ახალი ამბები

ინგუშეთში გრძელდება საპროტესტო აქციები ჩეჩნეთთან სასაზღვრო შეთანხმების წინააღმდეგ

7 ოქტომბერი, 2018 • 4245
ინგუშეთში გრძელდება საპროტესტო აქციები ჩეჩნეთთან სასაზღვრო შეთანხმების წინააღმდეგ

ინგუშეთის დედაქალაქ მაგასში მეოთხე დღეა მიმდინარეობს მასობრივი საპროტესტო აქცია ჩეჩნეთთან სასაზღვრო შეთანხმების დადების გამო.

ჩეჩნეთისა და ინგუშეთის მეთაურებმა, რამზან კადიროვმა და იუნუს-ბეკ ევკუროვმა 26 სექტემბერს გააფორმეს ხელშეკრულება, რომელიც რუსეთის ფედერაციის ორ რესპუბლიკას შორის ადმინისტრაციულ საზღვარს ადგენს. ჩეჩნეთსა და ინგუშეთს შორის საზღვარი სსრკ-ის დაშლის შემდეგ არ ყოფილა განსაზღვრული.

აქციები დაიწყო 4 ოქტომბერს, იმ დროს, როდესაც, OC Media-ს თანახმად, ინგუშეთის სახალხო ასამბლეაში (ადგილობრივი პარლამენტი) ხმის მიცემის დახურული პროცედურა მიმდინარეობდა კადიროვის და ევკუროვის შეთანხმების რატიფიკაციისათვის.

ახალი შეთანხმებით, ინგუშეთმა მიიღო ნადტერეჩნის რაიონის ნაწილი, ჩეჩნეთმა კი სუნჯის რაიონის ნაწილი.

დოკუმენტის რატიფიკაციას 17-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 წინააღმდეგი იყო, დანარჩენებმა კი თავი შეიკავეს. 32 დეპუტატიდან სხდომაში სულ 25 მონაწილეობდა. მოქალაქეები, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან, დილიდან სახალხო კრების შენობასთან მივიდნენ. მომიტინგეები ითხოვდნენ, მათი 10 წარმომადგენლისთვის სახალხო კრების სხდომაზე დასწრების უფლება მიეცათ.

“მედუზას” თანახმად, თავდაპირველად, 4 ოქტომბრამდე, აქციაზე 20-ზე ოდნავ მეტი ადამიანი გამოვიდა, რომელთაც სათავეში აქტივისტი მაგომედ მუცოლგოვი ედგათ, თუმცა გამომსვლელთა რაოდენობა თანდათან გაიზარდა. ხუთშაბათს ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. ათობით გამომსვლელი ცხენზე ამხედრებული, ინგუშეთის დროშების ფრიალით გამოვიდა მაგასის ცენტრალურ ქუჩაზე — იდრის ზიაზიკოვის გამზირზე.

BBC-ის რუსული სამსახურის თანახმად, აქციის მონაწილეები ითხოვენ შეთანხმების გაუქმებას, ევკუროვის გადადგომას და რეფერენდუმის ჩატარებას სასაზღვრო შეთანხმებაზე.

რუსეთის ჩრდილო კავკასიური რესპუბლიკები. რუკა: რადიო თავისუფლება

“მედუზას” ცნობით, ევკუროვმა პროტესტის მონაწილეებს საწყის ეტაპზე მიმართა, თუმცა მას პლასტმასის ბოთლი ესროლეს, რასაც მისი დაცვის წევრების მხრიდან იარაღის ჰაერში გასროლა მოჰყვა. მოხდა შეტაკებები პოლიციასა და აქტივისტებს შორის. აქციის მეორე დღეს დაბლოკეს ინტერნეტი.

“გაგვიშვან ისევ ყაზახეთში, თუ უნდათ, რომ ჩვენი მიწა წაგვართვან”, უთხრა ერთ-ერთმა გამომსვლელმა BBC-ს, რითაც 1944 წლის რეპრესიებზე მიანიშნა. 1944 წელს ჩეჩნები და ინგუშები, კავკასიის სხვა ხალხებთან ერთად ცენტრალურ აზიაში გადაასახლეს ლავრენტი ბერიასა და იოსებ სტალინის ბრძანების საფუძველზე. გადასახლებისას უამრავი ადამიანი დაიღუპა, სხვებს კი უკიდურესად გაუსაძლის პირობებში უწევდათ გადარჩენა.

მოგვიანებით, რადიო თავისუფლების ცნობით, ადგილობრივი სახალხო ასამბლეის რამდენიმე წევრი გამოვიდა და თქვა, რომ სასაზღვრო ხელშეკრულება არ დაუმტკიცებიათ, თუმცა აქციაზე შეკრებილებმა უარი განაცხადეს ტერიტორიის დატოვებაზე და მოითხოვეს ასამბლეის იმ წევრებთან შეხვედრა, ვინც შეთანხმებას ხელს უჭერს.

საპროტესტო აქცია ისევ გრძელდება.

OC Media-ს თანახმად, ინგუშეთის მოსახლეობის ნაწილისათვის ტერიტორიული საკითხი განსაკუთრებით მტკივნეულია ისტორიული გამოცდილების გამო — როდესაც ინგუშები დეპორტაციის შემდეგ 1950-იანებში ჩრდილოეთ კავკასიაში დააბრუნეს, დასავლეთ ინგუშეთის ნაწილი, პრიგოროდნის რაიონი, ჩრდილოეთ ოსეთს ეკუთვნოდა. ინგუშეთის მცდელობამ, დაებრუნებინა ტერიტორია, 1992 წელს გამოიწვია სისხლიანი დაპირისპირება და ეთნიკური ომი ინგუშეთსა და ჩრილოეთ ოსეთს შორის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი