ახალი ამბები

რას გულისხმობს შრომის უსაფრთხოების ახალი კანონპროექტი

5 ოქტომბერი, 2018 • 3119
რას გულისხმობს შრომის უსაფრთხოების ახალი კანონპროექტი

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა “შრომის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის პროექტი  და მხარი დაუჭირა.

ახალი რედაქციით, აღნიშნული სფერო ორგანული კანონის რეგულირების ქვეშ ექცევა და მის საფუძველზე უნდა მოხდეს ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგის ფარგლებში სამუშაო ადგილებზე დასაქმებულების შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მაქსიმალურად დაცვა, პროფესიული და პროფესიით განპირობებული დაავადებების დროული გამოვლენა, მათი პრევენცია და უბედური შემთხვევების (მათ შორის ფატალური შედეგი) თავიდან აცილება.

პროექტი 2019 წლის პირველი სექტემბრიდან კანონის მოქმედების არეალის გაფართოებას ითვალისწინებს და კანონი მოიცავს ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგს, მათ შორის ორგანული კანონით საქართველოს შრომის კოდექსს და „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით მოწესრიგებულ შრომით ურთიერთობას.

კანონპროექტით ჩნდება საწარმოებში შრომის ინსპექტორის უპირობო დაშვების ვალდებულება, რაც დღეისათვის არ არსებობს. მოქმედი კანომდებლობა, გამონაკლისის გარდა, არ ითვალისწინებს შრომის უსაფრთხოების საზედამხედველო ორგანოს სამუშაო ადგილზე უპირობო დაშვების მექანიზმს. შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი ზედამხედველობის განხორციელებისას უმეტესად (გამონაკლისია გეგმური კონტროლი) ვალდებულია ნებართვისათვის სასამართლოს მიმართოს, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების და პროფესიული კავშირების შეფასებით დამატებით დროით რესურსს მოითხოვს, რაც საზედამხედველო ორგანოს მხრიდან დაუყოვნებელი და ეფექტიანი რეაგირების შანსებს ამცირებს.

„იმ პრინციპიდან გამომდინარე, რომ შრომის ინსპექტორი უნდა იყოს მაქსიმალურად ავტონომიური თავის საქმიანობაში და გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში შეეძლოს მყისიერი მოქმედება რისკებზე რეაგირების მიზნით, უნდა იყოს ინსპექტორის უპირობო დაშვება საწარმოებში, რომლის გადაზღვევა მერე ხდება ინსტიტუციების მხრიდან“, – აღნიშნა დიმიტრი ცქიტიშვილმა, რომელმაც აღნიშნული კანონპროექტი კომიტეტს წარუდგინა.

კანონპროექტის განამრტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტის არსს წარმოადგენს, განისაზღვროს შრომის ბაზარზე ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგში არსებული საწარმოებისთვის შრომის უსაფრთხოების კუთხით ოპერირების ერთიანი სტანდარტი და დადგინდეს ქმედითი და ეფექტური აღსრულებისა და ინსპექტირების მექანიზმის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირებისათვის აუცილებელი საჭირო სამართლებრივი ბაზისი:

“გაიმიჯნოს და დაკონკრეტდეს დამსაქმებლის, დასაქმებულის, მათ შორის უსაფრთხოების დაცვაზე პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებული ნებისმიერი პირის და შრომის ინსპექციის უფლება-მოვალეობები, ვალდებულებები და პასუხისმგებლობის ფარგლები, რაც გახდება შრომითი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების, შრომის ნაყოფიერებისა და ცნობიერების ამაღლების, სამუშაო ადგილებზე ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნის გარანტი”, – ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.

პარლამენტი კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე განხილვას.

მასალების გადაბეჭდვის წესი