნებზე, რაც განაპირობებს საზოგადოების ნდობის დაკარგვას პოლიტიკური პროცესის და პარტიების მიმართ”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

გარდა აღნიშნული ჩანაწერებისა, ISFED-ის განცხადებით, 29-30 სექტემბერს გავრცელებული ჩანაწერები და „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული ზაზა ოქუაშვილის ინტერვიუ სხვა სერიოზული დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ ავლენს ინფორმაციას:

“მათ შორის, აუდიოჩანაწერების შინაარსიდან იკვეთება კორუფციული დანაშაულების სისტემური ნიშნები, რომელშიც სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირი და სახელმწიფო ინსტიტუტი მონაწილეობს. ასევე, ჩანაწერების შინაარსი მიუთითებს, რომ საჯარო ინსტიტუტები ცალკეული პირების არაფორმალურ გავლენებს არიან დაქვემდებარებული, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ სკანდალური ჩანაწერების ავთენტიკურობის და მათში გამჟღავნებული მძიმე დანაშაულებების შესახებ გამოძიების ეფექტურობას”, – ვკითხულობთ ანგარიშში.


SFED-ის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედურ ანგარიშში საუბარია სხვა სახის დარღვევებზეც. კერძოდ, ორგანიზაციის დაკვირვებით,  საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა:

  • პოლიტიკური ნიშნით დაპირისპირების – 1;
  • ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის – 1;
  • აგიტაციის წესების დარღვევის – 12;
  • ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების – 9;
  • კამპანიისთვის ხელის შეშლის – 8;
  • სააგიტაციო მასალების დაზიანების – 14 ფაქტი.

ISFED: NGO-ების საქმიანობის დისკრედიტაციის მცდელობებმა ტენდენციის სახე მიიღო

მასალების გადაბეჭდვის წესი