თბილისობა. ფოტო: EPA/ZURAB KURTSIKIDZE

თბილისობა – ქალაქის დღესასწაული თუ ინერცია საბჭოთა წარსულიდან

6-7 ოქტომბერს თბილისი ქალაქის დღეს აღნიშნავს. ამჟამადაც, გასული წლების მსგავსად, ოქტომბრის პირველი კვირის ბოლოს დედაქალაქის არაერთი უბანი სოფლის ნობათისთვის განკუთვნილი სავაჭრო დახლებით, ყვავილებითა და სხვადასხვა დანიშნულების კონსტრუქციებით აივსო. გასართობ, შემოქმედებით და სპორტული ღონისძიებებს, ტრადიციულად, შუა ქალაქში გაზქურებზე შემომდგარი თათარით სავსე ქვაბები და მაყალზე შემოწყობილი მწვადები შესამჩნევად ჭარბობს.

თბილისს ქალაქის წიაღში ჩასახული სახალხო დღესასწაულები არც გასულ საუკუნეებში აკლდა, თუმცა თბილისობა, ამ სახით, თავისთავად და ხანგრძლივი ტრადიციით არ ჩამოყალიბებულა. ის პირველად 1979 წელს, საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებით აღინიშნა. ღონისძიებას, ადგილობრივებთან ერთად, ქვეყნის სხვადასხვა რაიონიდან ჩამოსული ადამიანები უერთდებოდნენ, რომელთაც სოფლის ნობათი სარეალიზაციოდ ჩამოჰქონდათ.

ხელოვნებათმცოდნე თეო ხატიაშვილი მიიჩნევს, რომ გარკვეული ცვლილებების მიუხედავად, თბილისობის სახე ათწლეულობის განმავლობაში დიდად არ შეცვლილა. მისი აზრით, დღესასწაული საბჭოთა კონტექსტში ჯდებოდა, თუმცა მისი აღნიშვნის ფორმასა და მეთოდებს თან ხელოვნურობა სდევდა მაშინაც და ახლაც.

“ალბათ, როგორი სახითაც დაარსდა, იგივე სახე აქვს დღესაც, უბრალოდ, ნაკლებად პომპეზურია. თავის დროზე, საბჭოთა პერიოდში შევარდნაძემ შემოიტანა ეს დღესასწაული, რომელიც კარგად ჯდებოდა, საერთოდ, საბჭოური ნაციონალური პოლიტიკის კონტექსტში; როდესაც თითქოს ეროვნული კულტურის, ეროვნული ტრადიციების ხელშეწყობა ხდებოდა, მაგრამ ეს იყო ხოლმე უფრო დაკონსერვებული, ეგზოტიზირებული კულტურული გარემოს შექმნა;

თბილისობაც, პრინციპში, ამის დემონსტრირებას ახდენდა და რასაკვირველია, ამას ჰქონდა თავისი დატვირთვა, როდესაც ქალაქის მოასხლეობას შეეძლო, შემოდგომაზე რაკიღა იმართებოდა, პროდუქტები შეეძინა, ზამთრის მარაგი აეღო… ეს ფუნქცია დღემდე შემორჩა და თუ რამე მნიშვნელობა აქვს, შეიძლება, ეს იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი”, – ამბობს თეო ხატიაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

თბილისობა. ფოტო: EPA/ZURAB KURTSIKIDZE

თბილისობა. ფოტო: EPA/ZURAB KURTSIKIDZE

მისი თქმით, ქალაქების დღეობები ევროპის არაერთ სახელმწიფოში იმართება, თუმცა ამ შემთხვევაში, ღონისძიებები, თავისი კონცეფციით, გაცილებით ბუნებრივი და ორგანულია:

“მე მაინც მგონია, რომ ეს არის ხელოვნურად შემოტანილი დღესასწაული.  ევროპის უამრავ ქალაქში არის მსგავსი ტრადიცია. როგორც წესი, იქაც შემოდგომაზე იმართება ხოლმე. ესეც, ისევ და ისევ, უკავშირდება აი ამ საშემოდგომო მოსავლის შეკრების ფაქტორს, მაგრამ იქ ეს პროცესი გაცილებით ორგანულია. მაგალითად, ბავარიაში, მიუნხენში როცა იმართება “ოქტობერ ფესტი”, ეს მიუნხენელებისთვის მართლაც დღესასწაულია. ხალხი დედაქალაქში სხვადასხვა კუთხიდან ჩადის და ბედნიერები არიან.

მე არ მგონია, რომ თბილისში ვინმე მართლა გულწრფელად აღნიშნავდეს ამ დღესასწაულს. ეს არის მერიის მხრიდან ტყუილად გაღებული ხარჯები, რომელიც იწვევს გარკვეულ დისკომფორტს, ტრანსპორტის, გადაადგილების თვალსაზრისით. თუმცა, ეს, რაც აღვნიშნე, რომ გლეხებისთვისაც არის ხელსაყრელი, როცა პროდუქტი ჩამოაქვთ, ყიდიან და თბილისის მოსახლეობისთვისაც შესაძლებელია, ხელსაყრელ ფასებში შეიძინონ, ეს უფრო დასაფასებელია”.

თბილისობა. ფოტო: EPA/ZURAB KURTSIKIDZE

თბილისობა. ფოტო: EPA/ZURAB KURTSIKIDZE

თეო ხატიაშვილი მიიჩნევს, რომ აუცილებელი არ არის, მგავსი ღონისძიებების დასაგეგმად კონკრეტული დღეები გამოიყოს და რესურსი ერთჯერად ღონისძიებაზე მობილიზდეს. მისი თქმით, შესაძლებელია, სხვადასხვა სახის აქტივობები, მათ შორის, ბაზრობები, შემოდგომის რომელიმე თვეს დაიგეგმოს და მათი მონაწილეებისა თუ სტუმრების ინტერესების მიხედვით გადანაწილდეს.

“რა აუცილებელია, ერთი კონკრეტული დღე გამოიყოს? შეიძლება ავიღოთ, საერთოდაც, შემოდგომის ერთი თვე. იყოს რაღაც ადგილები, სადაც გაიმართება ბაზრობა. უფრო მოსახერხებელი იქნებოდა თბილისის მოსახლეობისთვისაც.  შეიძლება, მე დღეს არ მცალია, მაგრამ რომ ვიცი, რომ ზეგ გავალ და კარგ ფასად ვიყიდი ყურძენს ან ჩურჩხელას, უფრო კარგად ვგეგმავ ბიუჯეტსაც და დროსაც. კარგი იქნება თვითონ გლეხებისთვისაც, რომლებიც თავქუდმოგლეჯილი არ წამოვლენ თბილისისკენ, შეზღუდული დროის გამო; ეცოდინებათ, რომ ექნებათ ადგილი, სადაც ჩავლენ და გაყიდიან პროდუქციას. ტრანსპორტთან დაკავშირებული დისკომფორტიც მოიხსნება. ამის მოფიქრება შეიძლება, მაგრამ ფიქრი ყველას ეზარება. მითუმეტეს მათ, ვინც ხელისუფლებაშია. რაც უკვე გამზადებულია, იმის კოპირებას ადვილად აკეთებენ”, – ამბობს ის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან