სამხარაულის ბიურო აცხადებს, რომ “ომეგა ჯგუფთან” დაკავშირებული ჩანაწერები დამონტაჟებულია

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აცხადებს, რომ “ომეგა ჯგუფთან” დაკავშირებით 9-11-14-21 სექტემბერს სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებული აუდიოჩანაწერების ვიდეო და ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, აღნიშნული აუდიოჩანაწერები (მათ შორის, ოქუაშვილი-ყიფიანის საუბარი) არ არის ავთენტიკური, დამზადებულია მონტაჟის გზით, ამავდროულად, ყველა ვიდეოჩანაწერი დამზადებულია წყვეტებით და მათზე მრავლობით აღინიშნება ციფრული და მექანიკური მონტაჟის კვალი.

სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიუროს დასკვნის თანახმად, ყველა სადავო ფონოგრამებზე აღინიშნება ფონური ხმაურის სიტუაციურად შეუსაბამო ცვლილებები.

დასკვნაში წერია, რომ ლინგვისტური კვლევისას კომუნიკანტთა მეტყველებაში მრავლობით აღინიშნება კითხვა-პასუხის შინაარსობრივი შეუსიტყვაობა, არათანმიმდევრულობა, არაბუნებრივი, შეუსაბამო ინტონაციური სურათი, მრავლად ფიქსირდება სიტყვების და ფრაზების წყვეტა.

როგორც დასკვნაშია აღნიშნული, ყველა სადავო ფონოგრამა იწყება და მთავრდება წყვეტებით, ასევე თითოეული ფონოგრამის შიგნით დაფიქსირებულია დიდი რაოდენობით წყვეტები.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში გავრცელდა არაერთი ჩანაწერი, სადაც საუბრის მონაწილეები, სავარაუდოდ, ასევე, არიან ლევან ყიფიანი და ზაზა ოქუაშვილი. აუდიოჩანაწერებში საუბარი ეხებოდა “ომეგა ჯგუფში” შემავალი კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების გავრცელების შესაძლებლობებსა და ზოგადად კომპანიის შემდგომ საქმიანობას. პროკურატურის განცხადებით, ყველა აუდიოჩანაწერი დაერთო სისხლის სამართლის საქმეს და მასში დასახელებული გარემოებების შესწავლაც მიმდინარეობს საქმის გამოძიების ფარგლებში.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიებამ სხვადასხვა მედიასაშუალებებიდან გამოითხოვა აუდიოჩანაწერები და სწორედ მათი ავთენტიკურობის, ასევე, მონაწილე პირთა იდენტიფიცირების მიზნით, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა სამხარაულის სახელობის ექპერტიზის ეროვნულ ბიუროში.

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გამოძიება 12 სექტემბერს დაიწყო 180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მედიასაშუალებებით, სავარაუდოდ, ლევან ყიფიანსა და ზაზა ოქუაშვილს შორის საუბრის აუდიოჩანაწერის გავრცელებასთან დაკავშირებით, რაც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს.

როგორც პროკურატურა აცხადებს, სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება.

სამხარაულის ბიუროს ექპერტიზის დასვკნა – სრულად

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.