პრეზიდენტმა 4 ქვეყანაში ახალი ელჩები დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა 4 ქვეყანაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები დანიშნა. საქართველოს პრეზიდენტმა შესაბამისი განკარგულებით “დიპლომატიური სამსახურის შესახებ” კანონის საფუძველზე თურქეთის რესპუბლიკაში, იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, ლატვიის რესპუბლიკაში და ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები დანიშნა.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე თურქეთის რესპუბლიკაში დაინიშნა გიორგი ჯანჯაღავა, იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში- ზაზა კანდელაკი, ხოლო ლატვიის რესპუბლიკაში- თეა მაისურაძე. ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობებზე დაინიშნა დავით დონდუა.

დავით დონდუა 2015 წლიდან დღემდე არის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. გიორგი ჯანჯღავა 2014 წლიდან 2018 წლის 1 ოქტომბრამდე იკავებდა საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაში (OIC) საქართველოს წარმომადგენლის პოზიციას. თეა მაისურაძე საგარეო საქმეთა სამინისტროში საქმიანობს 2009 წლიდან. ხოლო 2016 წლის აპრილიდან დღემდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი იყო. ზაზა კანდელაკს კი, 2013 წლის მარტიდან 2018 წლის 1 ოქტომბრამდე უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობა ეკავა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com