მონსერატ კაბალიე. ფოტო: EPA/Mladen_Antonov

მონსერატ კაბალიე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა

ესპანელი ოპერის მომღერალი მონსერატ კაბალიე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. BBC-ის ცნობით, მას ბოლო დროს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და გასულ თვეში საავადმყოფოშიც მოხვდა.

მონსერატ კაბალიეს კარიერა 50 წელიწადს ითვლის. ის ბარსელონაში დაიბადა და ცხრა წლის ასაკში ქალაქის კონსერვატორიისაგან კურსის გავლაზე თანხმობა მიიღო.

მისი კარიერის აღმასვლა მას შემდეგ იწყება, რაც ბაზელში, შვეიცარიის სახელმწიფო ოპერაში, ოთხმოქმედებიან პისეაში”ბოჰემა” მიიღო მონაწილეობა. საუცხოო ხმისა და დრამატიზმის ნაზავმა სოპრანოს საერთაშორისო აღიარება მოუტანა. განსაკუთრებით ცნობილი და სიმბოლურია მისი და ფრედი მერკურის დუეტი “ბარსელონა”, რომელიც 1992 წლის ოლიმპიური თამაშებს ჰიმნად იქცა.

მონსერატ კაბალიე 2010 წელს თბილისშიც იმყოფებოდა, სადაც მან საქველმოქმედო კონცერტში მიიღო მონაწილეობა.

სოპრანოს კარიერას ჯანმრთელობის პრობლემებმა ხელი არაერთხელ შეუშალა. 1985 წელს თავის ტვინის პრობლემების გამო საავადმყოფოში სამი თვით მოათავსეს, 1993 წელს კი გულის შეტევა გადაიტანა.

ესპანური მედიის ცნობით, კაბალიეს პანაშვიდი ბარსელონაში უკვე დაიგეგმა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან