საქართველოში ძლიერი ქარი 8 ოქტომბრამდე იქროლებს – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დღეს, 5 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში და აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ხოლო კავკასიონის ქედის მაღალ მთებში – თოვა.

როგორც დოდო გვაზავამ ნეტგაზეთს განუცხადა, დღეს ცალკეულ რაიონებში, მათ შორის თბილისშიც, იქროლებს ძლიერი ქარი, რომელიც შესაძლოა დროგამოშვებით კიდევ უფრო გაძლიერდეს საღამოს 19:00 საათამდე.

მისი ინფორმაციით, დედაქალაქში მოსალოდნელია უნალექო ამინდი, ხოლო დროგამოშვებით შესაძლოა დასავლეთის მიმართულებით ქარი კიდევ უფრო გაძლიერდეს:

საღამოს საათებისკენ, განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოში, ქარი თანდათანობით ჩადგება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მათ შორის თბილისშიც, ღამის 23:00 – 24:00 საათამდე კვლავ ძლიერი ქარი იქროლებს, რომელიც ღამის განმავლობაში მკვეთრად შესუსტდება.

6, 7 და 8 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი

დოდო გვაზავას ინფორმაციით, 6 ოქტომბრიდან დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, ხოლო 7-8 ოქტომბერს დროგამოშვებით აღმოსავლეთის მიმართულებით იქროლებს ძლიერი ქარი, განსაკუთრებით – ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე.

გვაზავას ცნობით, 6-7 ოქტომბერს აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთსა და თბილისში, უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, ხოლო ზოგან – ნისლი და მცირედი ნალექი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის თქმით, 6-7 ოქტომბერს ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო 8 ოქტომბრიდან ამინდი გაუმჯობესდება და ტემპერატურა კვლავ მოიმატებს.

ძლიერი ქარის შედეგები 5 ოქტომბერს

გლდანში ძლიერმა ქარმა ხე წააქცია, რის შედეგადაც სხეულის დაზიანებები მიიღო ქუჩაში მიმავალმა ერთმა მოქალაქემ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. საგანგებოს ცნობით, ძლიერმა ქარმა თემქაზე ერთ სახლს სახურავი ახადა, ხოლ რამდენიმე რაიონში მოგლეჯილმა ხეებმა ავტომობილები დააზიანა.

გლდანში ქარისგან მოგლეჯილი ხე ადამიანს დაეცა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.