ახალი ამბები

რას გულისხმობს “ევროპული საქართველოს” ნებაყოფლობითი დაგროვებითი საპენსიო მოდელი

5 ოქტომბერი, 2018 • 2012
რას გულისხმობს “ევროპული საქართველოს” ნებაყოფლობითი დაგროვებითი საპენსიო მოდელი

ევროპულმა საქართველმა დაგროვებითი პენსიის საკუთარი მოდელი წარადგინა. “ქართული ოცნების” მიერ მიღებული დაგროვებითი პენსიის მოდელისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში საპენსიო სისტემაში ჩართვა ნებაყოფლობითია.

ევროპული საქართველოს ინიცირებული სქემის მიხედვით, საპენსიო შენატანს დასაქმებული დარიცხული ხელფასიდან აკეთებს. ხელისუფლების მიერ მიღებული მოდელისგან განსხვავებით, დამსაქმებლებს საგადასახადო ტვირთი არ ეზრდება, რადგან საპენსიო შენატანის მეორე კომპონენტი საშემოსავლო გადასახადიდან იფარება.

მიღებული კანონისგან განსხვავებით, აქ დასაქმებული თავად ირჩევს, დებეგრილი ხელფასის რამდენი პროცენტი შეიტანოს საპენსიო ანგარიშზე. თუმცა ამ ამ შემთხვევაში წესდება ზედა ზღვარი, რომელიც ხელფასის ოდენობის მიხედვით იცვლება.

მაგალითად, თუ პირის წლიური ხელფასი 6 ათასი ლარამდეა, მის მიერ საპენსიო ანგარიშზე შეტანილმა თანხამ, ხელზე ასაღები ხელფასის 6%-ს არ უნდა გადააჭარბოს.

  • 6-12 ათას ლარამდე – 8%
  • 12-18 ათას ლარამდე – 10%
  • 18-24 ათას ლარამდე – 12%
  • 24-30 ათას ლარამდე – 14%
  • 30-36 ათას ლარამდე – 16%

თუ ადამიანს დასაბეგრი ხელფასი 500 ლარი აქვს, მაშინ ევროპული საქართველოს მიერ შეთავაზებული მოდელით, მოჭრილი ხელფასიდან მას საპენსიო ფონდში 6% (24 ლარი) შეაქვს, ხოლო ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადის სახით გადახდილი თანხა მთლიანად მის საპენსიო ანგარიშზე მიდის. 500 ლარის შემთხვევაში საშემოსავლო გადასახადი 100 ლარია, ანუ მისი თვიური საპენსიო შენატანი 124 ლარი იქნება.

პარტიაში აცხადებენ, რომ მათი საპენსიო მოდელით 40 წლის ქალი, რომლის დარიცხული ხელფასიც 500 ლარია, პენსიაზე გასვილისას 576 ლარს მიიღებს. ამასთან, დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართული პირები საბაზისო პენსიითაც ისარგებლებენ.

1500 ლარის შემთხვევაში საშემოსავლო გადასახადი 300 ლარია, ევროპული საქართველოს საპენსიო მოდელის მიხედვით, ხელზე ასაღები 1200 ლარიდან ადამიანმა 10% (120) უნდა შეიტანოს საპენსიო ანგარიშზე, ამ შემთხვევაში საშემოსავლო გადასახადიდან მის საპენსიო ანგარიშზე 14% (210 ლარი) ლარი დაირიცხება. 1500 ლარის შემთხვევაში ადამიანი ყოველთვიურად პენსიისთვის 330 ლარის დაზოგვას შეძლებს. 1500 ლარის შემთხვევაში ყოველთვიური პენსიის რაოდენობა 1534 ლარი იქნება.

როგორც ამ მაგალითიდან ჩანს, შემოსავლების მიხედვით საშემოსავლო გადასახადიდან საპენსიო ანგარიშზე გადარიცხული თანხაც განსხვავდება. ვისი წლიური შემოსავალიც 6 ათას ლარამდეა, მათი საშემოსავლო გადასახადი მთლიანად საპენსიო ანგარიშზე მიდის. 6-12 ათას ლარამდე წლიური ხელფასის შემთხვევაში, დასაქმებულის საშემოსავლო გადასახადიდან მის მიერ ხელფასიდან გადახდილი თანხის ორმაგი ოდენობა ირიცხება საპენსიო ანგარიშზე.

12-18 ათას ლარამდე შემოსავლის პირობებში, საშემოსავლო გადასახადიდან 1.4 % გადაირიცხება დასაქმებულის საპენსიო ანგარიშზე. 18-24 ათასამდე შემოსავლის დროს კი მის მიერ არჩეული პროცენტის ერთმაგი ოდენობა დაირიცხება საპენსიო შენატანზე. 24-30 ათას ლარმდე შემოსავლის პირობებში საშემოსავლო გადასახადის 0.57% წავა საპენსიო ანგარიშზე. 30-36 ათას ლარამდე შემოსვლის შემთხვევაში კი საშემოსავლო გადასახადის 0. 25% გადაირიცხება დასაქმებული საპენსიო ანგარიშზე.

ზურაბ ჭიაბერაშვილი განმარტავს, რომ თუ პირველ წელს საპენსიო სისტემაში მოსახლეობის 25% ჩაერთვება, ბიუჯეტი შემოსავლების ნაწილში 380 მლნ ლარს დაკარგავს.

“380 მლნ ლარი არ არის ის თანხა, რომელიც არ შეიძლება ბიუჯეტში მოიძებნოს. იმის გათვალისწინებით, რომ ბიუჯეტი მცირედით, მაგრამ ყოველწლიურად მაინც იზრდება, შეგვიძლია ეს დანამატი საშემოსავლო გადასახადის შემცირების კომპენსირებისთვის გამოვიყენოთ,” – ამბობს ჭიაბერაშვილი.

ნებაყოფლობით დაგროვებით სისტემაში ჩართვა ნებისმიერი ასაკის პირს შეუძლია. მეტიც, თუ 20 წლის შემდეგ ადამიანი, რომელიც საპენსიო ასაკს მიღწეული ჯერ არ იქნება, მას საპენსიო ანგარიშზე დაგროვილი თანხის გამოტანა შეეძლება. საპენსიო ასაკამდე გარდაცვალების შემთხვევაში, საპენსიო ანგარიშზე არსებული თანხა მემკვიდრეს გადაეცემა. ევროპულ საქართველოში აცხადებენ, რომ ამ სქემაში მონაწილეობის მიღება თვითდასაქმებულსაც შეუძლია.

კითხვაზე, თუ სქემაში ბევრი ადამიანი ჩაერთვება, რით შეივსება ის დანაკლისი, რაც საშემოსავლო გადასახადის შემცირებას მოჰყვება. ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ პირველ წელს მოსახლეობის მხრიდან აქტივობას არ ელიან და ამის ძირითად მიზეზად სქემაზე ინფორმაციის ნაკლებობას ასახელებს.

გარდა ამისა, პარლამენტის წევრი იშველიებს ახალი ზელანდიის მაგალითს, სადაც პენსიის დაგროვების ნებაყოფლობითი მოდელი მოქმედებს და მისი თქმით, თავდაპირველად მასში ცოტა ხალხი ჩაერთო. ზურაბ ჭიაბერაშვილი განმარტავს, რომ დაბალი ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, საშემოსავლო გადასახადის კუთხით, ბიუჯეტში ზრდა ფიქსირდება. ამასთან, სქემაში ჩართულ პირთა აზრის შესაბამისად, ჭიაბერაშვილი ვარაუდობს, რომ ბიუჯეტში დღგ-ს შემოსულობები გაიზრდება.

“თუ ადამიანი 10 წელიწადში მოინდომებს თანხის გატანას, მაშინ ის მიიღებს მხოლოდ ხელზე ასაღები ხელფასიდან დაგროვილ თანხას. საშემოსავლო გადასახადით დაგროვილი ფული კი ისევ ბიუჯეტში დაბრუნდება. 20 წლის შემდეგ თუ ადამიანი საპენსიო ასაკამდე მოინდომებს ფულის აღებას, მაშინ მის მიერ დაგროვილ თანხას მთლიანად მიიღებს”,- აცხადებს ჭიაბერაშვილი.

დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონით, რომელიც პარლამენტმა ივლისში მიიღო, შეიქმნა საპენსიო სააგენტო, რომელიც საპენსიო შენატანებზე არსებულ თანხას განკარგავს, რაც გულისხმობს ინვესტიციებს განხორციელებას. საპენსიო სააგენტოს თანამშრომელთა ხელფასი საპენსიო შენატანებიდან იფარება.

აგვისტოში ფინანსთა სამინისტრომ  საპენსიო სააგენტოს დირექტორის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა, შერჩეული კანდიდატს ხელფასი 10 ათასი ლარიდან 15 ათას ლარამდე უნდა ჰქონოდა. სექტემბერში ამ პოსტზე ლევან სურგულაძე დაინიშნა.

ევროპული საქართველო საპენსიო შენატანების განკარგვისთვის ახალ ბიუროკრატიულ სტრუქტურას არ ქმნის და ამ თანხის განკარგვის შესაძლებლობას კერძო ბიზნესს აძლევს.

ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ შეიქმნება კერძო საპენსიო ფონდები და დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეები თავად აირჩევენ, ვის ანდონ საკუთარი საპენსიო აქტივების მართვა.

“ასეთი სქემა იქნება, თქვენ მიდიხართ რომელიმე საპენსიო ფონდში, როგორც კერძო დაზღვევის შემთხვევაში ხდება. არჩევთ თქვენთვის სანდო ფონდს და ხსნით საპენსიო ანგარიშს. დამსაქმებელი ხაზინაში შეტყობინებას აგზავნის და ეუბნება, რომ მის მიერ დასაქმებულმა პირმა ამ კონკრეტულ ფონდში გახსნა ანგარიში. ის ასევე ატყობინებს საჯარო უწყებას, საშემოსავლო გადასახადიდან რა ოდენობის თანხას რიცხავს ბიუჯეტში და რამდენს დასაქმებულის საპენსიო ანგარიშზე”, -ამბობს ჭიაბერაშვილი.

მისი თქმით, ნებაყოფლობითი დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში 8 სექტემბერს შევა.


პარლამენტის მიერ ივლისში მიღებული კანონით დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართვა 40 წლამდე დასაქმებული ადამიანებისთვის  სავალდებულო იქნება. დასაქმებული გადაიხდის ანაზღაურების 2%-ს. დამსაქმებელი ვალდებული იქნება, დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადარიცხოს დასაქმებულის ხელფასის 2%. 2%-ს გადაიხდის სახელმწიფოც.

მასალების გადაბეჭდვის წესი