ახალი ამბები

არჩევის შემთხვევაში, სააკაშვილს მოქალაქეობას არ მივანიჭებ – უსუფაშვილი

6 ოქტომბერი, 2018 • 5460
არჩევის შემთხვევაში, სააკაშვილს მოქალაქეობას არ მივანიჭებ – უსუფაშვილი

პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა საკუთარი ხედვები და დაპირებები მოსახლეობას TV პირველის ეთერიდან წარუდგინა. საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას იმ ძირითად მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც პრეზიდენტის უფლებამოსილებას განეკუთვნება და რომელთაც, არჩევის შემთხვევაში, განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს.

მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობა, ქვეყნის პოლიტიკური კონსოლიდაცია, მოქალაქეობის გაცემისა და პატიმართა შეწყალების საკითხების გადახედვა – ამ და სხვა თემებზე გაამახვილა ყურადღება კანდიდატმა გადაცემა “პირველების” ეთერში. მისი ძირითადი გზავნილები ასე გამოიყურება:

  • “ჩვენ შეგვიძლია სახელმწიფოს შექმნა, სადაც ადამიანები, მოქალაქეები, დაყოფილი არიან პოლიტიკურ პარტიებად, კამათობენ, მაგრამ აერთიანებთ ერთიანი სახელმწიფო. სახელმწიფო იერარქიაში სახელმწიფოს მეთაურის როლია სწორედ, შეახსენოს მოქალაქეებს, რომ ერთი ქვეყნის შვილები ვართ;
  • პრეზიდენტი უსუფაშვილი დაასრულებს იმ სამარცხვინო და ქვეყნის დამაზარალებელ ვითარებას, სადაც პრეზიდენტი, პრემიერი და ოპოზიცია ცალ-ცალკე დარბიან, ერთმანეთს ეცილებიან და ყველაზე დიდ ზიანს აყენებენ ქვეყანას. მე ვიქნები ძალიან აქტიური საერთაშორისო ურთიერთობებში, თუმცა, მთავრობასთან და ოპოზიციასთან შეთანხმებით;
  • პრეზიდენტმა საქართველოს უნდა დაუბრუნოს ასობით ათასი მოქალაქე, რომელსაც საქართველოსთან კავშირი აქვს გაწყვეტილი. ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის ეს არის კატასტროფული მოვლენა და მე ვიქნები ძალიან ლიბერალური ამ საკითხში. ვისაც ჰქონდა საქართველოს მოქალაქეობა და განაცხადებს სურვილს, აღიდგინოს, უნდა დაუბრუნდეს მოქალაქეობა;
  • მე ვიქნები ძალიან პრინციპული იმ საკითხში, რაც ეხება საქართველოს ყოფილ მოქალაქე ყოფილ პრეზიდენტს, ყოფილ პრემიერს, ყოფილ პარლამენტის თავმჯდომარეს. თუ საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, ის ვერასდროს დაიბრუნებს ამ სტატუსს. მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობას არასდროს მივანიჭებ;
  • შეწყალება ჩვენს ქვეყანაში იქცა ჩვეულებრივ მოვლენად. ასობით, ათასობით ადამიანის შეწყალება ხდება. ეს არის დაუშვებელი. პრეზიდენტი თავისი გულჩვილობის ან პერსონალური მოსაზრებების გამო არ უნდა იღებდეს ამ გადაწყვეტილებას. ხალხის სახელით მოქმედმა პრეზიდენტმა შეწყალების აქტი უნდა გამოიყენოს უიშვიათეს შემთხვევაში;
  • არჩევის შემთხვევაში, პროპორციულ არჩევნებს დავნიშნავ 2020 წელს და მივაღწევ იმას, რომ უმრავლესობა, უმცირესობა, მთავრობა, ოპოზიცია, მოსახლეობა, დავითანხმო ამ საკითხში. პრეზიდენტი არჩევნებს რომ ნიშნავს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოაწერო ხელი და მერე რაც გინდა მომხდარა. არჩევნებმა უნდა შეიძინოს არჩევნების დატვირთვა. სწორედ არჩევნების მეშვეობით ხდება სახელმწიფოს ძალაუფლების განხორციელება. იმ დონის უნდობლობა არჩევნებისადმი, ფულის ტრიალი, მედიის დაიღლიავება, სუს-ის, პოლიციის, თვითმმართველობის ჩარევა, რაც ხდება ამ ქვეყანაში, ეს უნდა დასრულდეს. პრეზიდენტს ეს შეუძლია”.

“მეტი>შეგვიძლია” – ასეთია დავით უსუფაშვილის საარჩევნო სლოგანი, ლოგო კი საქართველოს რუკაში ჩახატული ქართული ანბანია.

უსუფაშვილის თქმით, “პრეზიდენტი გვჭირდება, რადგან საქართველოს სჭირდება სახელმწიფოს შემკვრელი, საზოგადოების მომწესრიგებელი, ქვეყნის დამლაგებელი საქმე, რაც სწორედ აღმასრულებელი ვალდებულებებისგან და პოლიტიკური პაექრობის აუცილებლობისგან გამოთავისუფლებული სახელმწიფოს მეთაურის საკეთებელი საქმეა”.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს იმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი