ფაშინიანის ცოლმა ყარაბაღის კონფლიქტის ზონიდან მხარეებს მშვიდობისკენ მოუწოდა

სომხეთის პრემიერ მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ცოლი, ჟურნალისტი და გაზეთ “ჰაიკაკან ჟამანაკის” რედატორი ანა აკოპიანი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ჩავიდა და კონფლიქტის ყველა მხარეს მშვიდობისკენ მოუწოდა.

კონფლიქტის ზონაში მასთან ერთად იყვნენ ასევე რუსეთიდან მისი მიწვევით ჩასული ქალები – სამოქალაქო საზოგადოების წევრები, რომლებიც ანა აკოპიანის ინიციატივას “ქალები მშვიდობისთვის” შეურთდნენ.

ანა აკოპიანმა რუს ქალებს მოუწოდა, ჩავიდნენ აზერბაიჯანშიც და იქიდანაც მშვიდობის მოწოდებით გამოვიდნენ.

ქალებთან ერთად კონფლიქტის ხაზზე მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტი ბაკო სააკიანი და თავდაცვის მინისტრი ლევონ მნაცაკანიანიც იდგნენ.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი