ახალი ამბები

“რუსული დეზინფორმაციის მაგალითი” – აშშ-ის საელჩო ლუგარის ცენტრზე რუსული მედიის შეტევაზე

6 ოქტომბერი, 2018 • 3661
“რუსული დეზინფორმაციის მაგალითი” – აშშ-ის საელჩო  ლუგარის ცენტრზე რუსული მედიის შეტევაზე

აშშ-ის საელჩო საქართველოში ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით რუსულ მედიაში დაწყებულ დეზინფორმაციულ კამპანიას ეხმაურება. საელჩოს განცხადებით, მიმდინარე პროცესები რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ნათელი მაგალითია.

სალჩო აცხადებს, რომ ქართული მხარე ნოემბერში ლუგარის ცენტრში საერთაშორისო კონვენციის სავარჯიშოსაც აწყობს, რომელში მონაწილეობაზე რუსეთმა უარი განაცხადა.

“ჩვენ გავეცანით რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას [ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით]. ეს არის სრული აბსურდი და რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ნათელი მაგალითი.

აღვნიშნავ, რომ გერმანიის მხარდაჭერით, საქართველო ნოემბერში აწყობს საერთაშორისო კონვენციასთან შესაბამისობის სავარჯიშოს ლუგარის ცენტრში. რუსებმა მასში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

ლუგარის ცენტრის მისიასა და კონვენციასთან შესაბამისობის სავარჯიშოს შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ლუგარის ცენტრის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევის ცენტრს თბილისში; დარწმუნებული ვარ, მოხარული იქნებიან ისაუბრონ თავიანთ სარგებლის მომტან საქმიანობაზე”, – აღნიშნულია განცხადებაში.

აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი ლუგარის კვლევითი ცენტრის შესახებ გადაუმოწმებელი ინფორმაცია და შეთქმულების თეორიები რუსულ მედიაში მისი ექსპლუატაციაში შესვლიდან(2013წ.) ჟღერდება. განსაკუთრებული აქტუალობა თემამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის იგორ გიორგაძის პრესკონფერენციის კვალდაკვალ შეიძინა. გიორგაძემ განაცხადა, რომ ლუგარის ლაბორატორიაში ადამიანებზე ექსპერიმენტებს ატარებენ და ბიოლოგიურ იარაღს ქმნიან;

შემდეგ – Zero Hedge-ში გამოქვეყნდა სტატია “ამერიკელი დიპლომატები საიდუმლო სამხედრო პროგრამის ფარგლებში ადამიანის სისხლითა და პათოგენებით უკანონოდ ვაჭრობენ”; ეს სტატია საყურადღებოა იმითაც, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის საელჩოს შორის საიდუმლო მიმოწერის გაჟონვაზე მიუთითებს. თუმცა საქართველოს სამართალდამცველ უწყებებს ამ დრომდე არ უთქვამთ, დაიწყეს თუ არა გამოძიება საიდუმლო მიმოწერის გაჟონვაზე.

კამპანიას გამოეხმაურა როგორც საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ისე პენტაგონი. ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ დეზინფორმაციის გავრცელება საქართველოში მიმდინარე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. პროგრამის გარე კონტროლს სწორედ ლუგარის ცენტრი ახორციელებს.

პენტაგონში კი მიიჩნევენ, რომ მოსკოვი სინამდვილეში ცდილობს მისივე ბოლოდროინდელი ქმედებებისგან ყურადღების გადატანას.

“პენტაგონი არ ქმნის ბიოლოგიურ იარაღს ლუგარის ცენტრში. ეს რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიაა, რომელსაც დასავლეთის წინააღმდეგ აწარმოებს და არაერთ ფრონტზე რუსეთის ცუდი ქმედებებისგან ყურადღების გადატანას ცდილობს”, – განაცხადა პენტაგონის სპიკერმა ერიკ პაჰონმა.

რა საფრთხეს ქმნის რუსეთის შეტევა “ლუგარის ლაბორატორიაზე”

მასალების გადაბეჭდვის წესი