ახალი ამბები

ბულგარეთში ჟურნალისტი და ტელეწამყვანი მოკლეს

7 ოქტომბერი, 2018 • 2878
ბულგარეთში ჟურნალისტი და ტელეწამყვანი მოკლეს

ბულგარეთის ქალაქ რუსეში მოკლეს ვიქტორია მარინოვა, ჟურნალისტი, ტელეწამყვანი და ადგილობრივი ტელევიზია TVN-ის დირექტორი.

Balkan Insight-ის ცნობით, მარინოვა, სავარაუდოდ, დაახრჩვეს. როგორც Guardian-ი წერს, რუსეს პროკურორმა განაცხადა, რომ სიკვდილის მიზეზია თავში დარტყმები და დახრჩობა.

Balkan Insight-ის ინფორმაციით, ჯერჯერობით ზუსტად არ იციან, უკავშირდება თუ არა მკვლელობა ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობას.

რუსეს პროკუტარურის ხელმძღვანელობამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მკვლელობის “ყველა ვერსია” განიხილება.

Guardian-ის ინფორმაციით, მისი პირადი ნივთები — მობილური ტელეფონი, მანქანის გასაღები, სათვალე და ტანსაცმლის ნაწილი — მარინოვას სხეულისგან მოშორებით იპოვეს.

ჯერჯერობით პოლიციას არ დაუსახელებია ბრალდებული ან ეჭვმიტანილი.

ეუთოს წარმომადგენელმა მედიის საკითხებში, ჰარლემ დეზირმა, დაწერა: “შოკირებული ვარ გამომძიებელი ჟურნალისტი ვიქტორია მარინოვას საზარელი მკვლელობით. სასწრაფად მოვუწოდებ [ხელისუფლებას] სრული და სიღრმისეული გამოძიებისკენ. პასუხისმგებელი ადამიანები უნდა დაისაჯონ”.

Balkan Insight-ის თანახმად, მარინოვა ბოლო ერთ წელიწადში ევროკავშირის ტერიტორიაზე მოკლული მესამე ჟურნალისტია.

გასული წლის ოქტომბერში საკუთარ მანქანაში ააფეთქეს მალტელი ბლოგერი და ჟურნალისტი, რომელიც Panama Papers-ის გამოძიებაში მონაწილეობდა. 2018 წლის თებერვალში მოკლეს იან კუჩიაკი, რომელიც OCCRP-სთან ერთად მუშაობდა იტალიური დანაშაულებრივი ჯგუფის, “ნდრანგენტას” საქმეზე.

Politico-ს თანახმად, მარინოვას ერთ-ერთი ბოლო გადაცემა იყო ჟურნალისტურ გამოძიებაზე, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებში ადგილობრივი ხელისუფლების კორუფციას ამხელდა.

Guardian-ი წერს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა გავრცელებული დანაშაულია ბულგარეთში.

მასალების გადაბეჭდვის წესი