ახალი ამბები

ქართველი ლგბტ პირების უმრავლესობას ქვეყნისა და ოჯახების დატოვება უწევს – გაეროს ექსპერტი

5 ოქტომბერი, 2018 • 3235
ქართველი ლგბტ პირების უმრავლესობას ქვეყნისა და ოჯახების დატოვება უწევს – გაეროს ექსპერტი

“ლგბტ თემის წარმომადგენლები ჩვენი საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან. ისინი არიან ჩვენს ოჯახებში, ჩვენს სამეზობლოებში , ჩვენს სკოლებში და ჩვენ გვერდით აღწევენ წარმატებას. თუმცა, ეს ის ხალხია, ვისაც მხოლოდ თავიანთი იდენტობის გამო სცემენ და შეურაცხყოფას აყენებენ. ჩვენი მოვალეობაა, ეს შევცვალოთ”, – ასე მიმართა გაეროს ექსპერტმა ვიქტორ მადრიგალ-ბორლოზმა ჟურნალისტებს საქართველოში ლგბტ თემის გამოწვევებზე საუბრისას. მან პრესკონფერენცია მედიისთვის დღეს, 5 ოქტომბერს, თბილისში გამართა.

გაეროს ექსპერტს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე ძალადობისა და დისკრიმინაციისგან დაცვის საკითხებში საქართველოში 11-დღიანი მისია ჰქონდა, რის შედეგადაც  საქართველოში ლგბტ თემის ყოველდღიურ გამოწვევებზე სპეციალური ანგარიში დაწერა.

ვიზიტის ფარგლებში მადრიგალ-ბორლოზი შეხვდა როგორც მთავრობის, სასამართლოსა და ლგბტ თემის წარმომადგენლებს, ასევე, სასულიერო პირებსა და რელიგიურ ლიდერებს. როგორც თავად განმარტა, დაინახა, რომ საქართველოში მცხოვრებ ლგბტ პირებსა და აქტივისტებს განსაკუთრებული გამძლეობა და მხნეობა ახასიათებთ.

“დღესდღეობით საქართველოში ლგბტ თემის წევრობა წარმოადგენს ისეთ მოვლენას, რასაც საზოგადოების დიდი ნაწილი როგორც ცოდვას, პათოლოგიას  ან ავადმყოფობას აღიქვამს. ამ განწყობების გაღვივებას ხელს უწყობენ ეკლესია, პოლიტიკური აქტორები, სამთავრობო და სამართლებრივი უწყებები.

მოსახლეობის 84%-ს სჯერა, რომ თემის წარმომადგენლებს არ სჭირდებათ სახელმწიფოს მხრიდან დაცვის სპეციალური მექანიზმები. ხოლო როგორც სამედიცინო პერსონალის 39%-ს ჰგონია, ჰომოსექსუალობა ავადმყოფობაა”, – დასძენს გაეროს ექსპერტი.

ამ ფონის გათვალისწინებით, როგორც მადრიგალ-ბორლოზმა განაცხადა, არასაკმარისია სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმა გენდერის, ძალადობისა და დისკრიმინაციის საკითხებთან დაკავშირებით. ვინაიდან “ადამიანის უფლებები ის სფეროა, რომლის გასაუმჯობესებლად მოცდა არ შეიძლება. ადამიანის უფლებები არსებობს ახლა, ამ დროს”.

რა რეკომენდაციები აქვს გაეროს

გაეროს რეკომენდაციები საქართველოში ლგბტ თემის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებითვის სამ ძირითად ნაწილად იყოფა. როგორც გაეროს ექსპერტი განმარტავს, პირველი ნაწილი, ეს არის მთავრობის მიერ უკვე დამტკიცებული სამართლებრივი ნორმები, რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებს.  რეკომენდაციათა მეორე ნაწილი შეეხება იმ ინიციატივებს, რომლებზეც მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა, ჯერ დამტკიცებული არ არის.

მესამე და არანაკლებ მნიშვნელოვანი კი ახალ ზომებს ეხება. ვიქტორ მადრიგალ-ბორლოზის თქმით, სამთავრობო უწყებებთან შეხვედრისას მან ხაზი გაუსვა ისეთი მექანიზმის შექმნის აუცილებლობას, რომელიც 2013 წლის 17 მაისის მოვლენებს სრულფასოვნად გამოიკლევდა და “სიმართლეს დაადგენდა”. ამასთანავე, მისი რეკომენდაციაა, სახელმწიფომ უკეთესი ზომები მიიღოს, რათა სამედიცინო სისტემები ლგბტ პირებისთვის უფრო მორგებული გახადოს.

ექსპერტმა ჟურნალისტებთან ცალკე გაუსვა ხაზი 17 მაისს და მას “მნიშვნელოვანი ათვლის წერტილი” უწოდა,  ხოლო ამ დღის “ოჯახის სიწმინდის დღედ” გამოცხადება, მისი აზრით, “გარკვეულწილად პრობლემურია, ვინაიდან მშვიდობიანი თანაარსებობის წაქეზების ნაცვლად, ეს ხელს უწყობს საზოგადოებას შორის კონფლიქტების ესკალაციას”.

“საქართველოში მცხოვრებ თითოეულ გეი, ბისექსუალ ან ტრანსგენდერ პირს შემუშავებული აქვს გადარჩენის ერთგვარი სტრატეგია. მათგან თითზე ჩამოსათვლელებს იცავს საკუთარი სტატუსი ან სიმდიდრე, ხოლო დანარჩენებს ქვეყნისა და ოჯახების დატოვება უწევთ თავშესაფრის საპოვნელად”, – ამბობს გაეროს ექსპერტი თავის განცხადებაში.

როგორც ის განმარტავს, ყველა საუბარში, რომელიც 11 დღის განმავლობაში ლგბტ თემის წევრებისგან მოისმინა, იკვეთებოდა ცემის, ჩაგვრისა და ბულინგის ფაქტები, როგორც ოჯახის წევრების მიერ, ასევე განათლების ან ჯანდაცვის სისტემების მხრიდან. მისივე თქმით, 2018 წლის კვლევის მიხედვით, ლგბტ პირების 84%-მა მიუთითა, რომ გამოცდილი ჰქონდათ ოჯახის წევრების მხრიდან ძალადობის რომელიმე ფორმა.

“ამგვარმა ფაქტებმა დამარწმუნა, რომ სახელმწიფოს მიერ ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები განმტკიცებას საჭიროებს, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება იმგვარ მოტივებს, როგორიცაა სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა”, – ხაზს უსვამს ვიქტორ მადრიგალ-ბორლოზი.

გაეროს ექსპერტი ასევეე დასძენს, რომ კონცეპტუალური ჩარჩო ან სისტემები, რომლებიც იძლევა მონაცემთა დახარისხების საშუალებას, საქართველოში ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული. ამის მაგალითად  უზენაესი სასამართლო მოიყვანა. სასამართლომ გაეროსმიაწოდა ინფორმაცია ოჯახური ძალადობის 1 578 შემთხვევის შესახებ, თუმცა უწყებას არ აღმოაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ამ შემთხვევებიდან რამდენი იქნა ჩადენილი სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის საფუძველზე.

“შესაბამისად, ჩემი რეკომენდაციაა, რომ სახელმწიფომ გააორმაგოს მცდელობები, რათა უზრუნველყოს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიადაგზე ჩადენილი ოჯახური ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირება და საქმეების განხილვა. აგრეთვე, შესაბამისი სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება”, – აღნიშნავს გაეროს ელჩი.

თავის განცხადებაში ვიქტორ მადრიგალ-ბორლოზი ხაზს უსვამს სიძულვილის ენასაც. როგორც მან პრესკონფერენციისას ჟურნალისტებს განუმარტა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში გამოხატვის თავისუფლების ძალიან მაღალი სტანდარტი არსებობს, სახელმწიფოს არ შესწევს ძალა იმისთვის, რომ განასხვაოს, სად გადის გამოხატვის თავისუფლების ზღვარი და სად დგება ადამიანის უფლებების დარღვევის საფრთხე.

“ჩემი რეკომენდაციაა, დაინერგოს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით სიძულვილის ენის მიმართ, რასაც თან უნდა სდევდეს გამოძიების ეფექტიანი ღონისძიებები და სასჯელი”, – ამბობს ის.

პრესკონფერენციაზე ვიქტორ მადრიგალ-ბორლოზი საქართველოში მიმდინარე მოვლენებსაც გამოეხმაურა, კერძოდ კი, “თანასწორობის მოძრაობის” წევრებზე თავდასხმას.

როგორც ექსპერტი ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, მისთვის ეს საკითხი მნიშვნელოვანია, ვინაიდან საქართველოში არასამთავრობო ორგნიზაციები განსაკუთრებულად კარგად მუშაოებნ. თუმცა იმის გამო, რომ მათ არ აქვთ რესურსები დაფარონ ქვეყანაში არსებული მოთხოვნები, ექპერტის თვალსაზრისით, ისინი არათუ არ უნდა იდევნებოდნენ, არამედ უფრო მეტი მხარდაჭერა უნდა ჰქონდეთ, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან.

“ჩემთვის მნიშვნელოვანია, გამოძიება გაგრძელდეს ობიექტურად და სიღრმისეულად. მე იმედი მაქვს, გამოძიება სწორი მიმართულებით იმუშავებს. მე დავაკვირდები ამ პროცესს”, – ამბობს ის.

გარდა ამისა, ის გამოეხმაურა გურამ კაშიას მიერ ლგბტ სამკლაურით გამოჩენასა და თანმდევ საზოგადოებრივ რეაქციას. ექსპერტის თქმით, ის სრულად უჭერს მხარს კაშიას საქმიანობას და აქვე დასძენს, რომ ცნობილი პირების მიერ თემისთვის მხარდაჭერის გამოცხადება ადამიანის უფლებების გაუმჯობესების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია.

“ყოველთვის არსებობს ალტერნატივა და გამოსავალი, ამისთვის კი საჭიროა დიალოგი, რომელმაც ყველა ჩართული მხარე უნდა მოიცვას”, – თქვა ვიქტორ მადრიგალ-ბორლოზმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი