ახალი ამბები

თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი შენობის აშენებას 33 მილიონი ლარი დასჭირდება

7 ოქტომბერი, 2018 • 2891
თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი შენობის აშენებას 33 მილიონი ლარი დასჭირდება

საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი შენობის ასაშენებლად საჭირო საორენტაციო თანხა 33 მილიონი ლარია. ახალი შენობისთვის, დეპარტამენტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მომიჯნავედ არსებული რამდენიმე ნაკვეთი [საერთო ფართობი 15 475 კვ/მ] 2017 წელს გადაეცა.

შენობის მშენებლობის საინჟინრო-საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე დეპარტამენტმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. პროექტის შესაძენად 600 ათასი ლარია გათვალისწინებული.

„მოქმედი თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობა არის ყველაზე დიდი სასამართლო ჩვენს ქვეყანაში, შესაბამისად საქმეთა ყველაზე დიდი რაოდენობა მოდის სწორედ ამ სასამართლოზე. საქმეთა სიმრავლემ, დღის წესრიგში დააყენა მოსამართლეთა და შესაბამისად მოსამართლის აპარატის დამატების აუცილებლობა, რაც წლების განმავლობაში ხორციელდებოდა კიდეც.

დღეს სასამართლოში მოქმედებს 41 სასამართლოს დარბაზი, რომელიც ემსახურება სასამართლოში არსებულ 3 კოლეგიას, რაც არასაკმარისია. ახალი საქალაქო სასამართლოს შენობის აშენების იდეა დიდი ხანია არსებობს, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო მისი განხორციელება ვერ ხერხდებოდა… ახალ შენობას ალტერნატიული მისასვლელი ექნება ლ. ანდრონიკაშვილის ქუჩის მხრიდან. შედგა სამუშაო ჯგუფი, განისაზღვრა კონცეფცია და დეპარტამენტს დაევალა ყველა საჭირო ღონისძიების გატარება.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ახალ შენობაში განთავსდება ორი კოლეგია: სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.

შენობა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალურ პირობებს: უნდა გააჩნდეს ყოველდღიურად არანაკლებ 1 000 ვიზიტორის მიღების შესაძლებლობა; უნდა განთავსდეს სასამართლოს 600 პერსონალი, მათ შორის 80 მოსამართლე.

შენობაში უნდა განთავსდეს არანაკლებ 50 სხდომის დარბაზი, მათ შორის: სისხლის სამართლის არანაკლებ 25 სხდომათა დარბაზი; ნაფიც მსაჯულთა არანაკლებ 5 სხდომათა დარბაზი და ადმინისტრაცული დავების არანაკლებ 20 სხდომათა დარბაზი.

შშმ პირთა სრული ადაპტირებისა და სასამართლო სპეციფიკის გათვალისწინებით [საბადრაგო, ზონირება, შიდა უსაფრთხო გადაადგილება, ბუნებრივი ვენტილაცია და სხვა] დეპარტამენტმა სამუშაო ჯგუფთან ერთად შეიმუშავა კონცეფცია, რის მიხედვითაც განხორციელდა შიდა და გარე დაგეგმარება“ – აღნიშნულია სატენდერო განცხადებაში.

სამშენებლო სამუშაოების ღირებულება, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, არ უნდა გასცდეს 33 მილიონ ლარს: „იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაციის შედგენისას მოსალოდნელია თანხის ზრდა, აღნიშნული დაუყოვნებლივ წარედგინება დეპარტამენტს შემდგომი გადაწყვეტილების მიღების მიზნით“.

ტერიტორიაზე, სადაც ახალი შენობა უნდა აშენდეს, განთავსებულია სამი დემონტაჟს დაქვემდებარებული შენობა. ამასთან, ტერიტორიაზე ხეების მოჭრა-გადარგვისათვის აუცილებელი დენდროლოგიური პროექტი უნდა მომზადდეს არაუგვიანეს ხელშეკრულების დადებიდან 60 დღეში, ხოლო სრული საინჟინრო-საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია – ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 150 დღეში.

სატენდერო პირობების მიხედვით აღნიშნული ვადა არ მოიცავს ექსპერტიზის ჩასატარებლად შემსყიდველისთვის საჭირო პერიოდს. აღნიშნული ვადა ასევე არ მოიცავს, ცვლილების შეთანხმებისთვის შემსყიდველის მიერ პასუხის გასაცემად საჭირო პერიოდს [ასეთის არსებობის შემთხვევაში].

თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი შენობის კონცეფცია / სატენდერო დოკუმენტებიდან

 

მასალების გადაბეჭდვის წესი