ილია მეორე და უკრაინის დელეგაცია. ფოტო: საპატრიარქო

ილია მეორე ავტოკეფალიის საკითხზე უკრაინის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე, სასულიერო პირებთან ერთად, უკრაინის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, საპატრიარქოში გამართულ მიღებაზე მხარეებმა “უკრაინაში არსებული მდგომარეობა” განიხილეს. განცხადებიდანვე ჩანს, რომ საუბარი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს ეხებოდა. უკრაინის დელეგაციის წევრებს შორის რადას სპიკერი ანდრი პარუბიც იყო.

,,აუცილებელია წინასწარი შეფასებებისაგან თავის შეკავება, ვიდრე არ დაფიქსირდება საეკლესიო კანონიკური სამართლის ნორმებზე დაფუძნებული მსოფლიო საპატრიარქოსა და რუსეთის ეკლესიის ოფიციალური და საბოლოო პოზიცია,” – ციტირებს საპატრიარქო ილია მეორეს. განცხადება იდენტური ტექსტით მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ რამდენიმე დღის წინაც გაავრცელა.

საპატრიარქოს ინფორმაციით, “ანდრი პარუბმაც დასძინა, რომ გადაწყვეტილება კანონიკურ სამართალს უნდა ემყარებოდეს”.


უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებით, რომელიც კონსტანტინოპოლისა და მოსკოვის საპატრიარქოების მწვავე დავის საგანია, საქართველოს ეკლესიას ჯერჯერობით არ დაუფიქსირებია ერთიანი პოზიცია. თუმცა კიევის პატრიარქი აღნიშნავს, რომ ამ პროცესში კიევი საქართველოს მხარდაჭერას ელის.

კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს პოზიცია პატრიარქმა ბართლომემ 23 სექტემბერს. სტამბოლში გამართული ლიტურგიის დასრულების შემდეგ კიდევ უფრო ცხადი გახადა: როგორც უკრაინის უფლებაა, მიიღოს ავტოკეფალია, ისე კონსტანტინოპოლს აქვს უფლება, მიანიჭოს ის ახალ მართლმადიდებელ ეკლესიებს.

აღნიშნულს უპირისპირდება რუსეთი, რომელიც მსოფლიო საპატრიარქოს ქმედებებს “მოსკოვის კანონიკურ ტერიტორიაზე შეჭრას” უწოდებს. რუსეთის ეკლესიამ მსოფლიო პატრიარქის ლოცვებში მოხსენიება უკვე შეწყვიტა.

უკრაინის ავტოკეფალია – ტესტი ქართული ეკლესიისთვის

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან