ევროს კუპიურები. წყარო: novinite.com

ბანკირი, რომელმაც მდიდრებს ფული მოპარა და ღარიბებს გადაურიცხა, ციხეს გადაურჩა

იტალიური ბანკის მენეჯერი, რომელიც ღარიბების დასახმარებლად მდიდრებს ფულს ჰპარავდა, ციხეს ბეწვზე გადაურჩა. გილბერტო ბეშირა იტალიის პატარა, მთიან ქალაქში ბანკის მენეჯერად მუშაობდა, სადაც 7 წლის მანძიზე დაახლოებით 1 მილიონი ევრო მოიპარა.

ის მდიდარი კლიენტებისგან მცირე ოდენობის თანხას მათ ურიცხავდა, ვისაც კრედიტების დაფარვის საშუალება არ ჰქონდა.  მოპარული თანხიდან ბეშირას თავისთვის ერთი ცენტიც არ აუღია და საპროცესო გარიგების მეშვეობით საპატიმრო სასჯელი აიცილა თავიდან.

“ყოველთვის მწამდა, რომ მომხმარებლების დასაცავად ჩვენი მიზანი მათი დახმარება იყო, ვისაც ეს სჭირდება”, – თქვა ბეშირამ იტალიურ გაზეთთან ინტერვიუში.

მას ორწლიანი პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა, რადგან დარღვევა პირველია და სასჯელი მცირე, იტალიური კანონების მიხედვით, მას საპატიმროში არ გაუშვებენ.

თუმცა, როგორც BBC წერს, თანამედროვეობის “რობინ ჰუდისთვის” ისტორია კარგად არ დამთავრებულა. ბეშირას ადვოკატის თქმით, ბანკირმა სახლი და სამსახური დაკარგა.

ისტორია 2009 წელს, გლობალური ფინანსური კრიზისის დროს დაიწყო, როცა მოქალაქეები ბანკში სესხის მისაღებად მივიდნენ, თუმცა საჭირო კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდნენ. ბეშირა მათ ანგარიშზე თანხას უმატებდა, კრედიტის მისაღებად მოთხოვნები რომ დაეკმაყოფილებინათ.

მადლიერი კლიენტები ბანკირს დაჰპირდნენ, რომ თანხას მალე დააბრუნებდნენ, თუმცა ზოგიერთმა მათგანმა პირობა არ შეასრულა და ბეშირა ამხილეს.

“მას სჯეროდა, რომ ადამიანები, რომლებსაც ეხმარებოდა, თანხის დაბრუნებას შეძლებდნენ, მათმა ნაწილმა კი ეს არ გააკეთა და მისმა თანამშრომლებმა ანგარიშებში გარღვევა აღმოაჩინეს”, – ამბობს ადვოკატი.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.