ახალი ამბები

ზურაბიშვილი არასამთავრობოებთან შესახვედრად მზადაა

6 ოქტომბერი, 2018 • 2476
ზურაბიშვილი არასამთავრობოებთან შესახვედრად მზადაა

სალომე ზურაბიშვილი მზად არის, არასამთავრობო ორგანიზაციეცს შეხვდეს. ამის შესახებ “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.

ზურაბიშვილმა NGO-ები კვლავ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მის მიმართ ნათქვამ “სიძულვილის სიტყვებზე” მათი რეაქცია არ მოუსმენია. თუმცა, მისივე თქმით, არასამთავრობო სექტორს პატივს სცემს და “როგორც პრეზიდენტს”, მათთან ურთიერთობა დასჭირდება.

„ალბათ, საჭიროა, როცა არასამთავრობოები ეხმაურებიან კამპანიას, ჯერ ერთი, როცა სიძულვილის სიტყვებია ქალზე ნათქვამი, რომ ის ვინც იცავს ქალთა უფლებებს, ამაზე რეაქცია გააკეთოს და ეს რეაქცია არ გამიგია. მეორე მხრივ, მგონი, როცა საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს და არის გაკეთებული, ეს კრიტიკა არ არის, ეს არის პირდაპირ ცილისწამება, როცა ამას არ აქვს საფუძველი. მზად ვარ, შევხვდე არასამთავრობო ორგანიზაციებს იმიტომ, რომ მე არათუ დიდ პატივს ვცემ საერთოდ არასამთავრობო სექტორს, მაგრამ როგორც პრეზიდენტი, დამჭირდება მათთან ურთიერთობა,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტობის კანდიდატმა არასამთავრობოები გუშინ, რუსთაველის თეატრში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზეც გააკრიტიკა მას შემდეგ, რაც 15-მა ორგანიზაციამ მის მიერ ნინოწმინდაში გაკეთებული განცხადება ქსენოფობიურად შეაფასა. ზურაბიშვილის თქმით, მის წინააღმდეგ “არანაირი მტკიცებულების საფუძველზე გაილაშქრეს” არასამთავრობოებმა, რომელთაც “სიძულვილის ლექსიკის დასაგმობად სიტყვა არ დაუძრავთ”. ზურაბიშვილის განცხადებით, მისდამი ძალიან დიდი ბრალდება გახმიანდა და ქვეყანაში ამ კუთხით “არათანასწორი სიტუაციაა”, რაც კანონმდებლობით უნდა მოწესრიგდეს.


სალომე ზურაბიშვილმა 2 ოქტომბერს ახალციხეში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მოსახლეობასთან შევედრისას ქსენოფობიური შინაარსის განცხადება გააკეთა და უარყოფით კონტექსტში მოიხსენია მიხეილ სააკაშვილის მიერ თურქებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება. მან ნინოწმინდელ სომხებს ასე მიმართა:

“ერთმა პრეზიდენტმა, რომლის წარმომადგენელიც არის ჩემი ოპონენტი, ძალიან ბევრი მოქალაქეობა დაურიგა თურქებს, მაგრამ თქვენ არ მოგცათ მოქალაქეობა”.

ოპონენტების ლანძღვას არ ვპასუხობ – ზურაბიშვილი თურქებთან დაკავშირებულ განცხადებაზე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი