რა საფრთხეს ქმნის რუსეთის შეტევა “ლუგარის ლაბორატორიაზე”

რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და პროპაგანდისტული რუსული მედიასაშუალებების შეტევა თბილისში მდებარე ლუგარის ლაბორატორიაზე შეიძლება თუ არა გახდეს ახალი ინტერვენციის საბაბი და აქვს თუ არა ამ პროცესს რაიმე კავშირი საქართველოში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებთან? ამ საკითხებზე ნეტგაზეთი ესაუბრა საქართველოში უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ანალიტიკოსებს.

რუსული შეტევა ლუგარის ლაბორატორიაზე

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მშენებლობა, აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში, ჯერ კიდევ 2004 წელს დაიწყო, უახლესი შენობა კი სრულ ექსპლუატაციაში 2013 წლის აგვისტოში შევიდა. მას შემდეგ არსებობს ძირითადად რუსული წყაროებიდან მომდინარე შეთქმულების თეორიები იმის შესახებ, რომ პენტაგონის დაფინანსებული ლაბორატორიის მიზანს სინამდვილეში აშშ-ის მიერ ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციისთვის გვერდის ავლა და ბიოდივერსიების მოწყობა წარმოადგენს; რომ აქ ქიმიურ და ბიოლოგიურ იარაღს ქმნიან, მათ შორის, ზიკას ვირუსიც თბილისში, კახეთის გზატკეცილზე არის გამოყვანილი და ა.შ.

სკრიპალების მოწამვლის სკანდალის პარალელურად, მოსკოვს პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული ამერიკის ბიოლაბორატორიები “გაახსენდა”. მიმდინარე წლის 12 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ სკრიპალების მოწამვლის საქმის კომენტირებისას განაცხადა, რომ აშშ პენტაგონის დაფინანსებით სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიებს ქმნის, რისი მაგალითიცაა თბილისში ბიოლოგიური დაცვის მესამე დონის ლაბორატორიის გახსნა.

განსაკუთრებული აქტუალობა კი თემამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის იგორ გიორგაძის პრესკოფერენციის კვალდაკვალ შეიძინა. გიორგაძემ განაცხადა, რომ ლუგარის ლაბორატორიაში ადამიანებზე ექსპერიმენტებს ატარებენ და ბიოლოგიურ იარაღს ქმნიან; შემდეგ – Zero Hedge-ში გამოქვეყნდა სტატია “ამერიკელი დიპლომატები საიდუმლო სამხედრო პროგრამის ფარგლებში ადამიანის სისხლითა და პათოგენებით უკანონოდ ვაჭრობენ”; ეს სტატია საყურადღებოა იმითაც, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის საელჩოს შორის საიდუმლო მიმოწერის გაჟონვაზე მიუთითებს. თუმცა საქართველოს სამართალდამცველ უწყებებს ამ დრომდე არ უთქვამთ, დაიწყეს თუ არა გამოძიება საიდუმლო მიმოწერის გაჟონვაზე.

იგორ გიორგაძის განცხადება ახალი “საბაბი” გახდა რუსეთის ოფიციალური პირებისთვის, მათ შორის, რუსეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების წარმომადგენლების მორიგი ბრალდებებისთვის. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღების გაუვრცელებლობისა და კონტროლის საკითხების დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ერმაკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი არ დაუშვებს საკუთარ საზღვრებთან ამერიკელების მიერ ბიოლოგიური ექსპერიმენტების ჩატარებას.

4 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ჯარების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა იგორ კირილოვმა განაცხადა, რომ ამერიკელების მიერ თბილისში, ლუგარის ლაბორატორიაში ძლიერ ტოქსიკური ქიმიური პრეპარატის ან ბიოლოგიური აგენტის გამოცდამ საქართველოს 73 მოქალაქის სიკვდილი გამოიწვია. საუბარია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში ამერიკული კომპანია “გილეადის” მიერ საქართველოსთვის გადმოცემულ სამკურნალო პრეპარატ “სოვალდიზე”.

საქართველოს და აშშ-
ის პასუხი რუსულ პროპაგანდაზე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის მხრიდან გააქტიურებული დეზინფორმაციული კამპანია С ჰეპატიტის პროგრამის დისკრედიტაციას დაუკავშირა.

იმავე კირილოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში არსებული ლაბორატორია აშშ-ის ბიოლოგიური და სამხედრო პროგრამის მხოლოდ მცირე ელემენტია და მსგავსი ლაბორატორიები პენტაგონს რუსეთის სხვა მეზობელ ქვეყნებშიც აქვს.

პენტაგონში მიიჩნევენ, რომ მოსკოვი სინამდვილეში ცდილობს მისივე ბოლოდროინდელი ქმედებებისგან ყურადღების გადატანას.

“პენტაგონი არ ქმნის ბიოლოგიურ იარაღს ლუგარის ცენტრში. ეს რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიაა, რომელსაც დასავლეთის წინააღმდეგ აწარმოებს და არაერთ ფრონტზე რუსეთის ცუდი ქმედებებისგან ყურადღების გადატანას ცდილობს”, – განაცხადა პენტაგონის სპიკერმა ერიკ პაჰონმა.

აღნიშნულის პარალელურად, გუშინ რამდენიმე ქვეყანამ ერთდროულად დაადანაშაულა რუსეთი გლობალურ კიბერშეტევებში. აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამიზნე გახდა სწორედ ქიმიური ლაბორატორიები, მათ შორის, შვეიცარიის ლაბორატორია, სადაც სკრიპალების მომწამლავი ნივთიერების კვლევა მიმდინარეობდა.

რას ნიშნავს რუსეთის დეზინფორმაციული შეტევა?

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტი დავით სიხარულიძე ვარაუდობს, რომ რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიის მიზანს სწორედ ისრების გადატანა წარმოადგენს.

“იმ ქმედებებს, რასაც რუსეთი ახორციელებს სხვა სახელმწიფოების ტერიტორიაზე, ადამიანების მოწამვლა და ა.შ. სხვა არაფერი შეიძლება ვუწოდოთ, თუ არა ტერორიზმი. ალბათ, ამის გადაფარვას ცდილობს რუსეთი. ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით ბოდვაზე აწყობილი პროპაგანდაც ამის ნაწილია და, ერთის მხრივ, მიმართულია, რუსეთის საკუთარი დანაშაულების გადაფარვისკენ, მეორე მხრივ, საერთაშორისო საზოგადოების თუნდაც მცირე ნაწილში ეჭვის გაღვივებას ისახავს მიზნად”, – უთხრა “ნეტგაზეთს” სიხარულიძემ.

ექსპერტების ნაწილის აზრით, მოსკოვის მიერ დასავლეთის დადანაშაულება ბიოდივერსიაში, კონკრეტულად კი ლუგარის ლაბორატორიის დისკრედიტაცია, შესაძლოა, საქართველოში მოახლოებულ არჩევენებსაც უკავშირდებოდეს.

“აქ არის ტაქტიკური და პოლიტიკური დონე. ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით რუსებს ყოველთვის ჰქონდათ შენიშვნები და პერიოდულად ააქტიურებდნენ ამ თემას, მაგრამ თუ შევხედვათ ქრონოლოგიას, ამას აკეთებენ ხოლმე არჩევნების წინ, რომ დაგვემუქრონ. ამ ეტაპზე ეს თავიდან ბოლომდე ჯდება მმართველი ძალის პორტფელში, რომ თუ ისინი არ იქნებიან, რუსეთი თავს დაგვესხმება [ლუგარის ლაბორატორიის საბაბით]. ასე რომ, ეს შეიძლება ემსახურებოდეს მათთვის შედარებით უფრო მისაღები პოლიტიკური ძალის წახალისებას”, – ამბობს საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე.

რონდელის ფონდის მკვლევარი დავით ბატაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ფსიქოლოგიური ზეწოლა შესაძლოა უკავშირდებოდეს არჩევნებს, თუმცა, მისი მოსაზრებით, ლუგარის ლაბორატორიის საბაბით რუსეთის მხრიდან რაიმე ფიზიკური საფრთხე მოსალოდნელი არ არის.

“რთული სათქმელია, რატომ, თუმცა ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით რუსული პროპაგანდა ახალ დონეზე არის. თუმცა მე არა მგონია, რომ ახლა ჩვენ უნდა ველოდოთ ახალ სამხედრო ნაბიჯებს საქართველოს წინააღმდეგ, ამ თემიდან გამოდმინარე. ცხადია, ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა საქართველოზე და შეიძლება უკავშირდებოდეს არჩევნებს იმ მიზნით, რომ რუსეთის შიშით ანტირუსული რიტორიკა უფრო სუსტი იყოს”, – განუცხადა ბატაშვილმა “ნეტგაზეთს”.

რას წარმოადგენს ლუგარის ლაბორატორია?

NCDC-ის საიტზე გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციით, რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მშენებლობა დაიწყო 2004 წელს, აშშ-საქართველოს მთავრობებს შორის 1997 წელს ხელმოწერილი ჩარჩო-ხელშეკრულების და 2002 წელს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული შეთანხმების “ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენების და გამოცდილების გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ” საფუძველზე.

შეთანხმების ფარგლებში, ბოლო 13 წლის განმავლობაში, ადამიანისა და ცხოველთა ჯანმრთელობისა და ბიოუსაფრთხოების სფეროში ხორცილდება უპრეცედენტო ფინანსური და ტექნიკური დახმარების პროგრამა, რომლის საერთო მოცულობა დღემდე შეადგენს დაახლოებით 350 მილიონ აშშ დოლარამდე ინვესტიციას. ამ პროგრამის (Cooperative Biological Engagement Program-CBEP, რომელსაც ძირითადად ახორციელებს DTRA – Defense Threat Reduction Agency) ფარგლებში, ადამიანისა და ცხოველთა საშიშ დაავადებათა გამომწვევი პათოგენების დიაგნოსტირებისთვის ქვეყანაში მოეწყო თანამედროვე დონეზე აღჭურვილი ბიოუსაფრთხოების ლაბორატორიული ქსელი.

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის უახლესი შენობა სრულ ექსპლუატაციაში 2013 წლის აგვისტოში შევიდა. ლუგარის ცენტრი, მთელი აღჭურვილობით, სრულად გადმოცემულია საქართველოს მთავრობის საკუთრებაში, ხოლო 2018 წლიდან ლუგარის ცენტრისა და ლაბორატორიული ქსელის სრულ დაფინანსებას საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს.

ლუგარის ცენტრი აერთიანებს თანამედროვე დონეზე აღჭურვილ ბიოუსაფრთხოების მე-2 და მე-3 დონის ლაბორატორიებს, რომელთა მიზანია ადამიანისა და ცხოველთა საშიშ დაავადებათა გამომწვევი პათოგენების დროული აღმოჩენა და იდენტიფიკაცია “ერთიანი ჯანმრთელობის” პრინციპით. ბიოუსაფრთხოების მე-3 დონის (BSL-3) ზონაში განთავსებულია ბაქტერიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ლაბორატორიები და ასევე პათოგენების ეროვნული საცავი, სადაც დაცულია ადამიანისა და ცხოველის დაავადებების გამომწვევი განსაკუთრებით საშიში პათოგენები (გსპ). ლუგარის ცენტრი ერთადერთი BSL-3 ლაბორატორიაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. ლუგარის ცენტრი აღჭურვილია “შემდგომი თაობის სეკვენსის” აღჭურვილობით, რაც გენომის კვლევის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა ჩვენს რეგიონში.

ბიოუსაფრთხოების მე-2 დონის (BSL-2) ზონა მოიცავს შემდეგ ლაბორატორიებს: ზოგადი ბაქტერიოლოგიის, ვირუსოლოგიის, სეროლოგიის, მოლეკულური ეპიდემიოლოგიის/გენომის, უჯრედული კულტურების, პარაზიტოლოგიის და ენტემოლოგიის ლაბორატორიებს.

ცენტრში ფუნქციონირებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ აკრედიტირებული 3 ვირუსოლოგიური ლაბორატორია (პოლიომიელიტის, გრიპის, წითელა–წითურას), გარდა ამისა ფუნქციონირებს გარე, საერთაშორისო ხარისხის კონტროლით ლაბორატორიები: როტა ვირუსების, ინვაზიური მენინგიტების, მალარიის, ანტიბიოტიკორეზისტენტობის, დიფთერიის და სალმონელოზების დიაგნოსტიკაში, რაც საშუალებას იძლევა ცენტრმა წარადგინოს განაცხადი ჯანმოს მოთანამშრომლე ცენტრის სტატუსის მოსაპოვებლად.

ლუგარის ცენტრის ლაბორატორიული შესაძლებლობებით ასევე სარგებლობენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია (LMA), ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტი – BSL-3 სივრცეში და აშშ უოლტერ რიდის სახელობის სახმელეთო ძალების კვლევითი ცენტრი (WRAIR) – BSL-2 სივრცეში.

ცენტრის შესაძლებლობებს ფართოდ იყენებენ მაგისტრანტების და დოქტორანტების მოსამზადებლად და სამეცნიერო კვლევებისათვის უნივერსიტეტები, მათ შორის, მეზობელი ქვეყნებიდან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი