კობახიძეზე ხუმრობის შემდეგ, “იმედზე” ვასიკო ოდიშვილის გადაცემა “დაპაუზდა”

სატირულ-იუმორისტული შოუ “ვასმედია”, რომელიც მხოლოდ ორჯერ იხილა მაყურებელმა, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში კვირას არ გასულა. ვასიკო ოდიშვილის გადაცემა, რომელიც მეორედ 30 სექტემბერს გავიდა ეთერში, სხვა თემებთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ტყუილებზე სატირულ ხუმრობებს ეხებოდა.

“ვასმედია” ყოველ კვირადღეს, 22:30 საათზე უნდა გასულიყო. გადაცემის ფეისბუკის გვერდზე მესამე შოუს ანონსი ხუთშაბათს გამოქვეყნდა, თუმცა, როგორც დაგეგმილი იყო, კვირას ტელეიმედის ეთერში აღარ გავიდა.

დღევანდელ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძეს ჰკითხეს, იცოდა თუ არა იმის შესახებ, რომ ვასიკო ოდიშვილის გადაცემა სავარაუდოდ სწორედ მის შესახებ ხუმრობების გამო დაიხურა ტელეიმედზე. პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს უპასუხა, რომ ამის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.

ნეტგაზეთი ტელეკომპანია “იმედის” გენერალურ დირექტორს, გიორგი ბახტაძეს დაუკავშირდა ტელეფონით, რომელსაც მხოლოდ ინფორმაციის დადასტურება ან უარყოფა ვთხოვეთ ვასიკო ოდიშვილის გადაცემის დახურვასთან დაკავშირებით. მან გვითხრა, რომ შეხვედრაზე იყო, რის გამოც ვერ გვიპასუხებდა და ტელეფონი გათიშა.

ნეტგაზეთი ვასიკო ოდიშვილთან დაკავშირებას ცდილობს მისი გადაცემის დახურვასთან დაკავშირებით. თუ ტელეწამყვანი კომენტარის გაკეთებას გადაწყვეტს, მზად ვართ ტრიბუნა დავუთმოთ.

ინფორმაციის გადასამოწმებლად გადაცემის პროდიუსერს, ირაკლი ხრიკაძესაც დავუკავშირდით “ვასმედიის” შესაძლო დახურვასთან დაკავშირებით, რაზეც მან ასეთი პასუხი გაგვცა: “დაიხურა, არა – უფრო დაპაუზდა დროებით, რაღაც რეორგანიზაცია-რეკონსტრუქციის მიზნით.”

კითხვაზე, რამდენი ხნით დაპაუზდა გადაცემა, ირაკლი ხრიკაძემ გვიპასუხა, რომ ზუსტად ჯერ არ იციან.

ვასიკო ოდიშვილის შოუ აანალიზებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს პოლიტიკური სატირისა და იუმორის ჟანრში. როგორც გადაცემის აღწერაში ვკითხულობთ, ნებისმიერი თემა ან პერსონა, რომელმაც საზოგადოებას საკუთარი ქმედებითა და აზრის გაჟღერებით თავი დაამახსოვრა, ვასიკოს ობიექტივში შეიძლება აღმოჩნდეს, ხოლო თუ ეს აზრი ან ქმედება კრიტიკას იმსახურებს – “მაშინ ოოო…”

 

ამბის გაგრძელება:

სატირულ-იუმორისტული შოუ “ვასმედია” უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ირაკლი კობახიძის ტყუილებზე ხუმრობების გამო ვასიკო ოდიშვილის გადაცემა ტელეკომპანია იმედზე დაიხურა.

ვასიკო ოდიშვილი 14 ოქტომბერს დაბრუნდება იმედზე – ვასმედია

შესწორება: ტექსტის თავდაპირველ ვარიანტში ეწერა, რომ ვასმედიას მხოლოდ ერთი გადაცემა გავიდა ეთერში, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, სინამდვილეში მაყურებელმა ვასიკო ოდიშვილის ორი გადაცემა ნახა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.