ახალი ამბები

საქართველოს რუკა – თორნიკე რიჟვაძის საჩუქარი რუსეთის დელეგაციას ოლიმპიადაზე

5 ოქტომბერი, 2018 • 86013
საქართველოს რუკა – თორნიკე რიჟვაძის საჩუქარი რუსეთის დელეგაციას ოლიმპიადაზე

ბათუმში, მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებს საქართველოს რუკა აჩუქა.

რიჟვაძის ეს ქმედება 3 ოქტომბერს მომხდარ ფაქტს უკავშრდება, როცა რუსეთის წარმომადგენლებმა ოლიმპიადაზე მსოფლიო რუკები დაარიგეს, სადაც საქართველო წარმოდგენილი იყო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ნებსით თუ უნებლიეთ დაშვებული შეცდომა ქვეყნის ერთიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს. ამიტომ დელეგაციის წევრებს საქართველოს რუკას გადასცემს, რათა მომავალში ასეთი უხერხულობა აღარ შეიქმნას.

“საქართველო არის ვაჟა-ფშაველას ქვეყანა და ძალიან კარგად ვიცით სტუმარ-მასპინძლობის როგორც წესი, ისე სტუმრის პატივისცემა. თუმცა, ამავდროულად, მინდა აღვნიშნო, რომ ე.წ. დიზაინერების ნებსით თუ უნებლიეთ დაშვებული შეცდომა კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს ჩვენი ქვეყნის ერთიანობას. ამიტომ, მე მინდა საჩუქარი გავუგზავნო ჩვენს სტუმრებს, რათა ასეთი უხერხულობა მომავალში თავიდან იქნას არიდებული – ეს არის საქართველოს რუკა და ისტორია,“ – აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

საქართველოს რუკა - თორნიკე რიჟვაძის საჩუქარი რუსეთის დელეგაციას. ფოტო: აჭარის მთავრობა

საქართველოს რუკა – თორნიკე რიჟვაძის საჩუქარი რუსეთის დელეგაციას. ფოტო: აჭარის მთავრობა

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ ბათუმში მიმდინარე ოლიმპიადაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება 4 ოქტომბერს გაავრცელა. განცხადების თანახმად, 3 ოქტომბერს ბათუმში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ფარგლებში გამართული ყრილობის მონაწილეებს  მსოფლიო რუკა დაურიგეს, რომელზეც საქართველო ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების გარეშე იყო დატანილი. როგორც ცნობილი გახდა, გასაშლელი რუკა რუსეთის ქალაქ ხანტი-მანსიისკის [ხანტი-მანსის ავტონომიური ოკრუგის ცენტრი] დელეგაციის მიერ დარიგებულ სასაჩუქრე ჩანთებში აღმოჩნდა.

ბათუმის სპორტის სასახლეში 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა 24 სექტემბერს დაიწყო. მასში 180 ქვეყნის 4000-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა.

რუსეთის დელეგაციის პროვოკაცია ბათუმში საჭადრაკო ოლიმპიადაზე – რუკა ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე 

მასალების გადაბეჭდვის წესი