ახალი ამბები

აშშ-ს სენატი: ჰოლოდომორი იყო გენოციდი უკრაინელთა წინააღმდეგ საბჭოთა მთავრობის მხრიდან

6 ოქტომბერი, 2018 • 5310
აშშ-ს სენატი: ჰოლოდომორი იყო გენოციდი უკრაინელთა წინააღმდეგ საბჭოთა მთავრობის მხრიდან

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა რეზოლუციით უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ გენოციდად აღიარა მასობრივი შიმშილი, რომელსაც ქვეყანაში ადგილი გასული საუკუნის 30-იან წლებში ჰქონდა. დოკუმენტი  3 ოქტომბერს დამტკიცდა.

აშშ-ში უკრაინის საელჩოს ცნობით, “ჰოლოდომორის” 85-ე წლისთავზე მიღებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ სენატი აღიარებს უკრაინის შიმშილის[შემსწავლელი] კომისიის მიგნებებს, რომ სტალნმა და მისმა გარშემომყოფებმა ჩაიდინეს გენოციდი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ 1932-33 წლებში”. უკრაინის შიმშილის შესასწავლად კომისია აშშ-ში 1985 წელს შეიქმნა. მასში სენატორები, კონგრესმენები, ისტორიკოსები, მკვლევრები და სხვები შედიოდნენ.

სენატის რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ის გმობს “ადამიანის უფლებათა სისტემურ დარღვევებს, ასევე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას უკრაინელი ხალხისათვის საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან”.

რეზოლუციას კანონის ძალა არ აქვს, თუმცა როგორც წესი, ასეთ დოკუმენტებს კანონმდებლები სხვადასხვა საკითხზე დისკუსიებისას იყენებენ.

აშშ-ს სენატის გადაწყვეტილებას უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მიესალმა, აშშ-ში უკრაინის საელჩომ რეზოლუცა ისტორიულად შეაფასა.

მასობრივ შიმშილს, რომელიც “ჰოლოდომორად”(უკრ. Голодомор, შიმშილით სიკვდილი) იწოდება, უკრაინაში ადგილი 1932-33 წლებში ჰქონდა. საბჭოთა მმართველობისას შექმნილ კოლექტივებში გაწევრიანებაზე უკრაინელი გლეხების წინააღმდეგობის პასუხად, მათ სოფლის მეურნეობის პროდუქციას ძალით ართმევდნენ. სხვადასხვა მონაცემებით, შიმშილს რამდენიმე მილიონი ადამიანი ემსხვერპლა. უკრაინა აღნიშნულის მოწყობაში საბჭოთა ოფიციალურ პირებს ადანაშაულებს და შიმშილს უკრაინელი ფერმერებისა და გლეხების წინააღმდეგ დამსჯელ ზომად განიხილავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი