0,0123 გრამი ჰეროინის ფლობაში ბრალდებულს 8 წლით პატიმრობა მიესაჯა

0,0123 გრამი ჰეროინის ფლობაში ბრალდებულს 8 წლით პატიმრობა მიესაჯა. მსჯავრდებულს ედავებოდნენ ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა, შენახვის და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებას.

პროკურატურის განცხადებით, სამართალდამცველებმა დ.ბ. 2018 წლის 1 აგვისტოს ქ.თბილისში, სოფელ ფონიჭალაში დააკავეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ მსჯავრდებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა 2 ცალ ნაჭერში მოთავსებული, 0,0123 გრამი „ჰეროინი“, ხოლო ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დ.ბ-ს ნარკოტიკული საშუალების – ოპიუმის ჯგუფის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

“დ.ბ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი არაერთგზის იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული დანაშაული) და 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.ბ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, – ვკითხულობთ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.