ახალი ამბები

მტკიცებულებების გარეშე ბრალს მდებენ რასიზმსა და ქსენოფობიაში – ზურაბიშვილი NGO-ებზე

5 ოქტომბერი, 2018 • 3184
მტკიცებულებების გარეშე ბრალს მდებენ რასიზმსა და ქსენოფობიაში – ზურაბიშვილი NGO-ებზე

სალომე ზურაბიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებს აკრიტიკებს, რომელთაც პრეზიდენტობის კანდიდატი მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო ქსენოფობიასა და შუღლის გაღვივებაში დაადანაშაულეს.

ზურაბიშვილის თქმით, მის წინააღმდეგ “არანაირი მტკიცებულების საფუძველზე გაილაშქრეს” არასამთავრობოებმა, რომელთაც “სიძულვილის ლექსიკის დასაგმობად სიტყვა არ დაუძრავთ”. ზურაბიშვილის განცხადებით, მისდამი ძალიან დიდი ბრალდება გახმიანდა და ქვეყანაში ამ კუთხით “არათანასწორი სიტუაციაა”, რაც კანონმდებლობით უნდა მოწესრიგდეს.

“არასამთავრობოებმა, რომელთაც სიტყვა არ დაძრეს ამ აგრესიის, ლანძღვის, სიძულვილის ლექსიკის დასაგმობად ამდენი ხანი; არც თუმცა ქალის მიმართ რომ იყო ეს სიტყვები გამოყენებული, რაც დღევანდელ მსოფლიოში პირიქით არის, რომ ქალების დასაცავად გამოდიან არასამთავრობოები უფრო და უფრო ძლიერად.

აქ ეს არ ხდება. პირიქით ხდება, რომ ამ ჩემი დამახინჯებული და კონტექსტიდან გამოღებული სიტყვების საფუძველზე და არანაირი მტკიცებულების საფუძველზე გამოილაშქრეს და ბრალს მდებენ პერსონალურად რასიზმში და ქსენოფობიაში, რაც არის ძალიან დიდი ბრალდება.

ეს ხუმრობა არ არის და რომ დამთავრდება არჩევნები, მე მგონი, რომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ არამხოლოდ ჩემთვის, რადგან მე არ ვარ ერთადერთი მოქალაქე, რომელმაც გაიარა ეს მძიმე მდგომარეობა, უნდა ვიფიქროთ, როგორ სამართლებრივად, კანონმდებლობის კუთხით გამოვასწოროთ ეს საზოგადოებრივი არათანასწორი სიტუაცია. არ შეიძლება, რომ ეს ასე გაგრძელდეს”, – აღნიშნა მან.

“ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა მესამე სექტორსა და მედიაზე საუბრისას აღნიშნა, რომ “თავისუფალი მედია და არასამთავრობო სექტორი ვერ არიან თავიანთი გამოწვევების სიმაღლეზე და ესეც უნდა, რაღაცნაირად, გამოსწორდეს”.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა სალომე ზურაბიშვილის მიერ ნინოწმინდაში გახმიანებული გზავნილები 4 ოქტომბერს ერთიანი განცხადებით დაგმეს.

“მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადება ხელს უწყობს შუღლის გაღვივებას, ეწინააღმდეგება ლიბერალური დემოკრატიისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპებს, ახდენს ისტორიული კონფლიქტის თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ რეალობაში სახიფათო პრობლემატიზაციას”, – ნათქვამია 15 არასამთავრობოს განცხადებაში.

ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა 2 ოქტომბერს ახალციხეში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მოსახლეობასთან შევედრისას ქსენოფობიური შინაარსის განცხადება გააკეთა და უარყოფით კონტექსტში მოიხსენია მიხეილ სააკაშვილის მიერ თურქებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება. მან ნინოწმინდელ სომხებს ასე მიმართა:

“ერთმა პრეზიდენტმა, რომლის წარმომადგენელიც არის ჩემი ოპონენტი, ძალიან ბევრი მოქალაქეობა დაურიგა თურქებს, მაგრამ თქვენ არ მოგცათ მოქალაქეობა”.

ზურაბიშვილი ნინოწმინდელ სომხებს: სააკაშვილმა მოქალაქეობა დაურიგა თურქებს, თქვენ – არა

მასალების გადაბეჭდვის წესი