17 მაისს გეი აქტივისტზე თავდამსხმელს პროკურატურამ ბრალი წაუყენა

არასრულწლოვანს, რომელიც მიმდინარე წლის 17 მაისს მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე სიტყვით გამომსვლელ ნიკა გორგილაძეს თავს დაესხა, პროკურატურამ ბრალი წაუყენა. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” პროკურატურაში განუცხადეს.

უწყების ცნობით, ზემოაღნიშნულზე თავდაპირველად გამოძიება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა სსკ-ს 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. თუმცა, შემდგომ ამ საქმეზე კვალიფიკაცია შეიცვალა და არასრულწლოვანს ბრალი სსკ-ს 156-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით წაეყენა, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას, ჩადენილს ძალადობით ან ძალადობის მუქარით.

მუხლი ჯარიმას ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ს.კ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით მშობლის მეთვალყურეობაში გადაცემა შეეფარდა.

17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. მიმდინარე წელს, ამ დღეს, ლგბტ თემის წევრები და მათი მხარდამჭერები მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ. სიტყვით გამოსვლისას, გეი აქტივისტ ნიკა გორგილაძეს არასრულწლოვანი ბიჭი თავს დაესხა. პოლიციამ ის მალევე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს იუწყებოდა, რომ თავდამსხმელი 15 წლის არის.

მოგვიანებით, ნიკა გორგილაძემ მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ  დამნაშავეა სისტემა და მას აგრესია არ აქვს თავდამსხმელის მიმართ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან