ახალი ამბები

შსს-მ დააკავა პირი, რომელსაც საპატიმროდან გაქცევის შემდეგ 24 წელი ეძებდნენ

6 ოქტომბერი, 2018 • 5046
შსს-მ დააკავა პირი, რომელსაც საპატიმროდან გაქცევის შემდეგ 24 წელი ეძებდნენ

სამცხე-ჯავახეთის პოლიციამ ბორჯომში 24 წლის განმავლობაში ძებნილი, 1970 წელს დაბადებული პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, ის 1994 წლიდან ძარცვის, ყაჩაღობისა და საპატიმრო დაწესებულებიდან გაქცევისთვის იძებნებოდა.

უწყების განცხადებით, დაკავებულს 1994 წლის 6 ივლისს, პროკურორის სანქციით, აღკვეთის ღონისძიების სახით 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. იმავე წლის 16 სექტემბერს, წინასწარი პატიმრობის პერიოდში, იგი ახალციხის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან სხვა პირებთან ერთად გაიქცა, რისთვისაც მასზე ძებნა გამოცხადდა.

2008 წელს, ახალციხის სასამართლოს განაჩენით, მის მიმართ ძარცვის ჩადენის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა, თუმცა საპატიმროდან გაქცევის მუხლით 5 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა.

ამ დროისთვის, დაკავებული  მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი