ახალი ამბებისამართალი

გაჩნდა კითხვები, რამდენად დამოუკიდებელია სამხარაულის ბიურო – ფანცულაია

5 ოქტომბერი, 2018 • 2775
გაჩნდა კითხვები, რამდენად დამოუკიდებელია სამხარაულის ბიურო – ფანცულაია

“ომეგა ჯგუფის” ადვოკატი, გიორგი ფანცულაია უნდობლობას უცხადებს სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას, რომლის მიხედვითაც რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებული ზაზა ოქუაშვილისა და ლევან ყოფიანის საუბრების აუდიოჩანაწერები დამონტაჟებულია.

“პირდაპირ გეუბნებით – გამიმყარდა ვარაუდი იმისა, რომ ამ ექსპერტიზის სანდოობა ძალიან მყიფეა. იქ არის ისეთი საკითხები, რაზეც პრაქტიკულად შეუძლებელია ასეთი დასკვნის გამოტანა იქიდან გამომდინარე, რომ მეც ინფორმირებული ვარ. თუმცა აქვე მინდა დაგიდასტუროთ, რომ ჩვენ ევროპაში დანიშნული გვაქვს ექსპერტიზა ამ საკითხთან დაკავშირებით და დღე-დღეზე ველოდებით პასუხს. იმედია, სამხარაულის ექსპერტიზა თავს არ შეირცხვენს, როცა ევროპიდან ექსპერტიზის პასუხი ჩამოვა და შევადარებთ”, – განუცხადა ნეტგაზეთს ადვოკატმა.

გიორგი ფანცუალაია ვარაუდობს, რომ სამხარაულის ბიუროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზა თავიდან ბოლომდე აცდენილია რეალობას:

“ამ ექსპერტიზის დასკვნამ კიდევ ერთხელ გააჩინა კითხვები, რამდენად დამოუკიდებელია სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო. ამ ჩანაწერებში იმის გამოკვეთა და იდენტიფიკაცია თუ ვერ მოახდინა ექსპერტიზამ, თუ რომელი მხარეები საუბრობდნენ, ეს ძალიან ცუდია… ლევან ყიფიან და ვანო ჩხარტიშვილიც კი არ უარყოფენ ამ შეხვედრებს. ამიტომ ვამბობ, რომ ძალიან დაბალი სანდოობა გამიჩინა სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზამ.”

კითხვაზე, ევროპის რომელ საექპერტო ბიუროში გაგზავნა ომეგა ჯგუფმა აუდიოჩანაწერები ექსპერტიზაზე, ადვოკატმა გვიპასუხა, რომ უახლოეს დღეებში ჩამოვა პასუხი და ერთიანად გავიგებთ ყველაფერს.

“ჩვენ არასდროს ვსაუბრობთ იმას, თითქოს ეს შეხვედრები 2-წუთიანი და წუთნახევრიანი იყო. რაღაც გზებით მოიპოვეს ტელევიზიებმა და ჩანაწერებიდან წინა პლანზე გამოტანილი აქვთ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილები, რაც არის საუბრის შინაარსი. როგორ მოიპოვეს მათ, თვითონ ტელევიზიებს უნდა ჰკითხოთ. ხელი როგორ ჩამოართვეს, როგორ გადაკოცნეს ერთმანეთი და “ოჯახში როგორ იმყოფებით” საუბარს ტელევიზიები ხომ არ გამოიტანდნენ? აქ მთავარი პრინციპია ერთი და მთავარი – ადამიანი როცა საუბრობს, არის თუ არა წინადადებებში წყვეტა. მე რომ გესაუბრებით, ეს საუბარი არის თუ არა წყვეტილი, ეს არის მთავარი და ეს უნდა დაადგინოს ექსპერტიზამ, პირველ რიგში”, – ამბობს გიორგი ფანცულაია.

  • ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აცხადებს, რომ “ომეგა ჯგუფთან” დაკავშირებით 9-11-14-21 სექტემბერს სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებული აუდიოჩანაწერების ვიდეო და ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, აღნიშნული აუდიოჩანაწერები (მათ შორის, ოქუაშვილი-ყიფიანის საუბარი) არ არის ავთენტიკური, დამზადებულია მონტაჟის გზით, ამავდროულად, ყველა ვიდეოჩანაწერი დამზადებულია წყვეტებით და მათზე მრავლობით აღინიშნება ციფრული და მექანიკური მონტაჟის კვალი.

სამხარაულის ბიურო აცხადებს, რომ “ომეგა ჯგუფთან” დაკავშირებული ჩანაწერები დამონტაჟებულია

მასალების გადაბეჭდვის წესი