ახალი ამბები

მიმდინარე წელს ნარკოდანაშაულისთვის 7 პოლიციელია დაკავებული – შსს

5 ოქტომბერი, 2018 • 8216
მიმდინარე წელს ნარკოდანაშაულისთვის 7 პოლიციელია დაკავებული – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-შემოტანის ფაქტებზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა პოლიციის 7 თანამშრომელი.

ბოლო 10 თვის განმავლობაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ პირთა შესახებ შსს-ში 5 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ.

შსს-ს ინფორმაციით, 2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით, მხოლოდ ფონიჭალის დასახლებაში სხვადასხვა სახის ნარკოდანაშაულისთვის 192 პირი დააკავეს, მათ შორის, 13 ქალი და 179 კაცი.

დღევანდელ ბრიფინგზე მამუკა ჭელიძემ რამდენიმე ახალი სპეცოპერაციის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ფონიჭალასა და სხვა ადგილებში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში 10-მდე პირი დააკავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით.

მამუკა ჭელიძის თქმით, ერთ-ერთი დაკავებულის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს: 6800 აბი “ექსტაზი”, 1 კილოგრამი “ჰაშიში”, “კოკაინი” და “LSD” ფირფიტები.

მასალების გადაბეჭდვის წესი